Baby Bag

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ საუზმეზე შვრიის ფაფა - ექიმების რეკომენდაციები

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ საუზმეზე შვრიის ფაფა - ექიმების რეკომენდაციები

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმების“ წამყვანებმა შვრიის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრეს და განმარტეს, რატომ არის სასურველი საუზმეზე შვრიის ფაფის მიღება:

„შვრიის ფაფა ნუტრიციოლოგების ფავორიტი დილის პროდუქტია. ჩვენ გეტყვით 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა მიირთვათ შვრია. პირველი მიზეზი არის გარეგნობა და სილამაზე. ვის არ უნდა კარგი კანი ჰქონდეს და ლამაზად გამოიყურებოდეს?! ამ იდეალური საკვები პროდუქტის გამოყენება შეიძლება კანის ისეთი დაავადებების საპრევენციოდ, როგორებიცაა ეგზემა, დერმატიტი. შვრიაში შედის ანტიოქსიდანტები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც კანს ელასტიურობას მატებს. მეორე მიზეზი არის, რომ ის აძლიერებს კუნთოვან მასას. სხეულისა და კუნთების სიძლიერისთვის ჯანსაღი ნახშირწყლების გარკვეული დოზით მიღება აუცილებელია. დილით შვრიის ფაფის მირთმევა ამ ყველაფრით მოამარაგებს ჩვენს ორგანიზმს.

მას, ვინც დილას იწყებს შვრიის ფაფით, გულის შეტევების რისკი მნიშვნელოვნად აქვს შემცირებული. ეს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით არის გამოწვეული. მეოთხე მიზეზი არის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზემოქმედება. ერთი ულუფა შვრიის ფაფა ბოჭკოების დღიური ნორმის ერთ მეხუთედს შეადგენს. თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, დილით შვრიის ფაფა შეუცვლელია.

მეხუთე მიზეზი გახლავთ ის, რომ შვრიის ფაფა იწვევს წონაში კლებას. ის გვეხმარება ადვილად დანაყრებაში. ადვილად დანაყრება განპირობებულია იმით, რომ მოცულობა ნაკლებ კალორაჟს გვაძლევს, მას შეუძლია აფუება და შაქრის დონის დაბალანსება. შვრია იწვევს მეტაბოლიზმის გაძლიერებას და დეზინტოქსიკაციას.“

წყარო:​ „ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი? - ,,დრო გადამწყვეტია, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში''

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი? - ,,დრო გადამწყვეტია, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში''

სახე, მკლავი, მეტყველება - როგორ ამოვიცნოთ ინსულტი, რომ გადავარჩინოთ ადამიანი - თემაზე გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია'' ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე საუბრობს. 

მისი თქმით, თუ ადამიანს ეცვლება სახე, ვერ იმორჩილებს მკლავს, ვერ საუბრობს - დრო გადამწყვეტია, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში:

„ჩვენ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედოთ. იმისათვის, რომ სწრაფად ვიმოქმედოთ, ცხადია, დროულად უნდა ამოვიცნოთ ინსულტი და სწორედ, ამერიკაში შექმნილი აბრევიატურა FAST (face, arms, speech, time) გულისხმობს ინსულტის განვითარების ნიშნებს - ადამიანს ეცვლება სახე, მკლავს ვერ იმორჩილებს, ვერ საუბრობს და მეოთხე საწყისი ამ სიტყვისა(დრო) გახლავთ გადამწყვეტი. ოჯახის წევრმა, ქუჩაში გამვლელმა, კოლეგამ მაშინვე უნდა დარეკოს სასწრაფოში და პაციენტი დაუყოვნებლივ იყოს გადაყვანილი კლინიკაში, სადაც სიტუაციას მართავენ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. გაიდლაინებში, სასწრაფო დახმარების ექიმის დრო მნიშვნელოვნად შემჭიდროებულია, თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ადგილზე მკურნალობის დაწყებაც არ არის რეკომენდებული.  თითოეული წუთი დაკავშირებულია რამდენიმე მილიონ ტვინის უჯრედის ფუნქციონირების გადარჩენასთან,'' - აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ.

წყარო: ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

წაიკითხეთ სრულად