Baby Bag

მაკარონი ჩვენს კუჭს ცომად რომ არ დააწვეს, მისი მომზადებისას ეს წესი აუცილებლად უნდა დავიცვათ - ლევან ქარაზანიშვილის რეკომენდაცია

მაკარონი ჩვენს კუჭს ცომად რომ არ დააწვეს, მისი მომზადებისას ეს წესი აუცილებლად უნდა დავიცვათ - ლევან ქარაზანიშვილის რეკომენდაცია

კარდიოქირურგმა ლევან ქარაზანიშვილმა მაკარონის სწორად მომზადების წესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაკარონის მირთმევა ადამიანის წონაში მატებას არ იწვევს:

„მაკარონი წონაში არ მოგამატებინებთ. საქმე იმაშია, რომ პასტას აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი. ეს არის სისხლში გლუკოზის შეწოვის მაჩვენებელი და ეს ნიშნავს იმას, რომ ის საკმაოდ ნელა შეიწოვება ჩვენს ორგანიზმში. მისი მიღების შემთხვევაში მაძღრობის შეგრძნება ნელ-ნელა იმატებს და ძალიან დიდხანს გაგვყვება. მაკარონი არ უნდა იყოს გაჯერებული ისეთი სოუსებით, რომ ეს გლიკემიური ინდექსი ამ სოუსმა გადაფაროს. ბევრი ცხიმი არ უნდა დავასხათ მაკარონს.

ყველა მაკარონს აწერია ყუთზე რამდენი წუთის განმავლობაში უნდა მოიხარშოს. მე ამას ძალიან დიდი ყურადღებით ვუყურებ, როდესაც ვხარშავ. დანიშნული მაქვს დრო, იმიტომ, რომ ვიცი, რომ იმაზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არ იკარგება მისი ბუნებრივი თვისებები, რაც აქვს. გადახარშული მაკარონი არ არის სასარგებლო. ის ცომად აწვება ჩვენს კუჭს. მისი მონელებაც უფრო რთულია,“ - აღნიშნა ლევან ქარაზანიშვილმა.

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი რომ ცუდად იქცევა, ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ჩვენ ხშირად მის კარგ საქციელზე არანაირ რეაგირებას არ ვაკეთებთ,“ - მაია ხერხეულიძე

„ბავშვი რომ ცუდად იქცევა, ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ჩვენ ხშირად მის კარგ საქციელზე არანაირ რეაგირებას არ ვაკეთებთ,“ - მაია ხერხეულიძე

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებში ტირილის და ჭირვეულობის ხშირი გამოვლენის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთი წლის ასაკში ბავშვის ემოციური განვითარება წინ უსრებს მისი მეტყველების განვითარებას, რის გამოც ის ზოგჯერ აგრესიული ხდება:

​ერთი წლიდან სამ წლამდე ტირილის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ერთი წლის ასაკში ხშირად ამბობენ ხოლმე: „ყველაფერზე ტირის.“ ეს გასაგებია, იმიტომ, რომ მეტყველება ჯერ ისე არ არის ჩამოყალიბებული. ამ ასაკში ემოციის განვითარება წინ უსწრებს მეტყველების განვითარებას. ბავშვს ემოციები აქვს, მაგრამ ამას მეტყველებით ვერ გამოხატავს. ამას ვეძახით კიდეც ერთი წლის კრიზისს. შესაძლებელია, ამ პერიოდში ბავშვი რაღაცებს აგრესიით გამოხატავდეს.“

მაია ხერხეულიძემ აღნიშნა, რომ ორი წლის შემდეგ ბავშვებს პიროვნული „მე“ უჩნდებათ, რის გამოც ისინი ჯიუტები ხდებიან:

„შემდეგი პერიოდი არის ორწლინახევრიდან სამ წლამდე, ​როდესაც შემოდის პიროვნული „მე.“ თუ აქამდე ბავშვი თავის თავზე ლაპარაკობდა მესამე პირში, რაღაცებს ასე არ ითხოვდა, უცებ შემოვიდა პიროვნული „მე.“ ბავშვმა აღიქვა თავისი თავი, როგორც პიროვნება. ის ითხოვს, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთოს. ამ დროს იწყება პირველადი სიჯიუტის პერიოდი. ბავშვს უნდა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე, როგორც მას უნდა. ხშირ შემთხვევაში თავისი სურვილები რომ შეისრულოს, არამხოლოდ ტირილით, ისტერიული შეტევითაც გამოხატავს ამას. შეიძლება ის ძირს დაეცეს, ფეხები აბაკუნოს.“

მაია ხერხეულიძის თქმით, მშობელმა ოჯახში წესები უნდა დააწესოს, რომელიც ბავშვის გარდა ოჯახის ყველა სხვა წევრმაც უნდა შეასრულოს:

„მშობელმა, პირველ რიგში, უნდა დააწესოს წესები ოჯახში, თუ რა წესებს უნდა ექვემდებარებოდეს ოჯახის ყველა წევრი. ეს წესები აუცილებლად ყველამ უნდა შეასრულოს. ხშირად ასე ხდება ხოლმე, რომ მშობლები ბავშვს არ აძლევენ რაღაცის უფლებას, ბებია და ბაბუა კი პირიქით. ბავშვი იბნევა. ვერ ხვდება, რატომ არის, რომ რაღაც ვიღაცასთან შეიძლება, ვიღაცასთან არ შეიძლება. წესს უნდა დაექვემდებაროს აბსოლუტურად ყველა. ​ისტერიულ შეტევას სჭირდება იგნორირება. რაღაცნაირად სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. როდესაც ბავშვი გაჩერდება, აუცილებლად უნდა მოეხვიოთ, უნდა უთხრათ, რომ ძალიან გიყვართ. მშობელმა ბავშვს უნდა უთხრას, რომ ყველაფერს შეუსრულებს, მაგრამ ასეთ საქციელს არ დაუშვებს.“

„ბავშვი რომ ცუდად იქცევა, ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ჩვენ ხშირად მის კარგ საქციელზე საერთოდ არანაირ რეაგირებას არ ვაკეთებთ. ჩვენ მხოლოდ ცუდ საქციელზე ვაკეთებთ რეაგირებას. ზოგჯერ ბავშვი ცუდად იქცევა იმიტომ, რომ მშობლის ყურადღება მან სხვანაირად ვერ მიიპყრო. მხოლოდ მაშინ აქცევს მშობელი ყურადღებას, როდესაც ის ასე იქცევა. ​წავახალისოთ ბავშვის ყველა კარგი საქციელი, ჩავეხუტოთ, ტაში დავუკრათ. ის ცდილობს, რომ მშობლის ყურადღება მაქსიმალურად მიიპყროს, ამიტომ ის ეცდება, რომ კარგად მოიქცეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად