Baby Bag

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მაწონი არის ძალიან სასარგებლო და უნიკალური პროდუქტი, რაც ქართველებს გვაქვს, თუმცა...'' - ბავშვთა კვებაზე პედიატრი ანა მაღრაძე საუბრობს

,,მაწონი არის ძალიან სასარგებლო და უნიკალური პროდუქტი, რაც ქართველებს გვაქვს, თუმცა...'' - ბავშვთა კვებაზე პედიატრი ანა მაღრაძე საუბრობს

რატომ უნდა ამოიღოს მშობელმა კატეგორიულად შვილის კვების რაციონიდან შაქარი და რა უარყოფით შედეგებამდე შეიძლება, მიიყვანოს მოზარდი ტკბილეულისკენ მიდრეკილებამ - ამის შესახებ ,,რადიო ფორტუნასთან" საუბრისას პედიატრმა, ანა მაღრაძემ განმარტა.

,,ტერმინი ,,გასინჯვა" უკვე არასწორია, რადგან ბავშვთა კვება არის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი საფეხური ჩვენთვის, პედიატრებისთვის და ბავშვებისთვის. სწორედ  სწორ კვებას ეფუძნება ბავშვის ჯანმრთელობა, მისი სწორი ფიზიუკრი და გონებრივი განვითარება. შესაბამისად, ნებისმიერი საკვები ინგრედიენტი ბავშვის კვების რაციონში შეგვაქვს გარკვეული ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.

მაწონი არის ძალიან სასარგებლო და უნიკალური პროდუქტი, რაც ქართველებს გვაქვს. თუმცა, მისი ადრეული ასაკიდანვე დაწყება, რა თქმა უნდა, ბავშვისთვის არასასურველია. ეს არის ცოცხალი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ისეთ ბაქტერიებს, რომლებიც ჩვენს ნაწლავურ მიკროფლორაში იწვევენ დუღილის პროცესს. მისი გადადამუშავებელი ფრმენტები ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს, ფაქტობრივად, არ აქვთ. 

პირველი კვება, როგორც წესი, იწყება ან მარცვლეულის ფაფით ან, გამონაკლის შემთხვევებში, ბოსტნეულის პიურით. რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე ვამატებთ ხილს, ოღონდ ყველაფერი ერთად, ცხადია, არ უნდა შევიტანოთ ბავშვის საკვებ მენიუში, არამედ - სათითაოდ, მინიმუმ, რამდენიმეკვირიანი ინტერვალებით.  თვითონ მარცვლეულის ფაფასაც ვაძლევთ სათითაოდ, სხვადასხვა სახეობას, რათა, აუტანლობის ან ალერგიის შემთხვევაში, მარტივად შევძლოთ დიფერენცირება.

ფაფების დატკბობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ზოგადად, შაქარი და მარილი არის ორი ყველაზე მავნე პროდუქტი, რაც კაცობრიობას გააჩნია. მშობლებს კატეგორიულად ვაფრთხილებ ხოლმე, მინიმუმ 5 წლამდე ბავშვმა საერთოდ არც კი უნდა იცოდეს, რა არის ტკბილეული. ვაძლევთ მხოლოდ მარცვეულის ფაფას, თავიდან - ურძეოს და შემდგომ, ნელ-ნელა შემოგვაქვს რძიანი. არანაირი შაქრის დანამატი არც ფაფაში და არც შემდეგ სხვა საკვებში არ უნდა იყოს. ორ წლამდე ტკბილეულს კატეგორიულად ვკრძალავთ. შაქრის რაოდენობა, რაც საკვებ რაციონში უნდა შედიოდეს, არის 30, მაქსიმუმ 40 გრამი. ამაზე მეტი შაქარი არ უნდა მიიღოს ბავშვმა, ის არანაირ ტკბილეულს არ უნდა იღებდეს - არანაირ ტკბილ სითხეს, არანაირ ტკბილ საკვებს. მათ შორის, ოჯახში გამომცხვარი ორცხობილებიც არ უნდა შეიცავდეს შაქარს. არომატისთვის ხშრად ვურჩევ ხოლმე, გამოიყენონ ცოცხალი ხილი. 

შაქარი, ზოგადად, ძალიან ბევრ რაიმეს აზიანებს. ის ორგანიზმში არღვევს მეტაბოლიზმს, იწყება ინსულინალური აპარატის გადატვირთვა, გამოფიტვა, რაც განაპირობებს დიაბეტს, ბავშვობის ასაკში შეიძლება - იყოს სიმსუქნის წინაპირობა, ბავშვთა ასაკში განვითარებული ჭარბი წონა მოზრდილ ასაკში სწორედ დიაბეტის განვითარების პირობებს ქმნის", - აღნიშნავს ანა მაღრაძე.


წყარო: ,,​რადიო ფორტუნა"

წაიკითხეთ სრულად