Baby Bag

გამოცდები ჩატარდება ყოველწლიურად და სტატუსშეწყვეტილ მასწავლებლებს არ შეეზღუდებათ მასში მონაწილეობის და კვალიფიკაციის დადასტურების უფლება, ამ გზით დაბრუნდებიან სკოლაში

გამოცდები ჩატარდება ყოველწლიურად და სტატუსშეწყვეტილ მასწავლებლებს არ შეეზღუდებათ მასში მონაწილეობის და კვალიფიკაციის დადასტურების უფლება, ამ გზით დაბრუნდებიან სკოლაში

სტატუსშეწყვეტილი მასწავლებლების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწვლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ბარაბაძე.

- მასწავლებლები გვწერენ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მაღალმთიან რეგიონებში არ მიეცათ ონლაინ ტრენინგებში ჩართვის საშუალება და ამის გამო ვერ დაადასტურეს კომპეტენცია. იქნება თუ არა რამე შეღავათი ასეთ მასწავლებლებზე?

- ხარისხიანი მასწავლებელი ყველა რეგიონშია საჭირო, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ცვლილებით, რომელიც ახლა მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, თუ ერთი კრედიტი მაინც აქვს მიღებული მასწავლებელს საგნობრივ და პროფესიული უნარების გამოცდაზე, ანუ კომპეტენცია დადასტურებული აქვს მინიმუმ ერთ კრედიტ ქულაზე, მას აქვს უფლება, სკოლაში დარჩეს და გააგრძელოს საქმიანობა. 2017 წლიდან დაიწყო კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარების ვალდებულება 2010 წლიდან არის, ასე რომ, მათ საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ, გამოცდა ჩაებარებინათ მინიმუმ ერთ კრედიტ ქულაზე.

- თუ გაუშვებთ მაღალმთიანი რეგიონის მასწავლებლებს, არსებობს რამე პროგრამა, რისი საშუალებითაც თბილისიდან ან სხვა დიდი ქალაქიდან წავლენ ახალი პედაგოგები იქ?

- ასე არ არის დიფერენცირებული მაღალმთიანი რეგიონების მასწავლებლები და სხვა მასწავლებლები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებობს მიზნობრივი პროგრამა, რომელიც სწორედ ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში, შორეული სოფლების მასწავლებლების დეფიციტური კადრების შევსებას, ასეთი პროგრამა მუშაობს „ასწავლე საქართველოსთვის“, თუმცა მეტსაც გეტყვით, თუ მოხდა ისე, რომ დეფიციტური აღმოჩნდა კადრი და ვაკანსია ვერ შეივსო, მაშინ სკოლას აქვს უფლება და არა ვალდებულება, იგივე მასწავლებელთან გააფორმოს ხელშეკრულება, ვაკანსიის შევსებამდე. საგაკვეთილო პროცესი რომ არ ჩაიშალოს, ამისთვის არის შემოტანილი ეს რეგულაცია. უკვე მუშაობს ეს პროგრამა და სტატისტიკის მიხედვით 200-მდე მასწავლებელია ჩართული 2009 წლიდან და შესაბამისად არის დასაქმებულიც საჭიროების მიხედვით. რესურსცენტრიდან და სკოლიდან უნდა იყოს მოთხოვნა და ამის შემდეგ მოხდება კადრის შევსება. რაც შეეხება იმას, რომ თავად სკოლაში ვაკანტური ადგილი გაჩნდება თუ არა, პირველ რიგში, თავად სკოლაში კათედრაზე უნდა მოხდეს განაწილება. მას შემდეგ რაც ყველა მასწავლებელი შესაბამის საათებს მიიღებს, თუ მაინც გამოცხადდება ვაკანსია, ბუნებრივია, უნდა დაველოდოთ კონკურსის შედეგებს. შესაძლოა, შარშან არ იყო მსურველი, მაგრამ თაობები იზრდება და წელს შეიძლება გაჩნდა კადრი, რომელმაც დაადასტურა კომპეტენცია. თუ ასე არ მოხდა, ამის შემდეგ მოგვმართავს სკოლა და მივლინებული იქნება პედაგოგი, აუცილებლად მოხდება შევსება. ეს არის დამატებითი პროგრამა და სკოლის ხელშეკრულებასთან ერთად სახელმწიფო აძლევს დანამატს ხელფასზე.

- როგორ აპირებთ საბუნებისმეტყველო საგნებში (სადაც ძალიან მცირეა დაინტერესება ახალი თაობის მხრიდან) სტატუსშეწყვეტილი მასწავლებლების ჩანაცვლებას?

- საბუნებისმეტყველო საგნების პრობლემა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში დგას. ფიზიკის მასწავლებლების პრობლემა საკმაოდ სერიოზულია. საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლები უნდა მომზადდეს. ერთ-ერთი გამოსავალი სწორედ ესაა, რომ ეროვნული სკოლის ფარგლებში შეიძლება ადგილობრივი მასწავლებლების გადამზადება მოხდეს მასწავლებელსთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. დაწყებულია ამ საგნობრივი ჯგუფის მზადების პროცესი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ერთი ნაკადი ასეთი მასწავლებლებისა უკვე გადამზადდა და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.

- უფრო მეტი რომ გვითხრათ სტატუსშეწყვეტილი მასწავლებლების ბედზე და მათ სამომავლო განვითარების გეგმებზე?

- ასეთმა მასწავლებლებმა უნდა ჩააბარონ თავიანთი საგნობრივი გამოცდა, დაიბურნონ სტატუსი და აიმაღლონ კომპეტენცია, ამით ისინი დაბრუნდებიან სასკოლო სივრცეში. შეიძლება ეს მოხდეს იმავე სკოლაში, ან იქ, სადაც იქნება გამოცხადებული ვაკანსია. გამოცდები ჩატარდება ისევ, ყოველწლიურად და მათ არ შეეზღუდებათ გამოცდაში მონაწილეობის და კვალიფიკაციის დადასტურების უფლება და ამ გზით დაბრუნდებიან სკოლაში. მასწავლებლის სახლის დახმარებას რაც შეეხება, ის არის მოქმედი მასწავლებლებისთვის და არა სკოლაში არმყოფთათვის. მასწავლებლის პროფკავშირში ქალბატონმა მაია კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ მზად არიან გამოცდებისთვის მოსამზადებლად უსასყიდლოდ მოემსახურონ ყველა მასწავლებელს, როგორც მოქმედს, ისე სტატუსშეწყვეტილს.

ესაუბრა ელენე ოვაშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენი სასკოლო სისტემა ათასობით მსგავს მასწავლებელს მალავს... და რა დააშავა? ის თქვა ხმამაღლა, რასაც ასობით მასწავლებელი ჩუმად ფიქრობს და ეს „ჩუმად ნაფიქრი“ უფრო საშიშია, ვიდრე საჯარო პოსტი“

„ჩვენი სასკოლო სისტემა ათასობით მსგავს მასწავლებელს მალავს... და რა დააშავა? ის თქვა ხმამაღლა, რასაც ასობით მასწავლებელი ჩუმად ფიქრობს და ეს „ჩუმად ნაფიქრი“ უფრო საშიშია, ვიდრე საჯარო პოსტი“

იცით, იმ ერთი მასწავლებლის ამბავი საიდან იღებს სათავეს? აი, იმ მცდარი აზრიდან, ქალს რომ ყველაზე მეტად მასწავლებლობა გამოუვა. განა რამე, უბრალოდ ეს პროფესია უფრო უხდება, ეს პროფესია უფრო შეეფერება. ნუთუ კაცს არ შეჰფერის მასწავლებლობა? როგორ არა, მაგრამ მაინც უფრო ქალურია. არადა, ოდესღაც ითქვა და ვამბობთ, რომ პროფესიებს სქესი არ აქვთ, მაგრამ მასწავლებლობა მაინც ქალის საქმეა.

მასწავლებლობა მარტივი არაა. მით უმეტეს, ეს ის საქმე არაა, ამ მცდარი აზრების გარემოცვაში გაზრდილმა ადამიანებმა რომ უნდა შეასრულონ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბავშვობაში ასე ჩააგონეს. ეს პროფესია ჩვენს არჩევანსა და შესაძლებლობებს შორის დგას, ჩვენს სიყვარულის უნარსა და მოთმინებას შორის დგას და აქ ყველას ადგილი ნამდვილად არაა.

ამ პროფესიაში ძალიან მამაცი ადამიანების ადგილია. ადამიანების, რომლებსაც ბოლომდე ესმით მასწავლებლობის და განიცდიან მას. ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ აიღონ პასუხისმგებლობა და შეეჭიდონ ურთულეს საქმეს. ადამიანების, რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარი მოსწავლეების, არ ეზიზღებათ ისინი და სულმოუთქმელად არ ელიან დროს, როდესაც მათგან თავისუფლები იქნებიან.

იქნებ, მას საერთოდ არ უნდოდა მასწავლებლობა? იქნებ, კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობდა ბავშვობაში, მაგრამ შემდეგ ის საქმე არჩია, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან მარტივად ჩანდა - შედიხარ კლასში, გამოკითხავ მოსწავლეებს, შემდეგ გაკვეთილს ახსნი და ისევ უკან გამოდიხარ. და ყოველდღე ასე გრძელდება.

მისი არსებობა არ გამკვირვებია. ჩვენი სასკოლო სისტემა ათასობით მსგავს მასწავლებელს მალავს და დამალავს მომავალშიც. და რა დააშავა? ის თქვა ხმამაღლა, რასაც ასობით მასწავლებელი ჩუმად ფიქრობს. და ეს „ჩუმად ნაფიქრი“ უფრო საშიშია, ვიდრე საჯარო პოსტი.

მისი დასჯით არაფერი შეიცვლება - მას ხომ ისინი დასჯიან, ვინც თავად სისტემა შექმნა.

ავტორი: მარიამ გვარამია

წაიკითხეთ სრულად