Baby Bag

2022 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსები ცხადდება

2022 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსები ცხადდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით, ატარებს ყოველწლიურ კონკურსებს.

2022 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსები ცხადდება:

• 2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი;
• 2022 წლის ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
• 2022 წლის გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
• 2022 წლის რუსული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
• 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებელი;


თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით.

3. კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

4. . კონკურსში კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს:

ა) თავად პედაგოგს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას (იხ.ბმული).
ბ) პედაგოგიური / სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლის ადმინისტრაციას;
გ) ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და/ან არასამთავრობო ორგანიზაციას;
დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრებს;
ე) პროფესიულ გაერთიანებას.
„ბ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ მასწავლებლის კანდიდატურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენის შემდეგ ცენტრი წერილობით მიმართავს მასწავლებელს იმისთვის, რათა მან შეავსოს დანართით განსაზღვრული ფორმა ცენტრის ვებგვერდზე მითითებული ბმულის მეშვეობით ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.


რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 20 სექტემბრიდან - 7 ოქტომბრის ჩათვლით.


კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საგნის და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა - რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება) და ზეპირად (მაქსიმუმ 3 წუთიანი ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ჩემი პედაგოგიური კრედოს“, რომელიც შეფასდება „ ჩემი პედაგოგიური კრედო „ -ს შეფასების რუბრიკით, საშუალებით, ასევე, მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე/ გაკვეთილებზე დასწრებით,(გაკვეთილის ფასდება მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების დამტკიცების შესახებ“ ცენტრის დირექტორის ფუნქციების დროებითი შემსრულებლის 2019 წლის 12 ივნისის N124 ბრძანებით, დამტკიცებული მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტის მიხედვით).

ბ) შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება - რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);
გ) მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა - რაც დადასტურდება მოსწავლეების ქცევის, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ამსახველი მასალით;
დ) სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება - რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებით და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;
ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება - რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;
ვ) საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა - რაც გამოვლინდება მასწავლებლის როლით და მონაწილეობით სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაციით და აღიარებით თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ (მაგ. მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, სკოლისა და თემისათვის გაწეული ღვაწლი,დამსახურება).
ზ) პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება - რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნვით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე (ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში; პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით; სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით).


რეგისტრაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს :
https://rb.gy/llzg7t

საკონკურსო აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.


საკონკურსო ვიდეოში (მაქსიმუმ 3წთ. ხანგრძლივობის) ისაუბრეთ:

1. თქვენთვის , როგორც პედაგოგისათვის მნიშვნელოვანი პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ;
2. აღნიშნეთ (მოიყვანეთ მაგალითები), როგორ ასახვას პოულობს ეს პრინციპები და ღირებულებები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში

გთხოვთ, ვიდეოჩანაწერი გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლებს ვურჩევ, აღზარდონ ბავშვები იმედით, რომ უთუოდ კარგი შვილები გაეზრდებათ,“ - შალვა ამონაშვილი

„მშობლებს ვურჩევ, აღზარდონ ბავშვები იმედით, რომ უთუოდ კარგი შვილები გაეზრდებათ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა 90 წლის იუბილეზე თავისი განვლილი ცხოვრება შეაფასა. მისი თქმით, ის ახლა აჯამებს ცხოვრებას და ამ სიმაღლიდან ბევრი რამის დანახვა შეუძლია:

„ამ სიმაღლიდან ძალიან ბევრი კარგი რამ სჩანს. ყველაფერს ვხედავ აქედან უკვე და რაღაცნაირად ვაჯამებ ცხოვრებას. ყველას ვუსურვებ, როგორც ჩემი ბებია იტყოდა ხოლმე: „ორი ჩემხელა მოიყარეთ.“ ყველა ბედნიერი იყოს, ვინც კი მაღალ ასაკს მიაღწევს. ძალიან კარგი განწყობა მაქვს. თითქოს ახლა უნდა დაიწყოს სხვა ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. იმ წლებში გადავდივარ, რომელიც ასისკენ მიდის. ორი-სამი წელიწადი კიდევ თუ შემრჩენია, ალბათ, რაღაცას გავაკეთებ.​ მე მახალისებს ჩემი ასაკი. არ ვამბობ, რომ მოხუცებული ვარ და დასნეულებული.“

შალვა ამონაშვილმა მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა. მისი თქმით, მთავარია ბავშვი მშვიდ გარემოში გაიზარდოს:

„მშობლებს ვურჩევ, რომ ძალიან მშვიდად აღზარდონ ბავშვები. შფოთში აღზრდილი ბავშვები შფოთიანები იქნებიან, ჩხუბში აღზრდილები ჩხუბიანები იქნებიან. ​აღზარდონ ბავშვები სიყვარულში, მოთმინებაში და იმედით, რომ უთუოდ კარგი შვილები გაეზრდებათ. ეს არის ჩემი რჩევა მშობლების მიმართ.“

„მოსწავლეებს, ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, ხანდახან დაუჯერონ უფროსებს. უფროსებმა ცხოვრების დიდი გზა გაიარეს, ეს გზა სიბრძნეში ჩამოყალიბდა. უფროსების სიბრძნე ძალიან აკლიათ ახალგაზრდებს. ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, ახლა 21-ე საუკუნეა და მისი ოციანი წლები. აღარაა დრო, როდესაც ბავშვებთან შევდიოდით შუბლშეჭმუხნული. გახსენით შუბლი, გაიხარეთ თქვენც და გაახარეთ ბავშვებიც. მიუტანეთ ბავშვებს სიცოცხლე. ​ბავშვები კი არ სწავლობენ, ცხოვრობენ. ასწავლეთ ცხოვრება სკოლაში. როგორ უნდა იცხოვრონ მომავალში, ახლა უნდა ისწავლონ თქვენი ხელშეწყობით. ამას ვურჩევდი მასწავლებლებს,“ - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად