Baby Bag

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში/რეფლექსია - იხილეთ ნიმუში

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში/რეფლექსია - იხილეთ ნიმუში
წარმოდგენილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა განხორციელდა თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მანანა მგელაძის ხელმძღვანელობით. კვლევა მიმდინარეობდა 2017 წლის ოქტომბრიდან - 2018 წლის მაისის ჩათვლით. ამ მიზნით, შერჩეულ იქნენ მე-5 კლასის და მაღალი კლასის მოსწავლეები. პროცესის წარმატებით წარმართვასა და დასრულებას, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, ამავე სკოლის პედაგოგებთან თანამშრომლობამ.
საკვლევ თემად შერჩეულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორიცაა, „ინტეგრაციის საკითხები ქართულ ანიმაციაში’’ ( მისი მნიშვნელობა მოზარდთა ცხოვრებაში, მასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები).

აღნიშნული კვლევა იხილეთ ბმულზე  -  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში/რეფლექსია

შეიძლება დაინტერესდეთ

„თანამედროვე ბავშვების აზროვნება უფრო დაწინაურებულია, ამათ უფრო მეტი ნიჭიერება მოაქვთ, ვიდრე ჩემმა თაობამ მოიტანა,“ - შალვა ამონაშვილი

პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი „იმედის დღეში“ თანამედროვე ბავშვებთან ურთიერთობის და მათთან გამოყენებული სწავლების ახალი მეთოდების შესახებ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ბავშვებს ფიქრი არ უყვართ და ისინი დაფიქრებას უნდა მივაჩვიოთ:

„ბავშვის წესი ასეთია: არ ფიქრობს და ამბობს. კითხვას რომ აძლევს მასწავლებელი, ბავშვს არც ესმის რა იკითხა და ხელს იწევს უკვე, განსაკუთრებით პირველ კლასში. მას ხელის აწევა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია. ბავშვი ხომ უნდა შევაჩვიოთ, რომ ჯერ მოიფიქროს. ბავშვს თითებს ვუჩვენებ, ჯერ ერთს, მერე ორს, მერე ისევ ორს, ის კი სამს იძახის. შემდეგ ვაფრთხილებ, რომ ჯერ დაინახოს და მერე თქვას, მაგრამ სწრაფად. ენა არ უნდა გისწრებდეს. ჩვენი ცხოვრების მრავალი შეცდომა ენით არის გამოწვეული.“

შალვა ამონაშვილის თქმით, როდესაც მასწავლებელი კითხვას სვამს, ბავშვებმა მას პასუხები ჩუმად უნდა გასცენ, რათა კლასმა მოტივაცია არ დაკარგოს:

„როდესაც პასუხი უნდა მივიღოთ, თუ ერთი ბავშვი ხმამაღლა იტყვის, სხვა ბავშვებისთვის ეს ამოცანა დაკარგავს მნიშვნელობას. თუ ბავშვი მოდის ჩემთან და სწორ პასუხს ჩურჩულით მეტყვის, მივხვდები, რომ ის ძლიერია. ამიტომ, უნდა დავაბნიო ბავშვი, უფრო მეტ სიძნელეს შევაჭიდო. ვეტყვი, რომ არ არის მართალი და კიდევ გადაამოწმოს, ასე ავუმაღლებ თამასას. თუ ვინმეს უჭირს და მეჩურჩულება, მას მისახვედრ კითხვას მივცემ. ასე გამოვა, რომ ერთი გაკვეთილი ყველასთვის ცალ-ცალკე გაკვეთილია.“

შალვა ამონაშვილის თქმით, მთავარია, რომ ბავშვს აზროვნების წესი განვუვითაროთ:

„თუ ჩვენ ბავშვს არ განვუვითარეთ აზროვნების წესი, ის ბევრს ვერაფერს მოიგებს ცხოვრებაში. მიხვედრა, განცდა, სწრაფად ამოხსნა, ძლიერი ინტერესის გაჩენა, ეს ყველაფერი აზროვნების ატრიბუტიკაა. ამას ვცდილობ ბავშვებთან. ასეთი გაკვეთილი 100 რომ ჩავუტარო, ბავშვები სულ სხვა გახდებიან. ბავშვს სითამამე უნდა შესძინო, უნდა უთხრა: „შენ ნუ გეშინია!“ ბავშვს უნდა ურჩიო, რომ მოესიყვარულოს მაგალითს, ჯადოსნურ კვადრატს, საკუთარ თავს უთხრას: „მე მათემატიკოსი ვარ, მე მიყვარს სიძნელე.“ მე გავამხნევე ბავშვი, რომ არ გამემხნევებინა ბავშვები, ბევრი ამოცანას ვერ გაიგებდა.“

„თანამედროვე ბავშვები ჩემი თაობის ბავშვებისგან განსხვავდებიან. მეც ხომ ვიყავი მეოთხე კლასში, მე ასეთ დავალებას მასწავლებელი ვერ მომცემდა, განა იმიტომ, რომ ვერ მოძებნიდა. მე ვერ ამოვხსნიდი, ის ვერ მიმიყვანდა ამ დონემდე. თითქოს ჭკვიანი კაცი ვარ, მაგრამ მე სხვა თაობა ვარ. თანამედროვე ბავშვების აზროვნება უფრო დაწინაურებულია, ამათ უფრო მეტი ნიჭიერება მოაქვთ, ვიდრე ჩემმა თაობამ მოიტანა. ეს თაობა უნდა იყოს არა მომხმარებელი, არამედ მწარმოებელ-შემქმნელი, აღმომჩენი. ამ ახალ თაობას როგორი პედაგოგიკა უნდა? გამოადგებათ თითის ქნევის პედაგოგიკა, ნიშნების პედაგოგიკა? აბა გაკვეთილი მომიყევიო, ამის პედაგოგიკა გამოადგებათ? არა! ახალ ბავშვს ახალი პედაგოგიკა უნდა. ახალი პედაგოგიკა წიგნებში კი არ არის, მასწავლებლის სულში და გულშია,“ - აღნიშნავს შალვა ამონაშვილი.

წყარო: ​იმედის დღე


წაიკითხეთ სრულად