Baby Bag

საპენსიო ასაკის ასობით პედაგოგი მასწავლებლის ჯილდოს მიღების სანაცვლოდ, პროფესიას ტოვებს

საპენსიო ასაკის ასობით პედაგოგი მასწავლებლის ჯილდოს მიღების სანაცვლოდ, პროფესიას ტოვებს

დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც მან განაცხადა, საპენსიო ასაკის ასობით პრაქტიკოს მასწავლებელს სურს, კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაციის გაუქმება და ფულადი ჯილდოს მიღება. 

„რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს აქვთ არჩევანი. გამოცდაზე დარეგისტრირება არის ნებაყოფლობითი, მათ შეუძლიათ ჯილდო მოითხოვონ 2 წლის ხელფასის ოდენობით, მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო ან გავიდნენ გამოცდაზე და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. მათ ასევე შეუძლიათ ჯილდოს მოთხოვნა გამოცდაზე გასვლის და შედეგების გაგების შემდეგ. 

ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ზარები ცხელ ხაზზე საპენსიო ასაკის მასწავლებლებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ რეგისტრაციის შემდეგ გადაიფიქრეს და სურთ რეგისტრაციის გაუქმება, რადგან ჯილდოს მიღების სურვილი გამოხატეს და აღარ უნდათ გამოცდაზე გასვლა. რეგისტრაციის გაუქმება ასობით მასწავლებელმა ითხოვა. სამწუხაროდ, სატელეფონო ზარის საშუალებით ჩვენ ვერ ვახერხებთ რეგისტრაციის გაუქმებას. ​რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ვებგვერდიდან, სადაც დევს მარტივი განაცხადის ფორმა, რომელიც უნდა შეავსონ და მიაწოდონ რესურსცენტრს. შემდეგ ჩვენ მივიღებთ ამ ფორმას ჩვენ და გავაუქმებთ რეგისტრაციას“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამასთან, სოფო გორგოძემ აღნიშნა, რომ მასწავლებლის ჯილდოზე რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ ხდება. ჯილდოზე დარეგისტრირების შესახებ მასწავლებელმა სკოლას და რესურცენტრს უნდა მიმართოს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„განათლების სამინისტრომ უპრეცედენტო დაშვება გააკეთა, რომ მოიკითხოთ, მსგავსი არცერთ ქვეყანაში არ არის,“- ეკატერინე დგებუაძე

„განათლების სამინისტრომ უპრეცედენტო დაშვება გააკეთა, რომ მოიკითხოთ, მსგავსი არცერთ ქვეყანაში არ არის,“- ეკატერინე დგებუაძე

განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სწავლის საკლასო ოთახებში განახლების შესახებ ისაუბრა და იმ პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი, რომელიც სკოლის დაწყებასთან ერთად დაგვეკისრა:

„პასუხისმგებლობა აიღო არამარტო განათლების სამინისტრომ, არამედ მთელმა ქვეყანამ, რათა ​განათლების უფლება იყოს დაცული. შარშანდელი გამოცდილებით მშობლები იდგნენ ჯგუფად და ადმინისტრაცია სთხოვდა, რომ ერთმანეთთან დისტანცია დაეცვათ. ამ პროცესების მართვა ძალიან რთულია. უნდა დავიცვათ ჩვენი შვილებიც და სხვისი შვილებიც.“

ეკატერინე დგებუაძის თქმით, განათლების სამინისტრომ უპრეცედენტო დაშვება გააკეთა, როდესაც მშობლებს დისტანციურ და დასწრებულ სწავლებას შორის არჩევანის გაკეთების შესძლებლობა მისცა:

„თუ გაქვთ შიში იმისა, რომ ბავშვს სკოლაში გაუშვებთ და იქ მას გარკვეული საფრთხე ექნება, განათლების სამინისტრომ უპრეცედენტო დაშვება გააკეთა. რომ მოიკითხოთ, მსგავსი არცერთ ქვეყანაში არ არის. აირჩიეთ, ყოველ ხუთშაბათს იხსნება ფანჯარა, რომ შეატყობინოთ სკოლას, თუ გინდათ შვილი გადაიყვანოთ დისტანციურ სწავლებაზე. მოსწავლისთვის ორგანიზდება ცალკე სასწავლო პროცესი.“

„მასწავლებელი გაკვეთილს ატარებს სასწავლო ოთახში, მერე მოდის და დისტანციურადაც უნდა ჩაუტაროს იმ ბავშვებს, ვინც დიტანციურ სწავლებაზე რჩება. პედაგოგის უფლებებიც რომ არ დავარღვიოთ, ​გავითვალისწინეთ მათი სახელფასო პოლიტიკაც. დამატებით ჩატარებულ საათებში მასწავლებლები ასევე მიიღებენ ანაზღაურებას,“ - აღნიშნულ საკითხზე ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად