Baby Bag

„თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი“

„თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი“

ნათელა ბუჟღულაშვილი 51 წელია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ამიტომაც ეს ძალიან ახლობელი პროფესია იყო ჩემთვის. ბავშვობაშიც კი მასწავლებლობანას ვთამაშობდი.

სკოლა არ ყოფილა ჩემთვის მხოლოდ სამსახური. ბავშვებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ბედნიერი ვიყავი ამ საქმის კეთებით და 51 წელი სიხარულით ვემსახურე. თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი. გარდა ამისა, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე მომავალი თაობების წინაშე და ყველაფერი უნდა სცადო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. მიუხედავად ხანგრძლივი მუშაობისა, სისტემატურად უნდა ზრუნავდე პროფესიული დონის ამაღლებაზე, სიახლეების მოძიებასა და საკლასო ოთახში დანერგვაზე. სულ იმის მცდელობა უნდა გქონდეს, რომ საკუთარი თავი პროფესიულად განავითარო და სიახლეებს ფეხი აუწყო.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილება დიდი სიურპრიზი იყო და ძალიან გამახარა. მხცოვან მასწავლებლებს ამ ჟესტით გვითხრეს, რომ ტყუილად არ გვიშრომია. მადლიერება ამ განვლილი წლებისთვის ამ ფორმით გამოიხატა.

გადაწყვეტილება, რომელიც საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ეხება, ჩემი აზრით, საგანმანათლებლო სისტემაში ახალი თაობის შემოსვლას გულისხმობს, რასაც მივესალმები. მათაც უნდა შეიძინონ გამოცდილება. ყოველთვის მსიამოვნებდა ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა, იმიტომ რომ მათგან ბევრ ახალ და საინტერესო რამეს ვსწავლობდი.“


შეიძლება დაინტერესდეთ

1-ლი დეკემბრიდან გარე დაკვირვება მხოლოდ დისტანციური ფორმატით განხორციელდება - მასწავლებლის სახლის განცხადება

1-ლი დეკემბრიდან გარე დაკვირვება მხოლოდ დისტანციური ფორმატით განხორციელდება - მასწავლებლის სახლის განცხადება

ქვეყანაში არსებული ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან - 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება და ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან გარე დაკვირვება განხორციელდება მხოლოდ დისტანციური ფორმატით.

გარე დაკვირვების პროცესი გულისხმობს გარე დამკვირველების ვიზიტს კონკრეტულს სკოლაში, რაც საფრთხის შემცვლელი შეიძლება იყოს არა მარტო გარე დამკვირვებლისთვის, არამედ კონკრეტული სკოლისთვის, სასკოლო საზოგადოებისთვის და მთლიანი თემისთვის.
იმ მასწავლებლებს, რომლებიც უარს იტყვიან დისტანციური ფორმატით გარე დაკვირვების გავლაზე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის N714 დადგენილების შესაბამისად გარე დაკვირვების გავლის საშუალება მიეცემათ 2020-2021 წლის მეორე სემესტრში.

წაიკითხეთ სრულად