Baby Bag

რა ბედი ელით პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსს ვერ აიმაღლებენ

რა ბედი ელით პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსს ვერ აიმაღლებენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა დაადასტუროს მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლოს სტატუსი. 

შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული წესი:

  • იმ პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, საჯარო სკოლის დირექტორი საჭიროების შემთხვევაში გაუფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას, ხოლო აღნიშნულ პოზიციას გამოაცხადებს ვაკანტურად.
  • ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის წესით დასაქმდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები).
  • ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეული პირის დანიშვნის შემდეგ პრაქტიკოს მასწავლებელს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება.


იხილეთ:

​ზოგადი განათლების კანონი

​მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანება საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ის ნაპრალი, რაც სოფლის და ქალაქის სკოლებს შორის იყო ხოლმე, საგრძნობლად არის შემცირებული“

„ის ნაპრალი, რაც სოფლის და ქალაქის სკოლებს შორის იყო ხოლმე, საგრძნობლად არის შემცირებული“

მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ​საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებზე (კვლევები სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესსა და მოსწავლეთა მიღწევებს შეეხება) სოციალურ ქსელში წერს. ​MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

„ამ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო შეფასების ტიმსის პრეზენტაციას დავესწარი შეფასებისა და გამოცდების ცენტრში. რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. ის ნაპრალი, რაც სოფლის და ქალაქის სკოლებს შორის იყო ხოლმე, საგრძნობლად არის შემცირებული, ეს ეხება ბუნებისმეტყველების და მათემატიკის მე-4 და მე-8 კლასის კვლევებს, ასევე შემცირებულია კერძო და საჯარო სკოლებს შორის სხვაობა. სხვაობების შემცირება სოფლის და საჯარო სკოლების შედეგების გაუმჯობესების ხარჯზე ხდება, რაც სასიხარულოა. ხარისხიანი განათლება ხომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, მიუხედავად დაბადების ადგილისა, ოჯახის სოციალური სტატუსისა, თუ ეკონომიკური მდგომარეობისა. მაგ. ბუნებისმეტყველებაში სოფლის სკოლების ქულებში გაუმჯობესება 40 ქულაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებები 2015 წლის შეფასებიდან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს. პირდაპირ უკავშირდება, რომ ამ წლებში პროფესიული განვითარება ორგანიზებულ ფორმატში მოექცა, ამოქმედდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. სქემა შეეხო ყველა მასწავლებელს და მის ფარგლებში დაეკისრათ პროფესიული განვითარების გარკვეული ვალდებულებები. დაინერგა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი; სკოლის ბაზაზე მონიტორინგის სისტემა და უკუკავშირი; მასწავლებლები ასევე სკოლებში თანამშრომლობის გააქტიურებას ასახელებენ გაუმჯობესების შესაძლო ფაქტორებში.

​ამ მიღწევებს უნდა შენარჩუნება და მათზე დაშენება!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი. 

წაიკითხეთ სრულად