Baby Bag

სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება

სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება
სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება. შესაბამისი ცვლილება 2019 წლის ბიუჯეტში შედის. 

ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამით გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 95.0 მლნ ლარით და შეადგენს 845.5 მლნ ლარს.

„ზრდა გამოწვეულია განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კომპენსაციის სახით ერთჯერადი ჯილდოს გაცემით. 6500-მდე საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა პედაგოგმა უკვე გააკეთა განაცხადი სისტემის დატოვების თაობაზე და შესაბამისად თითოეული მათგანი მიიღებს ჯილდოს მათი 2 წლის საშუალო შრომის ანაზღაურების ოდენობით,“ - წერია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 131.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 639.5 მლნ ლარით, მათ შორის.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, განათლების რეფორმის ფარგლებში ასევე გაგრძელდება ეტაპობრივად პედაგოგთა შრომის ანაზღაურების ზრდა და უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები მიიღებენ 150 ლარით გაზრდილ დანამატს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა სტატუსის ამაღლების უფლების მოპოვების მსურველთა რაოდენობა და შემდეგ საფეხურზე გადავიდა 10 ათასამდე მასწავლებელი (ნაცვლად პროგნოზირებული 6500 მასწავლებლისა) და შესაბამისად ეს პედაგოგებიც მიიღებენ (გაზრდილ) დანამატს.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის დასრულდება 2019-2020 სასწავლო წელი - თარიღი ცნობილია

როდის დასრულდება 2019-2020 სასწავლო წელი - თარიღი ცნობილია

მეთორმეტეკლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები - 15 ივნისს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე  ​განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩვეულებრივად ჩატარდა. 

„მოგეხსენებათ, რომ მარტიდან სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. ამის შემდგომ განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური, ონლაინგაკვეთილების დანერგვა და ამან თავისი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან, განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიც არის „ტელესკოლა“, რომელიც არამხოლოდ საქართველში გახდა პოპულარული, მან საერთაშორისი აღიარებაც მოიპოვა. ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „ტელესკოლა“, ეს არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობებიც ენებზეც მაუწყებლობს და აძლევს საშუალებას საქართველოში თითოეულ მოსწავლეს, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება. საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, „ტელესკოლის“ საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები - 15 ივნისს”, - განაცხადა გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად