Baby Bag

„მასწავლებლის ეროვნული სკოლა" - განათლების სამინისტროს ახალ პროგრამაში მსურველთა რეგისტრაცია 11 ოქტომბერს დაიწყება

„მასწავლებლის ეროვნული სკოლა" - განათლების სამინისტროს ახალ პროგრამაში მსურველთა რეგისტრაცია 11 ოქტომბერს დაიწყება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი, სპეციალური პროგრამა - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ წარადგინა, რომელიც მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, რეფორმის ფარგლებში, სამინისტრო მიმართავს სრულ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს როგორც ახალ მასწავლებლებს, ასევე არსებულ, პრაქტიკოს პედაგოგებს მეტი განვითარებისა და სტატუსის ამაღლებისათვის.

„უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში დაანონსებული სიახლეების შედეგად, კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, წელს უკვე მეორედ, უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის მოქმედი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, რაც მასწავლებლების პრესტიჟის, მათი ანაზღაურების ზრდის და რეფორმის სხვადასხვა მიმართულების შედეგია.

განათლების რეფორმის მთავარი მიზანი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა, ქალაქის, რაიონის და სოფლის სკოლებში. კვალიფიციური მასწავლებელი და ხარისხიანი განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა საჯარო სკოლისთვის,“ - აცხადებენ სამინისტროში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ახალი პროგრამა იძლევა საშუალებას, მოხდეს მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილს პედაგოგების მომზადებით.

გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან, მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში და მიიღებენ სახელფასო დანამატს.

ამასთან ერთად, პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.

მასწავლებლები მომზადდებიან:

1. ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების
2. ბიოლოგია და ქიმიის
3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
4. ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების
5. დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) მიმართულებით.

მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში" მსურველთა რეგისტრაცია 11 ოქტომბერს დაიწყება.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - მონაწილეთა საყურადღებოდ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - მონაწილეთა საყურადღებოდ

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე დარეგისტრირებული იმ პირებისათვის, რომელთაც შეეცვალათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, გახანგრძლივდა რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადები მიმდინარე წლის 22 ოქტომბრის 18:00 საათამდე, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, თუ ამ ვადაში აღნიშნული პირები არ გადაიხდიან დაწესებულ თანხას, მათი რეგისტრაცია გაუქმდება.

გადახდის შესაძლო საშუალებები:

  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
წაიკითხეთ სრულად