Baby Bag

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - სკოლებში დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ონლაინშეხვედრა ჩატარდება

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - სკოლებში დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ონლაინშეხვედრა ჩატარდება

სკოლებში დისტანციური სწავლების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია (სსიდა) მასწავლებლებს ონლაინკონსულტაციას სთავაზობს. ასოციაციის ცნობით, ონლაინშეხვედრაზე მასწავლებლები გაეცნობიან დისტანციური სწავლების თავისებურებებს, დისტანციური სწავლების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობებს ხელმისაწვდომი რესურსების გათვალისწინებით.

„კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში გამოცხადდა სასკოლო არდადეგები.

შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, სკოლებში სწავლის პროცესის განახლების პროცესი 1-ლ აპრილამდე გადაიდო. დისტანციური განათლება დღის წესრიგში დგას, მასწავლებლები კარგად იცნობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და წარმატებით იყენებენ სასწავლო პროცესში.

თანამედროვე ტექნოლოგიების, კოლაბორაციული პლატფორმებისა და სხვადასხვა აპლიკაციების დახმარებით შესაძლებელია მასწავლებელმა სწრაფად შექმნას სასწავლო გეგმა და განაგრძოს გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება.

მოკლე ვადებში სწავლების ტრადიციული ფორმატის ცვლილება რთულია, თუმცა შესაძლებელია იმ გარემოში, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აქვთ კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, პლანშეტები და ინტერნეტი.

სწორედ ამ მიზნით ვგეგმავთ დისტანციურ სამუშაო შეხვედრას/კონსულტაციას მასწავლებლებთან.

მონაწილეებს გავაცნობთ:

- დისტანციური სწავლების თავისებურებებს;
- დისტანციური სწავლების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობებს ხელმისაწვდომი რესურსების გათვალისწინებით.

შეხვედრას წარუძღვებიან თამარ მოსიაშვილი და დავით ლიპარტელიანი.

დისტანციურ შეხვედრაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ და შეავსონ კითხვარი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 მარტი, 23:59.

დისტანციური კონსულტაცია ჩატარდება 2020 წლის 14 მარტს (შაბათი) - 18:00-დან 20:00-მდე.

დისტანციური კონსულტაციის ჩატარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ. ფოსტაზე, პარასკევს 12:00-მდე (2020 წლის 13 მარტი),“ - აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

​კითხვარი შეავსეთ ბმულზე - ​​დისტანციური სწავლება 2020

შეიძლება დაინტერესდეთ

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

წაიკითხეთ სრულად