მასწავლებლის სახლის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებას - ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს, მასწავლებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მათი ნაწილი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ნაწილისთვის კი მიუღებელია. გთავაზობთ პედაგოგების კომენტარებს აღნიშნულთან დაკავშირებით:
„მეტი საათი უნდა ჰქონდეს გასაგებია, კი, მაგრამ ისე არა, რომ ქიმიკოსი ფიზიკას ართმევდეს საათებს. ამ პრინციპით არა, თავის საგანში კი ბატონო. ვიცი შემთხვევა, სადაც ქიმიკოსს აქვს 25 საათი იმიტომ, რომ მენტორია და ფიზიკოსს 8 საათი, იმიტომ რომ იმ მენტორმა შეითვისა ფიზიკის საათებიც. ეს ნორმალურია? - არადა, თავის საგანში ჩაბარებული აქვს გამოცდა, ფიზიკის მასწავლებელს.“
„ჩამოგვართვეს საათები იმ მასწავლებლებს, ვინც სტატუსით მაღლა ვიდექით...თანაც 10 კრედიტი გვაქვს მიღებული წლების წინ...უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით „დამსახურებულად“ ზოგიერთებს...ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მაინტერესებს...“
„მეც მასე გამიკეთეს და ყველაფერი რესურცენტრების ჩარევით ხდებოდა, დამცირების ფასად იმიტომ, რომ სამინისტროს თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ვინმე დაინტერესებულა და შეუმოწმებია სკოლები?“
„რატომ იძლევით 15 საათით მანიპულირების საშუალებას? როდის გახდა 15 საათი სრული განაკვეთი? ან იქნებ ახსნათ, თუ 15 საათი განაკვეთია, ათვლის წერტილი რატომ არის 18 საათიანი დატვირთვა?“
„ყველას უფროსის სტატუსი, რომ მიაკერეთ „ვაი, კრედიტომანიით'' და ეხლა ფიზიკურად საათი არ არის და მუშტრის თვალით რომ გიყურებს, რომ უნდა გაუყო ან დაუთმო, ეგ როგორ გვარდება თქვენს გაგებაში?“
„უფროსის, წამყვანისა და მენტორის მოსწავლეებიც დადიან რეპეტიტორებთან.“
„ჯერ დაასაქმეთ ის სტატუსით მაღლა მდგომები! მეზღაპრეობენ! ჰმ! რამდენი დარღვევის შესახებ მივწერე პირადად მას და რა გააკეთა?!“
„მივესალმები მსგავს მიდგომას!!! ზუსტადაც სტატუსით მაღლა მდგომ პედაგოგს მეტი საათი უნდა ჰქონდეს! მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ასეა და ამას სამინისტრო სხვებზე უკეთ აფასებს!!!“
„რატომ არ შეიძლება, რომ სტატუსით მაღლა მდგომ დირექტორების შემთხვევაში, რომ დაუშვათ გამონაკლისი და დართოთ ნება 15 საათიანი დატვირთვის? გამოდის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი ატარებს 25 საათ, ხოლო მე, როგორც დირექტორი და ამავდროულად უფროსი მასწავლებელი, 10 საათს იმიტომ, რომ კანონი კრძალავს. რამდენად სამართლიანია ეს?“
„იმასაც გააჩნია, ვინ როგორ აიმაღლა სტატუსი, გამოცდის 1 ქულით რომ იმაღლებენ სტატუსს და თავი უფროს მასწავლებლად მოაქვთ, უსამართლობაა! უფროსია ის პედაგოგი, რომელმაც ჩააბარა გამოცდა და აიღო 10 კრედიტი, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული.“
„ჯერ დაასაქმეთ უფროსი მასწავლებლები. მიდიხარ გასაუბრებაზე და დამწყები მინდა, გეუბნება კორუმპირებული დირექტორი.. ახლა აღარც ვცდილობ დავმალო. სადაც ვიყავი გასაუბრებაზე, ყველა დირექტორი უნდა დავასახელო და მათი სამარცხვინო გასაუბრებებიც.“
სწავლება კლას-კომპლექტში - საჭიროებით შექმნილი აუცილებლობა თუ სამინისტროს მიერ დაზოგილი თანხები?
მაღალმთიან რაიონებში, სადაც მოსწავლეთა მცირე კონტიგენტია, პირველ-მეოთხე კლასებში სწავლება კლას-კომპლექტებში მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ორი კლასი გაერთიანებულია. მაგალითად, პირველი-მეორე კლასი, მესამე-მეოთხე კლასი და მოსწავლებს ერთად უტარდებათ ქართული, მათემატიკა და ყველა ის სასკოლო საგანი, რაც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული.
სწავლება კლას-კომპლექტებში ქმნის არაერთ პრობლემას: მასწავლებელს უჭირს დროის განაწილება, მოსწავლეები ორ სხვადასხვა გაკვეთილს ისმენენ და რთულად აღიქვამენ. ასევე, როცა ერთი კლასი წერით დავალებებზე მუშაობს, მეორე კლასი აქტურად არის, რაც ხელს უშლის მოსწავლეებს და მასწავლებელსაც მიზნის მიღწევაში. პედაგოგს უწევს ერთდროულად ორ კლასთან გაკვეთილის ჩატარება და ანაზღაურებას იღებს მიზერულ თანხას - 46 ლარს დანამატად, როგორც კლასკომპლექტში სწავლების, ხოლო საათი უნაზღაურდება ჩვეულებრივ, როგორც ერთ კლასში ჩატარებული გაკვეთილი.
მასწავლებლები ასევე ჩივიან იმასაც, რომ ამ მიმართულებით ტრენერებს არ აქვთ ინფორმაცია და ტრენინგ-კურსებიც ინტენსიურად და მასიურად არ ტარდება.
საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით რას გვეტყვიან განათლების სამინისტროში, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.
ამის შემდეგ გადავწყვიტეთ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის მიგვემართა, რადგან სწორედ აჭარის მაღალმთიანეთშიც ასე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსს დურმიშხან შავიშვილს.
საუბრისას ბატონმა დურმიშხანმა აღნიშნა, რომ კლას-კომპლექტში სწავლება ახალი არ არის და ეს გამოწვეულია მოსახლეობის მიგრაციით სოფლიდან ქალაქში, რის გამოც მოსწავლეთა მცირეკონტიგენტიან სკოლებში დადგა საჭიროება სწავლის ასეთი ფორმის შემოღებისა და ეს წლებია გრძელდება უფრო მეტსაც გეტყვით, თქვა რესურსცენტრის უფროსმა, მეც კლას კომპლექტში ვსწავლობდი და სწავლების ამ ფორმატში ვერ ვხედავ ვერავითარ პრობლემას, მართალია, რთულია, მოითხოვს თავისებურ მიდგომას, მაგრამ შეუძლებელი არაა და პედაგოგებს დაგროვილი გამოცდილებებით შეუძლიათ შედეგზე გასვლა.
რაც შეეხება კლასკომპლექტის დანამატის შესახებ კითხვას, მან აღნიშნა, რომ უკეთესია, მასწავლებლები მეტს იღებდნენ, მაგრამ არსებული ანაზღაურება უსამართლო არაა. პედაგოგებს, რომლებიც ასეთ კლასებში მუშაობენ, ბატონმა დურმიშხანმა ურჩია მეტი იშრომონ, იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე და მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა ტრენინგ-კურსებში მიიღონ მონაწილეობა, ხოლო თუ დახმარება დასჭირდებათ, შეუძლიათ ადგილობრივ რესურსცენტრებს მიმართონ.
რაც შეეხება კლასკომპლექტში მომუშავე პედაგოგების პროფესიულ გადამზადებას, მასწავლებელთა სახლის ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ. მოამზადა მელანო ებრალიძემ