„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
უცხოური ენის გამოცდა რა დონეზე მოეთხოვება მასწავლებელს?
უცხოური ენის გამოცდა რა დონეზე მოეთხოვება მასწავლებელს? - ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს. ცენტრის წარმომადგენლების თქმით, გამოცდაზე მოწმდება ინგლისური ენის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა, კერძოდ, მისი ენობრივი კომპეტენცია ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრული B2 (საშუალოზე მაღალი) ენობრივი კომპეტენციის ფარგლებში. მასწავლებელს უნდა შეეძლოს:
წაიკითხოს შესაბამისი სირთულის ინფორმაციული, შემეცნებითი ან პროფესიული შინაარსის ტექსტი და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე ფაქტობრივი ინფორმაცია. გამოიყენოს დავალების შესაბამისი კითხვის სტრატეგიები.
მოისმინოს შესაბამისი სირთულის ტექსტი (გაბმული ტექსტი ან ინტერვიუ). გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე ფაქტობრივი ინფორმაცია. გამოიყენოს დავალების შესაბამისი მოსმენის სტრატეგიები.
დაწეროს სამოტივაციო წერილი და თხზულება. მკაფიოდ, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად გადმოსცეს საკუთარი აზრი მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. ზუსტად და თანმიმდევრულად დაიცვას დავალების მოთხოვნები. წერისას გამოხატოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია, მოიყვანოს არგუმენტები. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურები.
ილაპარაკოს ბუნებრივად, დაუბრკოლებლად და არგუმენტირებულად მოცემული თემატიკის გარშემო. საუბრისას გამოხატოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურები.