„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
13 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება
13 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაციის პროცესი 09:00 საათზე დაიწყება და 5 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო მშობლებს შესაძლებლობას აძლევს ელექტრონულად გააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.