Baby Bag

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დოკუმენტების განთავსების ვადა განისაზღვრა - მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანება

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დოკუმენტების განთავსების ვადა განისაზღვრა - მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანება

იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა უარყოფითად შეუფასდა, ელექტრონულ სისტემაში პრაქტიკის კვლევის დოკუმენტების განთავსების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 15 მაისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით პერიოდი. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც მასწავლებლის სახლის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს, დღეს გამოქვეყნდა. 

როგორც მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი ქრისტინე ინგოროყვა სოციალურ ქსელში წერს, ამ ეტაპზე შემოწმებულია იმ პირების კვლევებიც, რომლებიც შეფასების ჯგუფების მიერ შეფასდნენ დეკემბერში, ცენტრის დირექტორის №265 (19/11/2019) ბრძანების პუნქტი - დ შესაბამისად.

​„თითოეული კვლევის პასუხი - დადებითიც და უარყოფითიც უკვე გადაგზავნილია სკოლებში და თუ აკმაყოფილებდით წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ჯერ არ მიგიღიათ პასუხი, აუცილებლად გადაამოწმეთ რესურსცენტრში,“ - აღნიშნავს ქრისტნე ინგოროყვა.

იხილეთ მასწავლებლის სახლის ​ბრძანება

ცნობისთვის, გარე დაკვირვების შესახებ ​ბრძანებაში ცვლილება გუშინ შევიდა. ცვლილების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

დამრიგებლის მოვალეობები და პრინციპები, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს მისი მუშაობა

დამრიგებლის მოვალეობები და პრინციპები, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს მისი მუშაობა
გაეცანით დამრიგებლის მოვალეობებსა და პრინციპებს, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს მისი მუშაობა. 


სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები

თავი I. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება

მუხლი 6. დამრიგებელი

1. საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა იყოს იმავე სკოლის პედაგოგი.

11. რეკომენდებულია მცირეკონტინგენტიან სკოლაში ერთ დამრიგებელს ჰყავდეს არანაკლებ 10 მოსწავლისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სკოლაში მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა 10 მოსწავლეზე ნაკლებია. დაუშვებელია ერთი კლასის/კლასკომპლექტის მოსწავლეებს ჰყავდეთ სხვადასხვა დამრიგებელი.

2. დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.

3. დამრიგებლის მოვალეობებია:

ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);

ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:

ბ.ა) პიროვნული და მორალური განვითარება;

ბ.ბ) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;

ბ.გ) მეწარმეობის უნარების განვითარება;

ბ.დ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;

ბ.ე) უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;

ბ.ვ) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;

ბ.ზ) თვალსაწიერის გაფართოება.

ბ1) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულებების ფარგლებში დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:

ბ1.ა) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;

ბ1.ბ) წაკითხულის განხილვა-გააზრებით;

ბ1.გ) ანალიზის უნარის განვითარებით;

ბ1.დ) მსჯელობის უნარის განვითარებით;

ბ1.ე) პრეზენტაციის უნარის განვითარებით;

ბ1.ვ) შემოქმედებითი უნარების განვითარებით და სხვ.

ბ2) (ამოღებულია - 27.10.2015; №145/ნ);

ბ3) X კლასში სადამრიგებლო საათის ფარგლებში იმუშაოს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების თემატიკაზე.

გ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;

დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;

ე) რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობელემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ზ) (ამოღებულია - 03.09.2013, №126/ნ);

თ) V-XII კლასებისთვის წელიწადში მინიმუმ ერთხელ (სასწავლო წლის ბოლოს) გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; დახასიათებაში ასევე გაანალიზებული უნდა იყოს ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია (ან არსებითია) მოსწავლის კოგნიტური (შემეცნებითი), ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის. ეს ინფორმაცია ყოვეწლიურად უნდა მიეწოდოს მშობელს კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით (პირადი შეხვედრისას, ელექტრონული ფოსტის საშუალებით და სხვ.).

ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად.

4. დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;

ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;

გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;

დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.

ე) საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.

წაიკითხეთ სრულად