„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
ახალი საგანი, რომელიც პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ისწავლება და მოსწავლეებისთვის თამაშით ბიზნესის საფუძვლების გაცნობას ისახავს მიზნად
მასწავლებელმა მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც კერძო სკოლაში ბიზნეს უნარების მიმართულების ხელმძღვანელია დამოსწავლეებს ბიზნესსა და ლიდერობას ასწავლის, ახალი საგანი დანერგა. ბიზნეს განათლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ისწავლება და ინტეგრირებულ გაკვეთილებსაც მოიცავს.პროგრამის შესახებ საინტერესო დეტალების გასაგებად MomsEdu.ge მარიამს ესაუბრა.
- მარიამ, მოგვიყევით თქვენ მიერ შექმნილი ბიზნეს უნარების პროგრამის შესახებ. უფრო კონკრეტულად რა გულისხმობს ბიზნეს განათლება?
- ბიზნეს უნარები ჩემი საავტორო პროგრამაა და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის თამაშით ბიზნესის საფუძვლების გაცნობას, ისეთი უნარ-ჩვევების შეძენას, რაც ყველა პროფესიის ადამიანისთვის საჭიროა. ბიზნეს უნარები ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას, ლიდერულ და დივერგენტულ უნარებს, პრეზენტაბელურობას, გუნდურობას, კრიტიკულ აზროვნებას. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ორენოვანია: ქართული და ინგლისური.
- პროგრამით სწავლებისას რომელ ნაწილს ენიჭება უპირატესობა - პრაქტიკულს თუ თეორიულს?
- საგაკვეთილო პროცესი, უმთავრესად, პრაქტიკულია. მცირე, ძირითადი თეორიული მასალის გაცნობა ხდება და შემდეგ მის ირგვლივ აქტივობები. მოსწავლეები ეტაპობრივად შეისწავლიან ბიზნეს ტერმინოლოგიას, ლიდერობას, პრეზენტაციის კეთებას, სიტყვით გამოსვლას, ბიზნეს გეგმის წერას, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოებას, პროექტების წერას, ლიდერულ სტილებს მმართველობისას. მარკეტინგის, ფინანსების, მეწარმეობის, ორგანიზაციული ქცევის, ადამიანური რესურსების საფუძვლებია გაკეთებული ქეისებით და თამაშებით, რომ ბავშვისთვის საინტერესო იყოს. მოსწავლეებს ასევე აქვთ სიმულაციები, როლური თამაში ე.წ. role plays, სხვადასხვა ქარხანაში ექსკურსიები, პროექტები, აწარმოებენ საკუთარ ბიზნესს, რომელზეც ადგენენ პიარ გეგმას და ახორციელებენ. მუშაობენ კონკურენტულ უპირატესობებზე.
- რა არის პროგრამის უპირატესობები?
- პროგრამის უპირატესობებია: ინგლისურენოვანი სწავლება, თამაშით სწავლება, განსხვავებული პროექტები, სიმულაციები, რეალური ქეისების განხილვა, კრეატიული სასწავლო პროცესი.
- რამდენი ხანია, რაც ეს პროგრამა შეიქმნა და რა შედეგები გაქვთ მოსწავლეებთან?
- 2 წელია, პროგრამა აქტიურად ხორციელდება და მუდმივად იხვეწება. ბავშვებს ძალიან მოსწონთ, აქტიურად არიან ჩართულები სახალისო დავალებების შესრულებაში, განსაკუთრებით მოსწონთ სიმულაციური თამაშები და როლური თამაშები.
- თუ უზიარებთ პროგრამას სხვა მასწავლებლებს და რამდენად კმაყოფილები არიან?
- დიახ. ინტეგრირებული გაკვეთილები გვაქვს, მაგალითად, ინგლისურთან, ფიზიკასთან - ინოვაციური მოწყობილობის შექმნის კუთხით, შემდეგ მოსწავლეები იდეას ბიზნესად აქცევენ. აღნიშნული პროცესი კი მათთვის ძალიან საინტერესო გამოდის.
- დაბოლოს, სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ.
- სამომავლოდ ვგეგმავ ბიზნეს კონკურსების ორგანიზებას და რაც შეიძლება მეტი მოსწავლის ჩართვას პროგრამაში.