„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„სასწავლო პროცესის შეჩერებას ჰქონდა აბსოლუტურად დასაბუთებული მნიშვნელობა“ - გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესის შეჩერების აუცილებლობაზე. მან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც შეწყდა სკოლებში სწავლა:
„სასწავლო პროცესის შეჩერებას ჰქონდა აბსოლუტურად დასაბუთებული მნიშვნელობა. მოგეხსნებათ, ჩვენი ოჯახების, ქართული ოჯახების სოციალური სტრუქტურა განსხვავდება ევროპული ოჯახების სტრუქტურისგან. ჩვენს ოჯახებში რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად და ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ უფროსი თაობა დაგვეცვა იმ გადაცემისგან, რომელიც შეეძლოთ ბავშვებს სკოლიდან მოეტანათ ოჯახში. ბავშვები, რომლებსაც მარტივად გადააქვთ ეს ვირუსი, დიდი რისკი გამხდარიყვნენ უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება სკოლების დახურვის შესახებ,“ - აღნიშნა გიორი გახარია.
შეგახენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სასწავლო პროცესი საქართველოში 2 მარტიდან შეწყდა და ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში სექტემბერში განახლდება.