„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას თავად სკოლა უზრუნველყოფს - განათლების მინისტრი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმაზე. მისი განცხადებით, სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები გამოცდების ერთდროულად არსებობა არაეფექტური და არამიზნობრივია:
„არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის დაწესებული ცენტრალიზებული სკოლის გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები ერთად - ამგვარი დუბლირება არ გვხვდება არც ერთი ქვეყნის განათლების სისტემაში.
2018 წელს OECD ექსპერტებმა ჩაატარეს საქართველოში განათლების შეფასების სისტემების კვლევა. მის შუალედურ ანგარიშში მოცემულია, რომ სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები გამოცდების ერთდროულად არსებობა არაეფექტური და არამიზნობრივია,“ - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრმა საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ტესტის ჩაბარების შედეგები არ ასახავდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების ფლობის მიმართულებით მოსწავლეთა რეალურ შესაძლებლობებს:
„ცენტრალიზებული სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დაწესებით მოსწავლეების დასწრება არათუ გაუმჯობესდა, არამედ პირიქით, გაუარესდა. მოსწავლეები მოწყდნენ საგაკვეთილო პროცესებს და ცენტრალიზებული გამოცდებისთვის მოსამზადებლად დაიწყეს სკოლის გარეთ მომზადება. რეალურად, მთავარი აქცენტი ბოლო კლასებში გადავიდა გამოცდის ჩაბარებისთვის მზადებაზე და არა სასწავლო პროცესზე, რამაც დაასუსტა სკოლა, როგორც ინსტიტუცია და რეალურად, სკოლამ ვეღარ შეძლო მისი მთავარი ფუნქციის - გამართული სასწავლო პროცესის წარმართვა ისე, როგორც ეს ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული.
ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსწავლეების შედეგები საერთაშორისო შეფასებებში ისევ დაბალია და ეროვნული შეფასებების შედეგების მიხედვით მოსწავლეების უმეტესობას დაბალი კომპეტენციები აქვს ადასტურებს, რომ სასკოლო გამოსაშვები გამოცდების შემოღებით განათლების სისტემაში არაფერი შეცვლილა სწავლა-სწავლების გაუმჯობესების კუთხით,“ - დასძინა მიხეილ ბატიაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს სასკოლო შეფასებების რეფორმირება იმისათვის, რომ შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული:
„კერძოდ, სადიაგნოსტიკო ხასიათის ცენტრალიზებული შეფასებები განხორციელდება მე-6 და მე-10 კლასის - ორი მნიშვნელოვანი სასწავლო საფეხურის ბოლოს სხვადასხვა საგანში. მისი მიზანი იქნება მეტი ინფორმაციის მიწოდება სკოლებისთვის მოსწავლეების ცოდნის, მოსწრების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს და უკეთესად დაიგეგმოს სწავლა-სწავლების პროცესი. სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას კი უზრუნველყოფს თავად სკოლა,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.