მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
„რამხელა რისკი და უნდობლობა იყო, რომ ჩვენი მასწავლებლები ვერ შეძლებდნენ, მაგრამ შეძლეს. დიდი შრომის ფასად, ხშირად ღამეებსაც ათენებდნენ“
საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის (სსიდა) განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მასწავლებლის წერილს აქვეყნებს.
„ჩვენს დისტანციურ საკლასო ოთახში მიმდინარეობს სწავლა ხალისითა და პროექტებით. დედამიწის დღის იუბილე ჩვენმა კლასმაც აღნიშნა შესანიშნავი პრეზენტაციებით. აქტიურობა და მონდომება დაასაწყისში რაც მქონდა არ გამნელებია. პირიქით, აზარტში შესვლა ცოდნია ამ ონლაინ სწავლებას.“
თამარ მოსიაშვილი მასწავლებლის წერილს თავის კომენტარსაც ურთავს:
„ალბათ, ამ სიტუაციას შესწავლა დასჭირდება, როგორ შეძლეს სკოლებმა და მასწავლებლებმა არსებული შესაძლებლობების გამოყენება, ერთმანეთისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის საფუძველზე სწავლის გაგრძელება. არადა, რამხელა რისკი და უნდობლობა იყო, რომ ჩვენი მასწავლებლები ვერ შეძლებდნენ, მაგრამ შეძლეს. დიდი შრომის ფასად, ხშირად ღამეებსაც ათენებდნენ,“ - წერს თამარ მოსიაშვილი.