მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
„საგაკვეთილო პროცესში, გამოცდებისათვის მოსამზადებელ დამატებით მეცადინეობებზე, სისტემატურად ვიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებს“
ზინა კალმახელიძე პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. ხანგრძლივი პედაგოგიური მუშაობის მანძილზე, მან პროფესიული განვითარების პარალელურად, შეძლო მიღებული გამოცდილება გაეაზრებინა და ისე მოერგო თავისი სკოლის საჭიროებებს.
ზინა, უკვე 18 წელიწადია, რაც გეოგრაფიის მასწავლებელია საქართველოს საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაციის მიღებისთანავე, მან მუშაობა დაიწყო ყაზბეგის საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. ამავე საგანს ასწავლიდა სხვადასხვა ქალაქის და რაიონის სკოლებშიც, აქვს დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც.
„საგაკვეთილო პროცესში, გამოცდებისათვის მოსამზადებელ დამატებით მეცადინეობებზე, სისტემატურად ვიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც ვფიქრობ, რომ მეტწილად განაპირობებს ჩემი მოსწავლეების მაღალ შედეგებს გამოსაშვებ და მისაღებ გამოცდებზე.“ - ამბობს ზინა კალმახელიძე.
მისთვის მრავალი გზა არსებობს მოსწავლეების მიღწევების გასაზრდელად. გეოგრაფიის მიმართულებით, მისი მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ და წარმატებებს აღწევენ სასწავლო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში, რისთვისაც ზინა კალმახელიძეს მიღებული აქვს მრავალი სიგელი და მადლობა. ზინა კალმახელიძე დაჯილდოებულია „სახალხო განათლების წარჩინებულის“ სამკერდე ნიშნით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სხვადასხვა წლებში ორჯერ აქვს მინიჭებული „წარმატებული მასწავლებლის“ წოდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძის გადაწყვეტილებით ზინა კალმახელიძეს მიენიჭა „დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება.