მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის 2019 წელს 150 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა - ფინანსთა მინისტრი
„2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე, ჯამში 150 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, უშუალოდ სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 135.5 მლნ ლარი.
„ამასთან, სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტი ნაწილობრივ გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, წინა წარდგენასთან შედარებით, გაიზარდა თითქმის 30 მლნ ლარით და სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე ჯამში მიიმართება 150 მლნ ლარზე მეტი, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, მზადდება განათლების რეფორმა, რომლის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს ქვეყანაში განათლების ხარისხი, რაც საბოლოოდ, ადამიანური რესურსების განვითარებას უზრუნველყოფს.