Baby Bag

მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასებისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა

მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასებისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასებისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა. შესაბამის ბრძანებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ​ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს. 

დოკუმენტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასებისა და წინადადებების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებმა აღნიშნულ პერიოდში უნდა შეაფასონ და წარადგინონ მხოლოდ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს N169/ნ ბრძანების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები, კერძოდ: ის მასწავლებლობის მაძიებლები, რომლებმაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს მასწავლებლობის მაძიებლობის ინტენსიური მოკლევადიანი პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და უფლება მიეცათ აღნიშნული ვალდებულებები შეესრულებინათ მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა

''მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის ვადა გახანგრძლივდა და რეგისტრაციის დამატებით თარიღად 2020 წლის 18 თებერვალი განისაზღვრა'' - აღნიშულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ რეგისტრაცია 3-დან 10 თებერვლის ჩათვლით იყო გამოცხადებული. თუმცა, რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტს მიმართეს მოქალაქეებმა, რომლებმაც სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო დადგენილ ვადებში ვერ შეძლეს ექსტერნად რეგისტრაცია. სამინისტრომ თხოვნა გაითვალისწინა და მათთვის რეგისტრაციის დამატებითი ვადები განისაზღვრა.

შეგახსენებთ რომ, ექსტერნის გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს აღემატება და გამოთქვამენ სურვილს პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით.

ექსტერნატის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის გამოცდები ჩატარდება 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.

დამატებით, მეთორმეტე კლასის ექსტერნატის წესით დაძლევის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდები ჩააბარონ მიმდინარე წლის ივნისშიც. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ექსტერნად რეგისტრაციის დამატებით ვადად განისაზღვრა 1-დან 5 ივნისის ჩათვლით, ხოლო გამოცდები მათთვის 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

წაიკითხეთ სრულად