Baby Bag

სამი მასწავლებლის სამი ამბავი - პედაგოგები გარე დაკვირვების გაკვეთილებს აფასებენ

სამი მასწავლებლის სამი ამბავი - პედაგოგები გარე დაკვირვების გაკვეთილებს აფასებენ

კორონავირუსმა და პანდემიამ, რომელიც უკვე ერთი წელია მსოფლიოში მძვინვარებს, თავისი კვალი ძალიან ბევრ რამეს დაამჩნია. მათ შორის, ყველაზე მეტად ვირუსმა განათლების სისტემა დააზარალა და პედაგოგები ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა. ერთ-ერთი მათგანი წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად გარე დაკვირვების ონლაინ გავლა აღმოჩნდა.

იმ პედაგოგებისთვის, რომლებსაც წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად გარე დაკვირვება გაზაფხულზე უნდა გაევლოთ, ამ წლის დასაწყისში კვლავ გამოცხადდა რეგისტრაცია და მათ საშუალება მიეცათ ამ სემესტრშივე გაევლოთ გარე დაკვირვება, იმის მიუხედავად, სწავლა პირისპირ იქნებოდა თუ ონლაინ. აქედან გამომდინარე, პედაგოგების გარკვეულ ნაწილს გარე დაკვირვების გავლა ონლაინ რეჟიმში მოუწია, გარკვეულ ნაწილს კი - ფიზიკურად, კვლავ საკლასო ოთახში.

​MomsEdu.ge ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე პედაგოგს გაესაუბრა და გთავაზობთ მათი თვალით დანახულ პროცესს - გარე დაკვირვება ონლაინ თუ საკლასო ოთახში.

თამარ ბლიაძე ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში ასწავლის მათემატიკას. ის იმ პედაგოგთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც გარე დაკვირვების გავლა ონლაინ მოუწიათ. პედაგოგის შეფასებით, გაკვეთილმა გეგმის მიხედვით, ხარვეზების გარეშე ჩაიარა.

„სიმართლე გითხრათ, ჩემმა გაკვეთილმა, როგორც დაგეგმილი მქონდა ისე ჩაიარა, უბრალოდ ცოტა მოდიფიცირება დასჭირდა. აქტივობები არ ამომიღია, თითქმის ყველა დავტოვე, უბრალოდ, შევამცირე, რადგან დროში შეზღუდული ვიყავი. ასევე, პირისპირ გაკვეთილისთვის მომზადებული თვალსაჩინოებები ვერ გამოვიყენე, თუმცა მოსწავლეებს ვაჩვენე ვიდეო და ამაზე იმუშავეს. მოგეხსენებათ, რომ მათემატიკის გაკვეთილი სამფაზიანი უნდა იყოს - წინარე ცოდნის გააქტიურება, ახალი მასალის მიწოდება და ცოდნის განმტკიცება, ვფიქრობ, რომ სამივე მეტ-ნაკლებად გამომივიდა“ - აღნიშნა მან.

მათემატიკის პედაგოგმა გარე დაკვირვებისთვის განსაზღვრული ოცწუთიანი გაკვეთილი მესამე კლასში ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები უმცროსკლასელები იყვნენ, მათთვის ონლაინ გაკვეთილზე გადართვა რთული არ ყოფილა და საგაკვეთილო პროცესი ტექნიკური ხარვეზების გარეშე წარიმართა.

„მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილზე მოქცევის წესები ავუხსენი, ეს მნიშვნელოვანია და ყველა პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს. მათ წინასწარ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და რა თქმა უნდა, იცავდნენ ამ წესებს. ესეც გარკვეულწილად წარმატებული გაკვეთილის საწინდარი აღმოჩნდა, ცხადია. მართალია, პროცესი შედარებით უფრო ნელა მიმდინარეობდა, ვიდრე საკლასო ოთახში, მაგრამ ამას რაიმე პრობლემა არ შეუქმნია ჩემთვის. შეფასების დროს, როდესაც მოსწავლეებს ვთხოვე განწყობა გადმოეცათ, ეს მათ სმაილებით გააკეთეს, რომელიც კლასის ჩატში გამოგზავნეს“.

თამარ ბლიაძის თქმით, გარე დაკვირვება რომ პირისპირ სწავლებისას გაევლო, უფრო მეტი თვალსაჩინოებისა და აქტივობის გამოყენების შესაძლებლობა ექნებოდა და გაკვეთილიც უფრო მრავალფეროვანი გამოვიდოდა, თუმცა ის არც ჩატარებული გაკვეთილითაა უკმაყოფილო და თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით პედაგოგებს რჩევებს უზიარებს: „პირველ რიგში, ნერვიულობა უნდა მოიხსნათ, მით უმეტეს, რომ ყველა დამკვირვებელი დადებითადაა განწყობილი. აუცილებლად უნდა აუხსნათ მოსწავლეებს, რომ დამკვირვებელი გაკვირდებათ თქვენ, მასწავლებელს და არა მათ. გასათვალისწინებელია დროის ფაქტორი და აუცილებლად გააკეთეთ შეფასება, რამდენიმე მოსწავლის მაინც. ასევე, დავალებები, რომლებსაც მოსწავლეებს მისცემთ, დავალებების ზოლში უნდა ხორციელდებოდეს, იქვე სწორდებოდეს და უკუკავშირით მისდიოდეს მოსწავლებს. კარგი იქნება, თუ წინასწარ გაუგზავნით მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასების ცხრილს, მე დამატებით მათ ჩვენი წიგნის ელ-ვერსიაც ავუტვირთე. მთავარია, არ ინერვიულოთ და ყველაფერი კარგად ჩაივლის. ყველას ვუსურვებ წარმატებებს“.

პირისპირ, საკლასო ოთახში გაიარა გარე დაკვირვება გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგმა ირა გოგილაშვილმა. გაკვეთილი პედაგოგმა მეათე კლასში ჩაატარა და მისი თქმით, ყველაფერმა ზედმიწევით კარგად ჩაიარა.

„მოგეხსენებათ, რომ მეათე კლასის მათემატიკაში თითქმის ძველი მასალების გამეორებაა, ამიტომ მოსწავლეებისთვის ის თემები, რაზეც მე გაკვეთილზე ვისაუბრე, უცნობი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, რაღაც-რაღაცები უცხო იყო, მაგრამ ამას გაკვეთილის პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. დროის ხარვეზი არ მქონია, მოსწავლეები აქტიურობდნენ და ძალიან ცოცხალი გაკვეთილი გამოგვივიდა. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ გარე დაკვირვება პირისპირ სწავლების პერიოდში მომიწევდა, ამ დღისთვის დიდი ხნის მანძილზე ვემზადებოდი და არა მხოლოდ მე. სიმართლე გითხრათ, ჩვენ, პედაგოგები ძალიან ბევრს ვშრომობთ, ბევრი ვიშრომეთ კვლევაზე, აქტივობებზე და ეს 45 წუთიანი გაკვეთილი არის ბოლო ეტაპი, რომელსაც თუკი წარმატებით გაივლი, გაწეული შრომა გიფასდება“.

გამოცდილი პედაგოგი სხვა პედაგოგებს ურჩევს, რომ პირველ რიგში, ნერვიულობა გვერდზე გადადონ: „მთავარია მშვიდად იყოთ - სანერვიულო არაფერია, ემოციებმა კი შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გაკვეთილებს აკვირდებიან, ასევე განათლების სფეროდან არიან და მათთვის უცხო არ არის ეს ყველაფერი, პირიქით, ისინი ძალიან კეთილგანწყობითა და გულისხმიერებით გვეკიდებიან და მაქსიმალურად სასიამოვნო გარემოს ქმნიან გაკვეთილზე. ამ ყველაფერის ფონზე კი თქვენი ნერვიულობა შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. მესმის რთულია, თუმცა თავი ხელში უნდა აიყვანოთ და ყველაფერი გამოგივათ“.

ამ პედაგოგებისგან განსხვავებით სულ სხვა ისტორიის ნაწილია ნათია იაკობაძე, ღურტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. ის იმ იშვიათ პედაგოგთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც საკუთარი შეცდომების აღიარების არ რცხვენიათ და ამას მომავალი გამარჯვებების გზაზე მოტივაციად იყენებენ.

ნათია იაკობაძე გარე დაკვირვების გაკვეთილის წარუმატებლად გავლას საკუთარ გამოუცდელობას აბრალებს და საკუთარი გაკვეთილის შესახებ გვიყვება:

„გარე დაკვირვებას გაზაფხულზე ველოდი, თუმცა ასე თუ ისე, ონლაინისთვისაც ვიყავი მზად. საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილი სულ სხვაა, უფრო ინტერაქტიული და ცოცხალი. დისტანციურად ძალიან რთულია სწავლება, რადგან პედაგოგი იგივე მშობელია მოსწავლეებისთვის და ეს ცივი ეკრანი ძალიან გვზღუდავს. კონტაქტი გვაქვს მათთან, მაგრამ ეს არ არის ისეთივე ხარისხის, როგორც საკლასო ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინაც ვასწავლით მოსწავლეებს, მაინც ძალიან გვიჭირს, მით უმეტეს, ხულოში, სადაც უამინდობის გამო ხშირად ინტერნეტი და შუქი არაა. ჩემი გაკვეთილის წარუმატებლობაც, ვფიქრობ, აქედან დაიწყო, როცა უშუქობის გამო ორი მოსწავლე ვერ შემოვიდა გაკვეთილზე. ისინი ძლიერი მოსწავლეები იყვნენ და მსურდა, ჩემს გაკვეთილს დასწრებოდნენ, თუმცა არც სხვა მოსწავლეებს ვემდური და მადლობა მათ.

არ მეგონა, რომ პირველივე გაკვეთილზე დამესწრებოდნენ და აქცენტს უფრო მესამე-მეოთხე გაკვეთილისთვის ვაკეთებდი და სწორედ აქ დავუშვი შეცდომა. ამას დაერთო ჩემი გამოუცდელობაც და ის, რომ დროზე გაცილებით მეტს ვნერვიულობდი, ვიდრე საჭირო იყო. ამის გამო, მოსწავლეების პასუხებს არ ველოდებოდი, არ ვასრულებინებდი მათ აზრს და ცხადია, ამ ყველაფერმა იმოქმედა საბოლოო შეფასებაზე. მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო, რომ ქალბატონი ნესტან რატიანი, რომელიც ჩემს გაკვეთილს ესწრებოდა, ძალიან კარგი ადამიანია და თავიდანვე დადებითად განეწყო ჩემ მიმართ. თუ შესაძლებლობა იქნება, ძალიან მინდა კვლავ ქალბატონი ნესტანი დაესწროს ჩემს გაკვეთილს. ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მინდა, რომ მისგან ბევრი ვისწავლო“.

ნათია იაკობაძის თქმით, პოსტის შემდეგ, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ძალიან ბევრი პედაგოგი გამოეხმაურა. მისი მხრიდან ეს ძალიან თამამი ნაბიჯი იყო და ამას ჩვენი სასკოლო საზოგადოება მიჩვეული არაა.

„ძალიან ბევრი მწერდა პირადში და მინდა ვუთხრა, რომ მე მათ გვერდით ვარ. გული არ გავიტეხოთ და უფრო მეტი შემართებითა და მონდომებით შევუდგეთ მუშაობას. ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ. მერე რა, რომ პატარა შეცდომა მოგვივიდა, ეს მარცხი არაფერს ნიშნავს, რადგან ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ, უფრო მეტს ვიბრძოლებთ და სასურველ შედეგსაც აუცილებლად მივაღწევთ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, მაქვს თუ არა იმის უფლება, რომ თავიდან გავიარო გარე დაკვირვება, თუმცა სურვილი ძალიან დიდი მაქვს. მინდა, რომ ჩემს შეცდომებზე ვისწავლო და გამოვასწორო ის ხარვეზები, რაც მქონდა“.

ახალგაზრდა პედაგოგის მსგავსად ძალიან ბევრ პედაგოგს აინტერესებს პასუხი კითხვაზე - ექნებათ თუ არა მათ კიდევ გარე დაკვირვების გავლის შანსი. პასუხი ჯერ უცნობია, თუმცა ნათია იაკობაძე მომავალს იმედით უყურებს და უკვე შემდეგ გაკვეთილსაც გეგმავს, რომელიც აუცილებლად წარმატებული იქნება. 

ავტორი: მარიამ მაშა გვარამია 

შეიძლება დაინტერესდეთ

​ფრთხებიან მასწავლებლები გამოცდების ხმაზე?!

​ფრთხებიან მასწავლებლები გამოცდების ხმაზე?!

თითქმის 15 წელია, რაც გაუთავებელი რეფორმებისა და სიახლეების ქაოსში ტრიალებს განათლების სისტემა. მერამდენე წელია ტარდება გამოცდები საგნობრივ თუ პროფესიულ ნაწილში და მერამდენე წელია, მომლოდინე ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სკოლაში სურთ სწავლება, იზრდება და იზრდება.

მაშინ, როდესაც მასწავლებლების გამოცდები პირველად დაანონსდა, ერთი ამბავი მოჰყვა ამ ამბავს. იყო შიში, გაურკვევლობა და სიახლეებისამდი მიუღებლობა, თუმცა, დროთა მანძილზე გამოჩნდა, რომ ეს გამოცდები პირდაპირ იქნებოდა მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე მიბმული და ყველა ეტაპზე „მუდამ მათთანა მყოფელი“. და ამ სიტუაციის შემდეგ, ალბათ ბევრი ვერც წარმოიდგენდა, რომ ახლაც კი, ამდენი წლის შემდეგ, მასწავლებელთა გამოცდები იქნებოდა ყოველ წელს აქტუალური თემა.

ის ადამიანები, რომლებიც წლებია ამ სისტემაში არიან, მიჩვეულნი იყვნენ იმას, რომ მათი პროფესიული უნარები ეჭვქვეშ არასდროს დადგებოდა, რადგან არასდროს არავის მოსვლია თავში, რომ პედაგოგების კვალიფიკაცია შეემოწმებინა. წლების მანძილზე სკოლა ის ადგილი იყო, სადაც თავს აფარებდნენ ადამიანები, იყვნენ კომფორტის ზონაში და სახელსა და პატივს ამოფარებულები, უშიშრად ეგებებოდნენ ყველა სიახლეს, რადგან მათი სკოლიდან წასვლა მხოლოდ მათსავე კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული.

არადა წლებმა თავისი ქნა და ისტორიულმა გამოცდილებამ და თანამედროვეობამ თვალნათლივ დაგვანახა ის, რომ მასწავლებლობა სულაც არაა ხელშეუხებელი პროფესია და პირიქით, სწორედ მასწავლებლებს სჭირდებათ მუდმივი სიახლეების რეჟიმში ცხოვრება, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ბევრი რამ.

სკოლაში მიღებული განათლება და გამოცდილება მთელი ცხოვრების მანძილზე გვდევს თან. პირადად მე, სკოლაში მიღებული ზოგადი განათლებით ვიწონებ დღემდე თავს და ალბათ, მივეკუთვნები იმ ადამიანების უიშვიათეს რიცხვს, რომლებსაც გაუმართლათ და სკოლაში მხოლოდ კითხვაზე „რა“ კი არ სთხოვდნენ პასუხს, არამედ, „რატომ“ და „როგორ“ კითხვებიც საკმაოდ აქტუალური იყო.

წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება იმის თქმის საფუძველს ნამდვილად იძლევა, რომ ყოველ წელს თუ არა, ზოგჯერ მაინც უნდა შემოწმდეს იმ ადამიანების კვალიფიკაცია, რომლებსაც ჩვენი შვილების აღზრდას ვანდობთ. კვალიფიკაციაში მხოლოდ საგნის სწავლება არ იგულისხმება, რადგან მასწავლებელმა შეიძლება საგანი ზედმიწევნით იცოდეს, თუმცა, ის უნარები, რაც უშუალოდ სწავლების პროცესს სჭირდება, უბრალოდ არ გააჩნდეს ან პირიქით, უყვარდეს და პატივს სცემდეს მოსწავლეებს, თუმცა, მისი ცოდნა არ შეესაბამებოდეს გარემოს მოთხოვნებს.

როცა ამ ბლოგს ვწერდი, სოციალურ ქსელში ერთ ვიდეოს გადავაწყდი, სადაც ერთ-ერთი მასწავლებელი იმ შემთხვევაში, თუ სკოლიდან გაუშვებდნენ, სუიციდით იმუქრებოდა. რა თქმა უნდა, ზედმეტი სენტიმენტალიზმით გაჟღენთილი ამბის უკან არაფერი იყო იმის შესახებ ნათქვამი, თუ, რატომ და როგორ დადგა ეს კონკრეტული ადამიანი ამ შედეგის წინაშე.

დაახლოებით სამი წელია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აანონსებს სკოლებიდან იმ პედაგოგების გაშვებას, რომლებიც ვერ ჩააბარებენ იმ გამოცდებს, რომლებიც მათ უნარებსა და რაც მთავარია, საგნის ცოდნას ამოწმებს. ცხადია, ამ წლების მანძილზე არც ერთ პედაგოგს არ დაუტოვებია სკოლა, რადგან ეს პროცესი იმდენად მარტივი ნამდვილად არაა, როგორსაც სამინისტრო წარმოგვიდგენს. ამ არასწორმა პრაქტიკამ კი მიგვიყვანა იმ პროცესამდე, რომელსაც ახლა ყველანი ერთად ვუყურებთ და რაც მთავარია, განვიცდით იმას, თუ, რა ხდება სკოლებში.

ცხადია, მმართველი რგოლის დადანაშაულება ბევრ რამეში შეიძლება და სამინისტროს არათანმიმდევრული ნაბიჯების ჩამოთვლა ძალიან, ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა, ვფიქრობ, რომ მეორე მხარეს, ანუ მასწავლებლების მხარეს მსხვერპლის ადგილი ნამდვილად არ არის.

წარმოიდგინეთ, რომ მთელი ოცი წელია სკოლაში ასწავლით. ამ ოცი წლის მანძილზე არავის არასდროს არ შეუწუხებიხართ და თუ გაწუხებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს განვითარებაზე ზრუნავდნენ. თქვენი მოსწავლეები აბარებდნენ გამოცდებს, ზოგი თავისით, ზოგი რეპეტიტორების დახმარებით, თუმცა, მაინც მიიჩნეოდა, რომ წარმატებული მასწავლებელი ხართ და აი, დადგა, დრო, როდესაც, იმისთვის, რომ ისევ თქვენ განვითარდეთ პროფესიულად, აგიმაღლდეთ სტატუსი და შესაბამისად, მოგემატოთ ანაზღაურება, გთხოვენ, იმ საგანში ჩააბაროთ გამოცდა, რომელსაც ოცი წელია ასწავლით. და თქვენ ამ გამოცდას ვერ აბარებთ. იმ საგნის გამოცდას, რომელიც ჯერ ოთხი წელი ისწავლეთ უნივერსიტეტში და შემდეგ ოცი წელი სხვებს ასწავლიდით. ხომ თქვენც ხვდებით, რომ აბსურდია?!

ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია იმ ტესტების ნახვა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგებს სთავაზობს და ალბათ, აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტესტები იმდენად მწირ და მიზერულ ცოდნას ამოწმებს, რომ ნამდვილად აბსურდია იმის თქმა, რომ დაუძლეველი და რთული საკითხებია, მით უმეტეს, იმ ადამიანისთვის, რომელიც წლებია სკოლაში ასწავლის.

ამას ისიც ემატება, რომ მთავარი მაქსიმალური ქულის ან თუნდაც, ქულათა ნახევრის აღება კი არა, არამედ, მინიმალურზე მინიმალური ზღვარის გადალახვაა, მაშინ როდესაც სხვებისთვის, ვისაც მასწავლებლობა უნდა, ზღვარი მაქსიმალური ქულის 60 პროცენტზე მეტი იყო. და ეს „სხვები“ იმაზე მეტად წარმატებით აბარებენ ამ გამოცდებს და ადასტურებენ მასწავლებლის კომპეტენციას, ვიდრე მოქმედი მასწავლებლები.

და ამ ყველაფრის შემდეგ სასირცხვილო თუ არა, მინიმუმ, უხერხეული მაინცაა მსხვერპლის როლში თავის წარმოჩენა და იმის მტკიცება, რომ ეს კონკრეტული გამოცდები „სპეციალურად იმისთვის მოიგონეს, რომ მასწავლებლები სკოლებიდან გაგვიშვან“.

თანამედროვე სამყაროში მასწავლებლობა აღარ არის ისეთი მარტივი, როგორც წლების წინ იყო. პრინციპში, აღარც სამყაროა ისეთი, როგორიც ადრე და ამ სამყაროში სკოლამ უნდა შეასრულოს თავისი ღირსეული როლი, როლი, რომელიც აკისრია პიროვნებების ჩამოყალიბების პროცესში. სკოლის შემადგენელი ძირითადი ბირთვი კი მასწავლებლები არიან, რომლებიც, ალბათ, სანამ ვინმე სხვის ჩამოყალიბებაზე დაიწყებენ ზრუნვას, თავად უნდა განვითარდნენ. და ამ პროცესის მიმდინარეობისას ალბათ მივალ იმ ეტაპამდეც, როდესაც, თუ ჩვენი შესაძლებლობები და გარემოს მოთხოვნები არ მოდის შესაბამისობაში, უბრალოდ, მივხვდეთ, რომ ამ კონკრეტულ პროფესიაში ჩვენი ადგილი არ არის. 

წაიკითხეთ სრულად