Baby Bag

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისათვის

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისათვის

აქტიური და საინტერესო სესიები, თანამედროვე სწავლების მეთოდები, განათლების სფეროში მოღვაწე კვალიფიციური ქართველი და უცხოელი ტრენერები, თეორიული ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღება - ესაა ის მცირე ჩამონათვალი, რასაც English Book Education-ის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა მასწავლებლებს სთავაზობს.

English Book Education ყოველთვის ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მასწავლებლების მხარდასაჭერად, 5-15 და 19-30 ივლისს English Book Education ინგლისური ენის პედაგოგებისთვის მართავს საზაფხულო სკოლას.

საზაფხულო სკოლის მიზანია მასწავლებლებს ინოვაციური, კრეატიული და თანამედროვე სწავლების შესაბამისი მეთოდები გააცნოს, შექმნან მათ საგაკვეთილო ჩარჩოზე მორგებული მასალები, რომლებსაც გამოიყენებენ ახალ აკადემიურ წელს.

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის მოიცავს პროფესიული განვითარების 5 კურსს:

Teaching Young Learners Course წარმოადგენს 2-კვირიან პროფესიული განვითარების კურსს, რომელიც მოიცავს სწავლების თანამედროვე მეთოდებს, სიმღერების, ვიდეოების, თამაშებისა და ონლაინ პლატფორმების ეფექტურ გამოყენებას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ინგლისური ენის დონის გასაუმჯობესებლად და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გასაზრდელად.

Teaching Teenagers Course მოიცავს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ 2-კვირიან კურსს, რომელიც პედაგოგებს გააცნობს სწავლების უახლეს ტენდენციებს, პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას, თინეიჯერებისთვის კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების ხერხებს.

Teaching Adults Course უზრუნველყოფსპედაგოგის კომპეტენციის გასაუმჯობესებელ 2-კვირიან ინტენსიურ კურსს, რომელიც კითხვის, წერის, მოსმენისა და ლაპარაკის განვითარების მეთოდებს აერთიანებს. მასწავლებლები, ასევე, შეისწავლიან ზრდასრული მოსწავლეებისთვის საინტერესო და მარტივად ასათვისებელი გაკვეთილების ჩატარების გზებსა და კომპლექსური უკუკავშირის მიწოდებას.

Practice of English Language Teaching სთავაზობს ინგლისური ენის პედაგოგებს 2-კვირიან პროფესიული განვითარების კურსს, რომელიცმათ გაუზიარებს მნიშვნელოვან მეთოდებსა და მიდგომებს მოსწავლეთა თავდაჯერებულობის, მოტივაციისა და ავტონომიურობის გასაზრდელად. ასევე, კურსის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნობიან შებრუნებული საკლასო ოთახისა და დიფერენცირებული სწავლების მოდელებს, შეისწავლიან კომპლექსური უკუკავშირის ჩამოყალიბებასა და შეცდომების გასწორების ეფექტურ ტექნიკებს.

Preparation Course for the TOEFL IBT® Test შექმნილია იმისათვის, რომ 12 გაკვეთილის განმავლობაში გამოცდის ჩაბარების მსურველებს განუვითაროს ყველა საჭირო უნარი, რომლებიც TOEFL IBT® ტესტის წარმატებით ჩაბარებისთვის არის საჭირო. მონაწილეები სპეციალურად ამ ტესტისთვის მოსამზადებელი სახელმძღვანელოს -Testbuilder for TOEFL IBT® Test-ის საშუალებით პრაქტიკაში გამოცდიან თავიანთ ცოდნას და აიმაღლებენ ინგლისური ენის კომპეტენციას, რაც მათი ტესტის შედეგს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

საზაფხულო სკოლის კურსებს წარუძღვებიან English Book Education-ის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესიონალი ტრენერები, რომლებსაც განათლების სფეროში მოღვაწეობის, ინგლისური ენის სწავლებისა და ტრენერობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

ნიკოლ არაგონა -აქვს 10 წლიანი გამოცდილება იგლისური ენის სწავლებაში. აქტიურად არის ჩართული განათლების სისტემის ორგანიზებაში. ნიკოლიასწავლიდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ფლორიდაში, 2012-19 წლებში მუშაობდა ქუვეითში, ხოლო ბოლო წლებია, რაც English Book Education-თან თანამშრობლობს და ასწავლის Unique Learning-ში. ნიკოლი მონაწილეობას იღებდა ტელესკოლის I სეზონის ინგლისური ენის გაკვეთილების დაგეგმვასა და შედგენაში. Summers School for Teachers ფარგლებში ნიკოლი გაუძღვება Teaching Young Learners კურსს და გაგიზიარებთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

ანი დემეტრაშვილი - 12 წლიანი სწავლების გამოცდილება როგორც საერთაშორისო, ასევე ქართველ სტუდენტებთან. აქვს CELTA-ს კვალიფიკაცია.ანი English Book Education იკავებს საერთაშორისიო გამოცდების (TOEFL, Pearson International Test და Language Cert) დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას.

Summer School for Teachers ფარგლებში ანი გაუძღვება Teaching Teenagers კურსს, გაგიზიარებთ თავის ცოდნასა და გამოცდილებას, თქვენთან ერთად განიხილავს საგაკვეთილო პროცესის სწორად დაგეგმვასა და თინეიჯერებთან ურთიერთობის თავისებურებებს.

თეონა ხაჩიძე - აქვს 10 წლიანი სწავლების გამოცდილება და 7 წელზე მეტია ჩართულია საერთაშორისო კონფერენციების, ტრენინგების და კურსების შექმნაში. მისი გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო გამომცემლობებთან, სახელძღვანელობის ავტორებთან და ექსპერტებთან ურთიერთობას და მასწავლებელზე მორგებული კურსების შექმნას. მისი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ტელესკოლა - ინგლისურის დრო. აქვს CELTA-ს კვალიფიკაცია. თეონა English Book Education - ში ხელმძღვანელობსუწყვეტი პროფესიული განვითარების დეპარტამენტს.Summer School for Teachersფარგლებში თეონა გაუძღვება Teaching Adults კურსს, გაგაცნობთ თანამედროვე სწავლების პრაქტიკულ სტრატეგიებს და ერთად დაგეგმავთ თქვენი გაკვეთილისთვის საჭირო აქტივობებს.

ლიკა გაბაძე - აქვს საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადების მრავალწლიანი პრაქტიკა. იგი არის ETS Global-ის მიერ აკრედიტირებული TOEFL Test Centre Administrator. ამავე დროს, ლიკა ხელმძღვანელობს საერთაშორისო Scholarship პროგრამებს სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც მოიცავს მათ მომზადებასაც. უკვე 40-ზე მოსწავლე გააგზავნა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით. Summer School for Teachers ფარგლებში ლიკა გაუძღვება TOEFL IBT® ტესტისთვის მოსამზადებელ კურსს.შემოგვიერთდით, თუ გსურთ გაეცნოთ ტესტის ჩაბარების სტრატეგიებს დაიყოთ უფრო თავდაჯერებული.

ნინო ღვინიაშვილი - შვიდ წელზე მეტია იკავებს აკადემიური ხელძღვანელის პოზიციას, Unique Learning-ში. იგი ქმნის და ანხორციელებს უამრავ სასწავლო პროგრამას სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის. აქვს სწავლების 12-წლიანიგამოცდილება და ფლობს CELTA-ს კვალიფიკაციას. ორგანიზებას უწევს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სხვადასხვა ტრეინინგს როგორც საერთაშორისო, ასევე ქართველი მასწავლებლებისთვის. Summer School for Teachers ფარგლებში ნინო გაუძღვება Practice of English Language Teaching კურსს, სადაც განიხილავს სწავლა-სწავლებისთვის საჭირო თანამედროვე უნარებსა და მათ პრაქტიკაში გამოყენების ხერხებს.

იხილეთ საზაფხულო სკოლის კურსების ღირებულება და სპეციალური ფასდაკლება Teachers’ Union-ის წევრებისათვის.

1. Teaching Young Learners course450 ლარი

20%-იანი ფასდაკლება Teachers’ Union-ის წევრებისათვის

2. Teaching Teenagers course - 450 ლარი

20%-იანი ფასდაკლება Teachers’ Union-ის წევრებისათვის

3. Teaching Adults course450 ფლარი

20%-იანი ფასდაკლება Teachers’ Union-ის წევრებისათვის

4. Course: Practice of English Language Teaching450 ლარი

20%-იანი ფასდაკლება Teachers’ Union-ის წევრებისათვის

5. Preparation Course for the TOEFL IBT® test550 ლარი

20%-იანი ფასდაკლება Teachers’ Union-ის წევრებისათვის

საზაფხულო სკოლის ორივე სესია ინგლისურ ენაზე დისტანციურ რეჟიმში, Zoom პლატფორმის საშუალებით ჩატარდება. თითოეული კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

დეტალური ინფორმაციისთვის და კურსებზე რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს - სარეგისტრაციო ბმული

ბლოგი - Summer school for teachers

საკონტაქტო ინფორმაცია

Email: [email protected] |

[email protected]

Tel: 599313289

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბულინგის პრევენცია სახლიდან იწყება - როგორ დავეხმაროთ ბავშვს ბულინგთან და სტრესთან გამკლავებაში

ბულინგის პრევენცია სახლიდან იწყება - როგორ დავეხმაროთ ბავშვს ბულინგთან და სტრესთან გამკლავებაში

თანამედროვე სამყაროში ბულინგი საერთაშორისო მნიშვნელობის ​პრობლემაა. თუ გარკვეული წლების წინ ბავშვის მიერ თავის თანატოლზე განხორციელებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ჩვენს დროში ბულინგს გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობენ, რადგან ბავშვთა შორის ძალადობამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია. ამერიკელი ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით 160 000 ბავშვი, ყოველდღიურად უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე, რადგან თანატოლების მხრიდან გამოვლენილი აგრესიის შიში აქვს. საუბედუროდ, ბულინგი მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე არ ხდება.

სკოლიდან სახლში დაბრუნებული ბავშვი ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობა ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელებისა თუ სატელეფონო შეტყობინებების წყალობით არცთუ იშვიათ მოვლენას წარმოადგენს და ძალადობის ამ ფორმას ფატალური შედეგების გამოწვევაც შეუძლია. ბულინგი სერიოზულ საფრთხეს უქმნის თქვენი შვილის ფსიქიკასა და ჯანმრთელობას. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა დახმარებით ბავშვს ბულინგთან და სტრესთან გამკლავებას ასწავლით.

ყურადღება მიაქციეთ დეტალებს

ბავშვის ქცევა ან მისი ზოგადი ფიზიკური მდგომარეობა ძალიან ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. თუ თქვენი შვილის სხეულზე რაიმე სახის ჩალურჯებას ამჩნევთ, ან ხედავთ, რომ ბავშვს ნორმალურად გადაადგილება უჭირს, შესაძლოა ეს მის მიმართ გამოვლენილ ფიზიკურ ძალადობაზე მიანიშნებდეს. თუ თქვენი შვილი გეუბნებათ, რომ მას სკოლაში წასვლა არ სურს, სიღრმისეულად გამოიკვლიეთ მისი უარყოფითი განწყობის მიზეზები. ბავშვები თავიანთ განცდებს ხშირად მეტად თვალსაჩინოდ გამოხატავენ. მათში დაგროვილი აგრესია ქცევის მოულოდნელ (აუცილებლად უარყოფით) ცვლილებაში ვლინდება. ისინი უფრო ემოციურები, აგრესიულები, მოუსვენრები ხდებიან, უჭირთ ღრმად ჩაძინება, მეტისმეტად უქვეითდებათ ან უმძაფრდებათ მადა, მათი აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვან გაუარესებას განიცდის. თუ თქვენს შვილს მსგავს ცვლილებებს ატყობთ, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგან აღნიშნული ცვლილებები, შესაძლოა, სწორედ ბულინგის უარყოფითი ეფექტების გამოვლინება იყოს. თუ ბავშვის ქცევა უარესობისკენ იცვლება, ეს აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ მას აბულინგებენ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღების გამოჩენა გმართებთ.

ისაუბრეთ თქვენს შვილთან

ბავშვს აუცილებლად დაუსვით კითხვები. მიეცით მას საშუალება თავის გრძნობებსა და ცხოვრებაზე გულახდილად გესაუბროთ. ჰკითხეთ თქვენს შვილს, ვისთან მეგობრობს და ვისი გაგება უჭირს. ბავშვთან ჯანსაღი კომუნიკაცია მანამდე უნდა გქონდეთ, ვიდრე მას რაიმე სახის პრობლემა შეექმნება, რათა მასზე გამოვლენილი ძალადობის შემთხვევაში გულახდილად გესაუბროთ თავის მდგომარეობაზე. თუ ატყობთ, რომ ბავშვი განსაცდელშია, აუცილებლად გამოიკვლიეთ, თუ რა პრობლემის წინაშე დგას. გამოიძიეთ ყოველი დეტალი და არცერთი ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვოთ. ბავშვთან ყოველთვის გულახდილი იყავით და მას პირდაპირი კითხვები დაუსვით, რადგან ბავშვები გახსნილობას ძალიან აფასებენ. ყურადღებით მოუსმინეთ თითოეულ სიტყვას, რომელსაც თქვენი შვილი გეუბნებათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. გაბრაზებას ერიდეთ, რადგან ბავშვები თქვენგან მკაცრ ქმედებებს არ მოელიან. მათ საკუთარ პრობლემებზე გულახდილი საუბარი და თქვენგან მხარდაჭერის მიღება სურთ. ბულინგს ბავშვი ხშირად დეპრესიამდე მიჰყავს, რამაც, შესაძლოა, მას საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებაც კი აიძულოს. იყავით თქვენი შვილის საიმედო მეგობარი, რათა მძიმე ვითარებაში მან საკუთარ პრობლემაზე ღიად საუბარი შეძლოს.

იყავით პოზიტიური

ბავშვისთვის მშობელი მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. თქვენი ქცევით ბავშვს გარკვეული მიმართულება უნდა მისცეთ. მასთან ურთიერთობაში ყოველთვის თავაზიანი და მოსიყვარულე იყავით. შენიშვნის მიცემისასაც სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნუ მიაყენებთ ბავშვს შეურაცხყოფას. ასწავლეთ მას, რომ სხვისთვის ტკივილის მიყენება არ არის კარგი საქციელი. ბავშვს აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ ის სხვის დაჩაგვრას არ უნდა შეეგუოს და თუ ბულინგის სცენის მომსწრე გახდება, აუცილებლად დაიცვას ჩაგრული. ბავშვმა თქვენგან უნდა ისწავლოს, როგორ მოიქცეს მსგავს ვითარებაში. მან უნდა იცოდეს, თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს უფროსებისგან ან თანატოლებისგან, როდესაც ის ბულინგის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს. თქვენი სიტყვითა და ქცევით ბავშვს უნდა ასწავლოთ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ღირსეული ადამიანი სხვებთან ურთიერთობისას.

ბულინგის პრევენცია სახლიდან იწყება

გაზარდეთ თავდაჯერებული ბავშვი

თავდაჯერებული ბავშვის თვითშეფასებას ბულინგი ვერ დააზიანებს. დაეხმარეთ მას საკუთარი ჰობის აღმოჩენაში, შეუქმენით ისეთი სოციალური გარემო, სადაც მას საკუთარ თავში საუკეთესო თვისებების აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობა მიეცემა. მყარი მეგობრული ურთიერთობები ბავშვს ნებისმიერი სახის დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარება. დაეხმარეთ თქვენს შვილს იყოს მეტად აზარტული და არ შეუშინდეს ახალ გამოწვევებს. აუცილებლად უთხარით თქვენს შვილს კომპლიმენტები, აუხსენით, რა მოგწონთ მასში ყველაზე მეტად, რათა მისი დადებითი თვისებები და პოზიტიური ქცევები წაახალისოთ. მშობლები ხშირად ბავშვის უარყოფით ქცევებზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი ყველაზე უკეთ მაშინ გისმენთ, როდესაც მის მიღწევებზე ესაუბრებით. ძლიერი ხასიათის მქონე, თავდაჯერებული ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ თქვენს შვილს სწორად აღზრდით, მას ბულინგისგან მარტივად დაიცავთ.

დაეხმარეთ ბავშვს პრობლემის დაძლევაში

თუ თქვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია, აუხსენით მას, რომ ის დამნაშავე არ არის და რომ მას არაფრის უნდა ეშინოდეს, რადგან თქვენ მის გვერდით ხართ. ესაუბრეთ ბავშვს თქვენს განცდებზე, აუხსენით, როგორ მოიქცეოდით მის მდგომარეობაში რომ ყოფილიყავით. როდესაც თქვენს შვილს ზურგიდან უზარმაზარი ტვირთის მოხსნაში დაეხმარებით, მის ნდობას მოიპოვებთ, რაც მას პრობლემის დაძლევაში დაეხმარება. ასწავლეთ ბავშვს იყოს მეტად გახსნილი და გულახდილი. დაეხმარეთ მას თავდაცვითი უნარების განვითარებაში. უთხარით ბავშვს, რომ მჩაგვრელის ძალაუფლებას არ უნდა დანებდეს და თავისი უფლებების დასაცავად იბრძოლოს. თქვენს შვილს აგრძნობინეთ, რომ ის ძლიერია და არ უნდა დანებდეს.

ებრძოლეთ ბულინგს სახლში

თუ ბავშვს სახლში უფროსი და-ძმა ჰყავს, რომლებიც მას, როგორც სუსტსა და პატარას, ჩაგრავენ და ცუდად ექცევიან, დიდია იმის ალბათობა, რომ ოჯახის წევრებისგან დაჩაგრული ბავშვი აგრესიას თანატოლებთან გამოავლენს. ის აუცილებლად იპოვის სკოლაში თავისზე უფრო სუსტს, რომელსაც დაჩაგრავს. ბავშვები, რომლებიც სხვებზე ძალადობენ, თავადაც ძალადობის მსხვერპლები არიან, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ხშირად კარგად აღზრდილი, ჯანსაღ სოციალურ გარემოში მყოფი ბავშვიც ავლენს აგრესიას და სხვების დაჩაგვრას ცდილობს. მსგავს შემთხვევაში აუცილებელია მოზარდის აგრესიულობის მიზეზის დადგენა. შესაძლოა, ბავშვი თავს მეტისმეტად შეზღუდულად გრძნობდეს, არ ჰქონდეს არჩევანის გაკეთების თავისუფლება. მიეცით ბავშვს საშუალება გარკვეული გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.

ითანამშრომლეთ სკოლასთან

სკოლასთან თანამშრომლობა ნებისმიერი მშობლისთვის აუცილებელია. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ სკოლის ადმინისტრაცია ნებისმიერი კონფლიქტისა და ინციდენტის სრულად აღმოფხვრას თავად შეძლებს. აუცილებლად აცნობეთ მასწავლებელს თითოეული უსიამოვნო შემთხვევის შესახებ, რომელიც თქვენთვის ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები ბულინგს უფრო და უფრო აქტიურად ებრძვიან, მშობლების მხრიდან მეტი ჩართულობა აუცილებელია, რადგან მხოლოდ სკოლას ბულინგის სრულად აღმოსაფხვრელად სათანადო რესურსი არ გააჩნია. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ყოველდღიურ ქცევას. ფრთხილად იყავით, რათა ის კიბერბულინგის მსხვერპლად არ იქცეს. სოციალური ქსელების ხელმისაწვდომობა ბავშვებს სხვების ჩაგვრის უფრო დაუნდობელი მეთოდების ძიების საშუალებას აძლევს, რადგან მათ შესაძლებლობა აქვთ საკუთარი აგრესია ანონიმურად გამოავლინონ. ჩაერთეთ სკოლის მიერ წამოწყებულ ნებისმიერ ანტიძალადობრივ კამპანიაში, ითანამშრომლეთ პედაგოგებთან, მოიძიეთ მეტი ინფორმაცია ბულინგის შესახებ და რაც მთავარია, იყავით თქვენი შვილის უახლოესი მეგობარი.

ავტორი: ია ნაროუშვილი
წაიკითხეთ სრულად