Baby Bag

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    სწავლება კლას-კომპლექტში - საჭიროებით შექმნილი აუცილებლობა თუ სამინისტროს მიერ დაზოგილი თანხები?

    სწავლება კლას-კომპლექტში - საჭიროებით შექმნილი აუცილებლობა თუ სამინისტროს მიერ დაზოგილი თანხები?

    მაღალმთიან რაიონებში, სადაც მოსწავლეთა მცირე კონტიგენტია, პირველ-მეოთხე კლასებში სწავლება კლას-კომპლექტებში მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ორი კლასი გაერთიანებულია. მაგალითად, პირველი-მეორე კლასი, მესამე-მეოთხე კლასი და მოსწავლებს ერთად უტარდებათ ქართული, მათემატიკა და ყველა ის სასკოლო საგანი, რაც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული.

    სწავლება კლას-კომპლექტებში ქმნის არაერთ პრობლემას: მასწავლებელს უჭირს დროის განაწილება, მოსწავლეები ორ სხვადასხვა გაკვეთილს ისმენენ და რთულად აღიქვამენ. ასევე, როცა ერთი კლასი წერით დავალებებზე მუშაობს, მეორე კლასი აქტურად არის, რაც ხელს უშლის მოსწავლეებს და მასწავლებელსაც მიზნის მიღწევაში. პედაგოგს უწევს ერთდროულად ორ კლასთან გაკვეთილის ჩატარება და ანაზღაურებას იღებს მიზერულ თანხას - 46 ლარს დანამატად, როგორც კლასკომპლექტში სწავლების, ხოლო საათი უნაზღაურდება ჩვეულებრივ, როგორც ერთ კლასში ჩატარებული გაკვეთილი.

    მასწავლებლები ასევე ჩივიან იმასაც, რომ ამ მიმართულებით ტრენერებს არ აქვთ ინფორმაცია და ტრენინგ-კურსებიც ინტენსიურად და მასიურად არ ტარდება.

    საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით რას გვეტყვიან განათლების სამინისტროში, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

    ამის შემდეგ გადავწყვიტეთ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის მიგვემართა, რადგან სწორედ აჭარის მაღალმთიანეთშიც ასე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსს დურმიშხან შავიშვილს.

    საუბრისას ბატონმა დურმიშხანმა აღნიშნა, რომ კლას-კომპლექტში სწავლება ახალი არ არის და ეს გამოწვეულია მოსახლეობის მიგრაციით სოფლიდან ქალაქში, რის გამოც მოსწავლეთა მცირეკონტიგენტიან სკოლებში დადგა საჭიროება სწავლის ასეთი ფორმის შემოღებისა და ეს წლებია გრძელდება  უფრო მეტსაც გეტყვით, თქვა რესურსცენტრის უფროსმა, მეც კლას კომპლექტში ვსწავლობდი და სწავლების ამ ფორმატში ვერ ვხედავ ვერავითარ პრობლემას, მართალია, რთულია, მოითხოვს თავისებურ მიდგომას, მაგრამ შეუძლებელი არაა და პედაგოგებს დაგროვილი გამოცდილებებით შეუძლიათ შედეგზე გასვლა.

    რაც შეეხება კლასკომპლექტის დანამატის შესახებ კითხვას, მან აღნიშნა, რომ უკეთესია, მასწავლებლები მეტს იღებდნენ, მაგრამ არსებული ანაზღაურება უსამართლო არაა. პედაგოგებს, რომლებიც ასეთ კლასებში მუშაობენ, ბატონმა დურმიშხანმა ურჩია მეტი იშრომონ, იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე და მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა ტრენინგ-კურსებში მიიღონ მონაწილეობა, ხოლო თუ დახმარება დასჭირდებათ, შეუძლიათ ადგილობრივ რესურსცენტრებს მიმართონ.

    რაც შეეხება კლასკომპლექტში მომუშავე პედაგოგების პროფესიულ გადამზადებას, მასწავლებელთა სახლის ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ.

    ​მოამზადა მელანო ებრალიძემ

    წაიკითხეთ სრულად