Baby Bag

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    „მისნაირებთან კონტაქტი ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, შეუქცევადი პროცესები განვითარდეს,“- ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი

    ​​ბავშვთა ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ბავშვებზე სტრესის გავლენის შესახებ საუბრობს:

    „ბავშვობა არის განსაკუთრებული, უნიკალური პერიოდი, რომელიც არასდროს აღარ მეორდება. ბავშვი გაივლის ორ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს. პირველი კრიზისი არის სამი წლის ასაკში, როდესაც დგება სოციალიზაციის პირველი ეტაპი. ბავშვი მიდის​ ​საბავშვო ბაღში, ეცნობა თანატოლებს. შემდეგი ეტაპი არის 6 წლის ასაკი, როდესაც ბავშვი მიდის სკოლაში და ეცვლება სტატუსი. ადამიანი არის ბიო-ფსიქო-სოციალური არსება. მისნაირებთან კონტაქტი ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, შეუქცევადი პროცესები განვითარდეს, დაისტრესოს ბავშვი, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აისახოს ეს. სტრესს როგორც მაორგანიზებელი, ისე მადეზორგანიზებელი ეფექტი აქვს.“

    ნანა გოგიჩაშვილის თქმით, კოვიდ-19-მა მოულოდნელად შეცვალა ბავშვების ცხოვრების წესი, რაც მათზე უდიდეს გავლენას ახდენს:

    „ამ შემთხვევაში, მოულოდნელად შეიცვალა ცხოვრების წესი და რუტინა. მოხდა ბავშვის იძულებითი დისტანცირება თანატოლებისგან, მეგობრებისგან, სასკოლო სივრცისგან. არ არის პასუხი, ეს ყველაფერი არაპროგნოზირებადია. რა თქმა უნდა, ლომის წილი მოდის მშობლების კეთილგონიერებაზე. მშობლების მიერ პრობლემის აღქმასა და ბავშვამდე ინფორმაციის გასაგები ენით მიტანაზე. ​მშობლის განწყობა პირდაპირ გადადის ბავშვზე. ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რა არის პანდემია, რატომ მოუწიათ სახლში ჯდომა, რას ნიშნავს ონალინ სწავლება. დამიჯერეთ, პირველივე კვირის ბოლოს ყველა ბავშვს უნდოდა სკოლაში დაბრუნება. ბავშვები მიხვდნენ, რომ ეს არ არის კომუნიკაციის ის ფორმა, რომელიც მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. არამარტო სკოლა, სპორტის წრეები, სახელოვნებო წრეები, კომუნიკაციის ყველა ფორმატი აღიკვეთა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დადო ოფიციალური სტატისტიკა, რომ ოჯახურმა ძალადობამ მოიმატა. ეს საქართველოზეც აისახა. უცბად ერთ სივრცეში რამდენიმე ადამიანი ჩაიკეტა.“

    ნანა გოგიჩაშვილი აღნიშნავს, რომ სკოლის ჩაკეტვა სოციალური დისტანცირების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია:

    ​სკოლის ჩაკეტვა მოცემულ ეტაპზე არის სოციალური დისტანცირების ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი. მილიარდზე მეტი მოსწავლე გადასულია სწავლების ონლაინ ფორმატზე. კაცობრიობამ პაუზა აიღო. ბავშვებს ხელების ხშირი დაბანის სწავლებაში თავადაც ვეხმარებოდი, არომატულ საპონს ვყიდულობდი. ახლა პატარამ თვითონ მოიფიქრა, რომ საპნის ბუშტებს ბერავს ხელების დაბანისას. ჟანდარმივით არ უნდა დაადგე ბავშვს, არ უნდა უთხრა: „დაიბანე ხელი!“ რა თქმა უნდა, ამას წახალისება სჭირდება, ბავშვი უნდა შევაქოთ. აქცენტები უნდა გავაკეთოთ ბავშვის პიროვნულ თვისებებზე. როგორც კი ბავშვს მათთვის გასაგებ ენაზე ავუხსნით, რა საფრთხეს შეიცავს გარეთ გასვლა, ის ამას გაიგებს.“

    „ორი მთავარი რამ არის: ​პედაგოგების გულისხმიერება და მშობლების ყურადღება. ბავშვების მიმღებლობის ხარისხი ოჯახში განსაზღვრავს იმ თვისებების განვითარებას, რომელიც სამომავლოდ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალიზაციისა და კომუნიკაციის თვალსაზრისით. ციფრულ მედიას, წიგნიერებას და ა.შ. ჩვენ ვეღარ შევაჩერებთ. ეს ტექნიკური პროგრესია, რომელიც აუცილებელიც არის. აქ ისევ მშობელზე გავდივართ. ბევრი მშობელი მინახავს, ბავშვს ტელეფონს აჩეჩებს, ოღონდ ბავშვი გაჩუმდეს, ან წუხს, რომ ბავშვი ცელქია. დღევანდელი თაობა ნამდვილად განიცდის მშობლებთან კომუნიკაციის ნაკლებობას. მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს. ფსიქიკის სიჯანსაღე კომპიუტერთან ჯდომით არ ირღვევა. უბრალოდ ბავშვს უნდა ავუხსნათ დამოკიდებულება. ისევ მშობელზე გავდივარ. ბავშვს უნდა აუხსნას მშობელმა: „ახლა ასეა საჭირო და ეს აუცილებელია.“ განსაკუთრებით პირველიდან მეხუთე-მეექვსე კლასამდე, როდესაც ბავშვებს აქვთ მოტორული ენერგია. სკოლა ბავშვისთვის არის დაცვის თანამშრომლიდან დაწყებული, მისი კლასი, მისი მერხი, მისი თანაკლასელები, რომელთა დანაკლისს განიცდის. მშობლებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი იმ მეტ-ნაკლებ კომუნიკაციას, რომელიც ბავშვებმა კლასელებთან შეიძლება დაამყარონ,“ - აღნიშნავს ნანა გოგიჩაშვილი.

    წყარო: ​პოსტ ალიონი

    წაიკითხეთ სრულად