Baby Bag

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა მსოფლიოს 100 საუკეთესო სკოლას შორის დასახელდა

    საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა მსოფლიოს 100 საუკეთესო სკოლას შორის დასახელდა

    საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა საერთაშორისო კონკურსზე „მსოფლიო განათლების კვირეული“ მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა.

    კონკურსის ფარგლებში გამართულ ონლაინ კონფერენციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილიესწრებოდა.

    ღონისძიებაზე სკოლის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია წარადგინეს და დამსწრე საზოგადოებას როგორც სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები და აპრობირებული პრაქტიკები, ასევე, სკოლაში უცხო ენებისა და STEM საგნების სწავლების ეფექტური მეთოდოლოგია გააცნეს. პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა საქართველოში ერთ-ერთი პირველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მოსწავლეებს ზოგადი და პროფესიული განათლების ინტეგრირებულად მიღების შესაძლებლობას აძლევს.

    ონლაინ კონფერენციაზე სწორედ ზოგადი განათლების მიღების პარალელურად პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა და ამ მიმართულებით საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში სიახლეების დანერგვა დადებითად შეაფასა. თამარ ქიტიაშვილმა სკოლის წარმომადგენლებს საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველია იმ საჯარო სკოლებს შორის, რომელიც საკუთარ ბაზაზე დანერგავს და განახორციელებს სრულ სადიპლომო პროგრამებს, რაც სკოლის ინსტიტუციურ განვითარებას ახალ საფეხურზე აიყვანს.

    სიტყვით გამოსვლისას თამარ ქიტიაშვილმა აღნიშნა, რომ თანამედროვე სკოლამ ახალგაზრდებში პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და პიროვნულ განვითარებას უნდა შეუწოს ხელი, რასაც საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა წარმატებით ახორციელებს.

    „მსოფლიო განათლების კვირეული“ ორგანიზებულია მოძრაობა T4-ის მიერ, რომელიც განათლების მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს. კვირეულის მიზანია ხარისხიანი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა და სასკოლო განათლების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება მსოფლიო მასშტაბით. 2020 წლის „მსოფლიოს განათლების კვირეულის“ მთავარი გზავნილია: „ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ 100 საუკეთესო სკოლის გამოცდილებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებში მაღალი ხარისხის განათლების დამკვიდრებას“.

    საქართველოში „მსოფლიო განათლების კვირეულის“ მხარდამჭერია კოალიცია „განათლება ყველასთვის - საქართველო (EFA).

    წაიკითხეთ სრულად