Baby Bag

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს სკოლაში წასვლა არ უნდა?

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს სკოლაში წასვლა არ უნდა?

დაწყებით კლასებში ბავშვები ხშირად სკოლაში წასვლაზე უარს ​აცხადებენ. მათ საწოლიდან ადგომა არ სურთ, ამბობენ, რომ გაცივდნენ, სიცხე აქვთ, ტირიან და გემუდარებიან, რომ სახლში დატოვოთ. პატარებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება ძალიან აშინებთ და თრგუნავთ, რაც სავსებით ნორმალური და დროებითი მოვლენაა, თუმცა იშვიათ შემთვევებში, ბავშვის მსგავსი ქცევა, შესაძლოა, შფოთვითი აშლილობის გამოვლინებაც იყოს. თუ თქვენს შვილს სკოლაში წასვლა არ სურს, ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიაში შემოთავაზებულ სტრატეგიებს, რომელთა დახმარებით მისი დაუმორჩილებლობისა და შფოთვის მიზეზებს მარტივად გაიგებთ და ბავშვის ქცევასაც წარმატებით შეცვლით.


ბავშვის უარყოფითი განწყობისა და შიშის მიზეზები აუცილებლად გაარკვიეთ

სკოლა ბავშვისგან გარკვეული წესების მორჩილებას და ახალი უნარ-ჩვევების ათვისებას მოითხოვს, რაშიც პატარები საკმაოდ დიდ ენერგიასა და დროს ხარჯავენ. როდესაც ბავშვები საზაფხულო ან ზამთრის არდადეგების შემდეგ სკოლას უბრუნდებიან, მათ პროტესტის გრძნობა უჩნდებათ, რადგან მათ მიერ სკოლასა და სახლს შორის არსებული კონტრასტი ასეთ დროს განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება. ბავშვები თვლიან, რომ მშობლებთან ერთად დილით ტელევიზორის ყურება და მთელი დღის მანძილზე თავისუფალი აქტივობებით დაკავება გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე სკოლაში სიარული. ბავშვები სკოლაში დამოუკიდებლობას ეჩვევიან, რაც მათ ძალიან მოსწონთ, მაგრამ თავისუფალი ცხოვრება პატარებში შიშსაც იწვევს. ისინი მშობლებისგან განცალკევებით ყოფნას განიცდიან და თავს დაუცველად გრძნობენ. თუ თქვენი შვილი სკოლაში წასვლაზე უარს გიცხადებთ, მისი ქცევის მიზეზები კარგად გაარკვიეთ, რათა მისი დახმარება გაგიადვილდეთ.

სახლში დარჩენილ ბავშვს მეტისმეტად ნუ გაართობთ

ბავშვებს სახლში დარჩენა იმიტომ სურთ, რომ ისინი მშობლებთან გაცილებით სასიამოვნოდ ატარებენ დროს, ვიდრე სკოლაში. ეცადეთ სახლში დარჩენილი ბავშვი არ გაართოთ. თუ ბავშვი აცხადებს, რომ თავი ტკივა, გაცივდა და სკოლაში წასვლა არ სურს, დარწმუნდით, რომ მას არაფერი აწუხებს და უთხარით, რომ გაკვეთილებს ვერ გააცდენს. თუ ბავშვი კატეგორიულ უარზეა და სახლში დარჩენას დაჟინებით ითხოვს, მიეცით უფლება სკოლა ერთი დღით გააცდინოს. როდესაც ბავშვი სასურველ მიზანს მიაღწევს და სახლში დარჩება, ნუ ჩაურთავთ მას ტელევიზორს, ნუ მისცემთ სათამაშოებს, რათა დარწმუნდეს, რომ სკოლის გაცდენით სარგებელს ვერ მიიღებს. როდესაც თქვენი შვილი იგრძნობს, რომ სახლში უფრო მოწყენილია, ვიდრე სკოლაში, მეორე დღეს გაკვეთილებზე დასწრებას თავად მოისურვებს.

გულახდილად ესაუბრეთ თქვენს შვილს

თუ ბავშვი გეუბნებათ, რომ მუცლის ტკივილმა შეაწუხა და სკოლაში წასვლა არ სურს, აუხსენით მას, რომ თქვენ მუცელი მაშინ გტკივდებათ, როდესაც სამსახურში დაგვიანებაზე ღელავთ. ჰკითხეთ ბავშვს, რა აწუხებს და რა იმალება მისი მუცლის ტკივილის მიღმა? თუ თქვენი შვილი თავის სათქმელს ვერბალურად ვერ აყალიბებს, მის მასწავლებელს გაესაუბრეთ. თუ ბავშვი გეტყვით, რომ მას კლასში ჩაგრავენ ან დასცინიან, დაუყოვნებლივ დაიწყეთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. გაესაუბრეთ პედაგოგებს, ადმინისტრაციას და მშობლებს.

ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ყოველდღიურ ქცევას, რათა შფოთვითი აშლილობა არ გამოგეპაროთ

თუ ბავშვი სკოლაში წასვლის წინ ყოველდღიურად ტირის, ისტერიკაშია და მის დამშვიდებას ვერ ახერხებთ, ე.ი. მას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს. თუ ამჩნევთ, რომ პატარას მარტო დარჩენა აშინებს, ღამით კი კოშმარები ტანჯავს, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს. ბავშვის პირადი ექიმი შესაბამის სპეციალისტთან გადაგამისამართებთ, რომელიც ბავშვის შფოთვითი აშლილობის მკურნალობაში დაგეხმარებათ. დაეხმარეთ თქვენს შვილს საკუთარი ემოციების მართვაში. სასკოლო გარემო ბავშვზე ხშირად უარყოფითად მოქმედებს, რადგან ახალი ცხოვრების დაწყება ბავშვებში შფოთვას და შიშს იწვევს. აუხსენით თქვენს შვილს, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ის ცხოვრებისეულ ცვლილებებთან გამკლავებას აუცილებლად შეძლებს.

ავტორი: ია ნაროუშვილი  

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს თუ შეეშალა, შენ არ უნდა აგეშალოს ნერვები... რა მოხდა მერე?! უნდა გჯეროდეს, რომ ის გააკეთებს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ბავშვს თუ შეეშალა, შენ არ უნდა აგეშალოს ნერვები... რა მოხდა მერე?! უნდა გჯეროდეს, რომ ის გააკეთებს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებთან შემეცნებით და სწავლების სფეროში ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა:

„ჩვენ ვართ ძალიან მკაცრები და შეუბრალებლები შემეცნებით და სწავლების სფეროში და სრულიად პლასტელინივით უფორმოები ქცევით-ემოციურ სფეროში. ბავშვს რომ მუქარის ტონით ვესაუბრებით, მას ვაგრძნობინებთ, რომ შენ არ ხარ კომპეტენტური, შენ არაფერი არ შეგიძლია. შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ, მე შენ ასეთს არ გიღებ. შენ, მშობელი ხარ ავტორიტეტი მისთვის. შენ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელსაც იმედს გიცრუებს. კიდევ უფრო შფოთვა აქვს მას ამ დროს და კიდევ უფრო ვერ გააკეთებს რაღაცას.

მუქარები და მსგავსი ტექსტები სწავლების პროცესში არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვები წავახალისოთ. არ ვეუბნებით მას, რომ ყველაფერი შეგიძლია, შენ ყველაზე მაგარი ხარ. ამას არ ვეუბნებით. ჩვენ მას ვეუბნებით, რომ შენ შეგეშალა. რა მოხდა მერე?! შენ უნდა გჯეროდეს ამის. შენ არ უნდა აგეშალოს ნერვები. შენც უნდა გჯეროდეს ამის, მაგრამ არ გჯერა, იმიტომ, რომ შენც ნერვები გეშლება, რომ შეეშალა. რა მოხდა მერე?! შენ ხომ ისწავლე ველოსიპედის ტარება. ხომ არ იცოდი და ხომ იცი ახლა?! ისიც ასეა. მოდი, აბა კიდევ ვცადოთ. ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ბავშვს შეეშალა, მაგრამ გვჯერა, რომ გააკეთებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საერთოდ პედაგოგიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი არის ის, რომ ჩვენ გვჯერა,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „დიალოგოსი“ 

წაიკითხეთ სრულად