Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რა ილუზიასაც უნდა ქმნიდეს, რომ ეკრანმა ბავშვს უცხოენოვანი გამოთქმები, ციფრები, ასოები ასწავლა, ეს არის რისკის შემცველი,“ - თამარ ედიბერიძე

„რა ილუზიასაც უნდა ქმნიდეს, რომ ეკრანმა ბავშვს უცხოენოვანი გამოთქმები, ციფრები, ასოები ასწავლა, ეს არის რისკის შემცველი,“ - თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ მცირეწლოვან ბავშვებზე ეკრანთან ურთიერთობის მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წლის და ცხრა თვის ასაკში ბავშვის საეკრანო დროის ლიმიტი არის ნული:

„წლის და ცხრა თვისთვის ეკრანთან ურთიერთობის გამოცდილება ადრეა. ​ეკრანის დროის ლიმიტი ამ დროისთვის არის ნული. ყოველთვის ვამბობ, რომ მხოლოდ ხუთი წუთი ან ათი წუთიც არა! ლიმიტი არის ნული! ეს რისკ-ფაქტორი ცალსახად მოსაშორებელია, მიუხედავად იმისა, რამდენად კომფორტის ილუზიას იძლევა ბავშვის კმაყოფილი და ბედნიერი გამომეტყველება.“

მისი თქმით, ეკრანთან ურთიერთობა ბავშვისთვის რისკის შემცველია:

„რა ილუზიასაც უნდა ქმნიდეს, რომ ეკრანმა ბავშვს უცხოენოვანი გამოთქმები, ციფრები, ასოები ასწავლა, ეს არის რისკის შემცველი. ​რისკია თუნდაც ის დამატებითი, ჭარბი წონა. ბავშვმა თვითონ იცის, როგორ ჩართოს-გამორთოს კომპიუტერი, გადართოს, იპოვოს, რასაც ეძებს. ესეც ილუზიაა დამოუკიდებლობის. ეს არ არის ის უნარი, რაზეც აქცენტი უნდა გავაკეთოთ, რაც უნდა გვიხაროდეს.“

„საკმაოდ ინტუიციურია ტექნიკა. ის არანაირად არ მოქმედებს დამატებით ინტელექტუალურ უნარებზე.​ ეკრანთან გატარებული ყველა ზედმეტი წუთი არის უფრო მეტი ზიანის მომტანი, ვიდრე სარგებლის. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დისტანცირება მოვახდინოთ ეკრანებთან. ჯანსაღ, ცოცხალ კომუნიკაციას არაფერი სჯობს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად