Baby Bag

„ჩვილის დედასთან ერთად ძილი კატეგორიულად დაუშვებელია,“- პედიატრი მაკა ჭიღლაძე

„ჩვილის დედასთან ერთად ძილი კატეგორიულად დაუშვებელია,“- პედიატრი მაკა ჭიღლაძე

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილის უსაფრთხო ძილისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა და ურჩია, რომ დედებმა, რომლებიც შვილებს ძუძუთი კვებავენ, ახალშობილები ცალკე საწოლში დააძინონ:

„ძუძუთი კვება და დედის რძე არის ოქროს სტანდარტი. აუცილებლად პირველი საათებიდანვე იწყება ძუძუთი კვება. ამას ნეონატოლოგები ხელს ვუწყობთ. ძუძუთი კვების შემდგომ ახალშობილი უნდა მოთავსდეს თავის საწოლში. დედასთან ძილი კატეგორიულად დაუშვებელია. ზოგიერთი დედა ტრანკვილიზატორს იღებს, დედა დაღლილია, მას დასვენება სჭირდება, მასაც უნდა ჰქონდეს სრულფასოვნად დასვენების საშუალება. ჩვილიც უნდა იყოს უსაფრთხოდ. ესეც ერთ-ერთი რეკომენდაციაა ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ მოწოდებული. აუცილებელია ძუძუთი კვების დროს მშობლებმა იცოდნენ, რომ მათი ჩვილების ძილის ხანგრძლივობა მოკლეა. ისინი ხშირად იღვიძებენ. ბავშვი იღვიძებს, ძუძუს წოვს, როცა უნდა. ძუძუთი კვება ხორციელდება ურეჟიმოდ, სხვადასხვა ხანგრძლივობით. ადაპტირებულ ნარევზე მყოფი ბავშვები შედარებით უფრო ხანგრძლივად იძინებენ.“

„ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ დაუფიქსირებელი საგნები უნდა მოვაშოროთ ბავშვებს. მათ რბილი საგნები თუ სიახლოვეს ექნათ, ეს, შესაძლოა, ძალიან ცუდი სინდრომის მიზეზი გახდეს. ჩვილი შეგიძლიათ საძილე ტომარაში ჩასვათ და ისე დააძინოთ. მშობელმა ბავშვი დაბადებისთანავე ხშირად უნდა ასეირნოს ჰაერზე. ბავშვები, რომლებიც დედასთან ახლოს არიან, მის სითბოს გრძნობენ, მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან, მაღალი იმუნიტეტი აქვთ. უნდა ვეცადოთ ჩვენი თაობა გაიზარდოს ჯანმრთელი და მაღალი ინტელექტით,“- აღნიშნულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ „რადიო თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხალხო, გვეშველა, მინდა ხმამაღლა ვიყვირო...“ - გიორგი ფხაკაძის ახალი ვიდეომიმართვა

„ხალხო, გვეშველა, მინდა ხმამაღლა ვიყვირო...“ - გიორგი ფხაკაძის  ახალი ვიდეომიმართვა

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მაყურებელს ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ ფაიზერის ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:

„მე უკვე გესაუბრეთ, რომ ამერიკის წამლის სააგენტო მიიღებდა გადაწყვეტილებას. მოხდა ის, რაც არის დაუჯერებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მეცნიერება არის ძალიან მაგარი რაღაც. ფაიზერის ვაქცინამ ორ წელიწადში შეძლო ის, რასაც სჭირდებოდა ხუთი წელიწადი. დიახ, ვაქცინის დამტკიცებას სჭირდებოდა ხუთი წელიწადი. თანამედროვე ტექნოლოგიები, ​თანამედროვე მედიცინა წინ მიდის. ე.წ. ტრადიციული მეთოდებით გაკეთებული ვაქცინები XXI საუკუნეში ძალიან ჩამორჩენილი მეთოდია.“

გიორგი ფხაკაძის თქმით, მსოფლიოში უკვე გვაქვს პირველი ეფექტიანი და უსაფრთხო ვაქცინა:

„ეს ნიშნავს იმას, რომ ​მსოფლიოში ჩვენ უკვე გვაქვს პირველი ეფექტიანი, რაც მთავარია უსაფრთხო და დამტკიცებული ვაქცინა. ანტივაქსერების სექტა რომ იძახის, ეს ექსპერიმენტია და ჩვენ ვირთხები ვართო, მორჩა, ამოგეცალათ ყველაფერი. ამერიკის წამლის სააგენტომ გადაამოწმა ფაიზერის ყველა კლინიკური ინფორმაცია, ყველა კვლევა, რომელიც ლაბორატორიაში იყო ჩატარებული, ყველა კვლევა, რომელიც იყო ჩატარებული ცხოველებზე. თითოეული ის ცხოველი, რომელიც შეეწირა ამ პროცესს, უნდა გვახსოვდეს, იმიტომ, რომ მათ გარეშე ჩვენ არ ვიქნებოდით იქ, სადაც ვართ.“

„ხალხო, გვეშველა. ეს არის ძალიან მაგარი ამბავი. ორი წელიწადი ლოკდაუნებით არ დაიღალეთ? ჩაკეტვებით არ დაიღალეთ? კაცობრიობა, მედიცინა მიდის წინ. დიახ, გიორგი ფხაკაძემ მიირთვა ფაიზერი. ​მე სხვა ვაქცინის საშუალება მქონდა, მაგრამ გადავწყვიტე ფაიზერი. ეს მეთოდოლოგია და პროგრესი გვაძლევს საშუალებას, რომ ახალ წამალს აღარ დასჭირდება ხუთი წელიც კი. ის შეიძლება გაკეთდეს 1-2 წელიწადში. წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა პროგრესია?! ყველას გილოცავთ! მეგობრებო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, დროზე აიცერით ფაიზერით, სანამ ფაიზერი ჯერ კიდევ ქვეყანაში არის,“- აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად