Baby Bag

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი თავიდან აიცილოთ? - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომსა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„მინდა გესაუბროთ ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომზე. წარმოიდგინეთ მდგომარეობა, რომ ახალდაქორწინებული წყვილია, მათ ჰყავთ ბავშვი. ის არის რამდენიმე თვის. წინა დღით დააძინეს, მეორე დღეს რომ დახედეს ბავშვს, ის აღმოჩნდა გარდაცვლილი. რა უნდა ვიფიქროთ მოცემულ შემთხვევაში? ერთ-ერთი მიზეზი, რაც წლამდე ასაკის ბავშვებში უეცარ სიკვდილს შეიძლება იწვევდეს, არის ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომი. ჩვენ არ ვიცით, რა იწვევს ამ სინდრომს, მაგრამ ვიცით ბევრი რამ, რაც ხელს უწყობს მის განვითარებას.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ჩვილის უეცარ სიკვდილს რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება ჰქონდეს:

„უეცარ სიკვდილს შეიძლება ხელს უწყობდეს ის, რომ ჩვილებს ვაძინებთ მუცელზე. არაფრით არ შეიძლება წლამდე ასაკის ჩვილების დაძინება მუცელზე ან გვერდზე. სასურველია, რომ ჩვენ ის დავაძინოთ ზურგზე. ჩვილების უეცარ სიკვდილს ხელს უწყობს ბავშვის გადახურება ძილის პერიოდში. როდესაც ბავშვს ძინავს, ის არ უნდა შევფუთოთ. არ უნდა იზრდებოდეს ძილში მისი ტემპერატურა. ოთახშიც უნდა იყოს ზომიერი ტემპერატურა. მკვეთრი შეფუთვა ზრდის უეცარი სიკვდილის რისკებს. სადაც ძინავს ბავშვს, ზედაპირი არ უნდა იყოს ძალიან რბილი. ჩვილი უნდა დააძინოთ მკვრივ ზედაპირზე. თუ ოთახში ბებია, ბაბუა ან ვიღაც ეწევა, ტოქსიკური ნაერთები შეიძლება აღმოჩნდეს ჩვილის ორგანიზმში და ხელი შეუწყოს უეცარი სიკვდილის განვითარებას.“

„უეცარი სიკვდილის სინდრომი უფრო ხშირია ბიჭებში. ის ასევე ხშირია 2-4 თვემდე ასაკის ჩვილებში. უეცარი სიკვდილის სინდრომი ხშირია დღენაკლულებშიც. როდესაც ბავშვი იბადება მასით 2,5 კილოგრამზე ნაკლები, ეს არის მცირეწონიანობა. ამ შემთხვევაში 4-ჯერ იზრდება იმის რისკი, რომ ის გარდაიცვალოს უეცარი სიკვდილის სინდრომით. დედის მხრიდან რისკფაქტორები შეიძლება იყოს, რომ დედა არის 20 წლამდე ასაკის. თუ დედა ეწევა ორსულობის დროს, ეს სამჯერ ზრდის ჩვილის უეცარი სიკვდილის რისკს, ასევე დედის მიერ ალკოჰოლის მოხმარებაც. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი თავიდან აიცილოთ? თუ შენ ამ რისკ-ფაქტორებს გაითვალისწინებ, შეგიძლია თავიდან აიცილო ჩვილის უეცარი სიკვდილი. ჩვილებს არ ვაძინებთ მუცელზე. ჩვილი უნდა იყოს აუცილებლად მარტო. არ არის საჭირო, რომ მიუწვე და ერთად დაიძინოთ. ჩვილებს ვაძინებთ ყოველთვის მარტო. ამ სინდრომის რისკის შემცირება შეიძლება დიფტერიის, ყივანახველას და ტეტანუსის ვაქცინის გაკეთებით. ჩვილს უნდა ეძინოს აუცილებლად მკვრივ ზედაპირზე,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​USMLE მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს

ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს

პედიატრი, ყარამან ფაღავა საუბრობს, თუ რა უწყობს ხელს ბავშვის გაკაჟებას და რა დროს უშვებს მშობელი შეცდომას, როდესაც საქმე ბავშვის ავადობას ეხება.

​,,სველი ტილოთი ტანის დაზელვა, ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ... მე 75 წლის გახლავართ. დაახლოებით, 40-50 წელია, სიცხე არ მქონია. რატომ? ყოველდღე ცივ წყალს ვიღებ, განა არ მეზარება - მეზარება, მაგრამ ამის შემდგომ თავს ისე კარგად ვგრძნობ. ჩვევაშიც მაქვს გადასული.

რასაკვირველია, არცერთ მშობელს აქვს სურვილი, რომ მისი შვილი ავად იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. ძირითადად, რასაკვირველია, უცოდინრობის გამო - საკუთარი ქცევით ხელს უწყობენ იმას, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. თავიდან დავიწყოთ - ჩასახვის პერიოდში დედ-მამა რომ ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იქნებიან, რა გასაკვირია, რომ ბავშვი ავად იქნება. იგივეა, როცა ორსულობის დროს ქალი სიგარეტს ეწევა", - აღნიშნავს ყარამან ფაღავა. 

წაიკითხეთ სრულად