Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

​„შვილი რაღაცით ჩვენზე წინ უნდა წავიდეს, თუ ასე არ მოხდა, ესე იგი აღზრდა დავაკელით“

​„შვილი რაღაცით ჩვენზე წინ უნდა წავიდეს, თუ ასე არ მოხდა, ესე იგი აღზრდა დავაკელით“

,,შვილი რაღაცით ჩვენზე წინ უნდა წავიდეს - ან გონიერებით, ან განათლებით, ან კულტურით. შვილი, რაღაცით თუ არ დაწინაურდა ჩვენთან შედარებით, ესე იგი დავაკელით აღზრდა. უკლებლივ ყველა ბავშვში არის რაღაც, რითაც მანდ უნდა გაგვისწროს,'' - აღნიშნულის შესახებ აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა. 

,,ვარ თუ არა უფლებამოსილი რომ შვილი აღვზარდო, როგორ უნდა განვსაზღვროთ ეს? - ძალიან მარტივად.

დავალებას გაძლევთ:

ავიღოთ ფურცელი, გავყოთ შუაზე. მარცხენა მხარეს ჩამოწერეთ ის თვისებები, რომლებიც გეამაყებათ საკუთარ თავში, ოღონდ მართალი იყავით თქვენს თავთან, რადგან ეს თქვენი სარკეა. მარჯვენა მხარეს ჩამოწერეთ თვისებები, რომლებიც მიგაჩნიათ რომ არ უნდა გქონდეთ, მაგრამ გაქვთ. დაფიქრდით, რამდენი რამე გქონიათ გასაშალაშინებელი საკუთარ თავში? არადა ბავშვი გიდგას წინ და სწორედაც მას გინდათ ჰქონდეს ყველა კარგი თვისება. სიკეთე - სიკეთით აღიზრდება, სიყვარული-სიყვარულით, კულტურა-კულტურით, სილამაზე-სილამაზით. ბოროტება ვერ ზრდის სიკეთეს - ეს კანონი არ არსებობს. სიკეთეს კი შეუძლია ბოროტება გაადნოს,'' - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​,,ამონაშვილის აკადემია'' 

წაიკითხეთ სრულად