Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში პირველად, მარცხენა წინაგულის ყურის დახურვის თანამედროვე პროცედურა „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

საქართველოში პირველად, მარცხენა წინაგულის ყურის დახურვის თანამედროვე პროცედურა „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

„ნიუ ჰოსპიტალსში“ მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმის მქონე პაციენტს ინსულტის რისკის შემცირების თანამედროვე ჩარევა ჩაუტარდა. მარცხენა წინაგულის ყურის დახურვის პროცედურა საქართველოში პირველად „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელმა, ​ლაშა მოსიაშვილმა წარმატებით შეასრულა.

თემის ირგვლივ ​MOMSEDU.GE -ს მკითხველს თავად ლაშა მოსიაშვილი ესაუბრება:

„პროცედურის საშუალებით შესაძლებელია კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, გულმკერდზე განაკვეთის გარეშე მოხდეს გულის მარცხენა წინაგულის ყურის დახურვა. პროცედურის დროს ხდება მარცხენა წინაგულის ყურში იმპლანტის განთავსება, რომელიც ავსებს რა წინაგულს, ხელს უშლის გულის ამ სივრცეში სისხლის შედინებას. შედეგად, მცირდება ინსულტის რისკი, რადგანაც სწორედ მარცხენა წინაგულის ყური წარმოადგენს გულის იმ სივრცეს, სადაც როგორც წესი, მდორე დინების გამო შესაძლებელია მოხდეს სისხლის შედედება, თრომბული მასების ფორმირება და შემდგომ სისხლის ნაკადით ამ მასების სხვადასხვა ორგანოებში მოხვედრა, რაც იწვევს ინსულტს და სხვა ორგანოების თრომბოზებს.“

მოციმციმე არითმია, როგორც წესი, 60 წელს გადაცილებულ პაციენტებს აღენიშნებათ. დაავადების დროს ხდება წინაგულების არასინქრონიზებული შეკუმშვა, ჩვეული რიტმიდან გადახვევა. დაავადებას ჩვეულებრივ მედიკამენტოზურად ან ტრანსკათეტერული გზით მკურნალობენ, თუმცა, არაერთი შემთხვევაა, როდესაც სხვადასხვა ანატომიური თავისებურებისა თუ დაავადებების გამო მოციმციმე არითმია ქრონიკულ ფორმაში გადაჰყავთ. ასეთ დროს, ემბოლიების წარმოქმნის ასარიდებლად, პაციენტებს სხვადასხვა ჯგუფის ანტიკოაგულანტს ანუ სისხლის გამათხელებლებს უნიშნავენ, რომლის გამოყენება სხვადასხვა სისხლდენის გამოწვევის მაღალი რისკფაქტორია, მაღალ ასაკში კი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს.

- რა ჩვენებების მქონე პაციენტებს უტარდებათ თანამედროვე პროცედურა?

ლაშა მოსიაშვილი: „პაციენტების შერჩევას ორი მაჩვენებელი აქვს, ესენი არიან პაციენტები მოციმციმე არითმიის მუდმივი ფორმით, რომლებსაც აქვთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ანუ ინსულტის განვითარების მაღალი რისკი და პაციენტები, რომლებსაც მოციმციმე არითმიის ფონზე ვერ ენიშნებათ ანტიკოაგულაციური თერაპია.“

აღნიშნული პროცედურა მსოფლიოში რამდენიმე წელია დაინერგა და ახლა უკვე საქართველოშიც წარმატებით ტარდება. მიდგომა მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ინტერვენციულ კარდიოლოგიაში და პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას ქმნის. პროცედურა მინიმალურად ინვაზიურია, შესაბამისად, რეაბილიტაციის პროცესიც სწრაფად და მარტივად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

R.

წაიკითხეთ სრულად