Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,B12 ვიტამინი ჩვენ არ უნდა მივიღოთ თვითნებურად, ეს აბსოლუტურად არასწორია" - ზაზა თელია

,,B12 ვიტამინი ჩვენ არ უნდა მივიღოთ თვითნებურად, ეს აბსოლუტურად არასწორია" - ზაზა თელია

,,​ბოლო პერიოდია, ძალიან პოპულარული  გახდა B12-ის ლაბორატორიული შესწავლა, ერთგვარ მოდად იქცა. შემიძლია, შევადარო დე ვიტამინის ანალიზსაც. სხვათა შორის, ღვიძლში ჩვენ გვაქვს B12-ის ე.წ. დეპო - გარკვეული, დიდი დროა საჭირო, რომ ჩვენ B12-ის დეფიციტი გვქონდეს. ერთ და ორ დღეში რომ ჩვენ მისი დეფიციტი მივიღოთ, ეს ასე არ ხდება, რაში მონაწილეობს B12 - ეს არის ენერგიის პროდუქცია, სისხლის წითელი უჯრედების ფორმირება, უკრედების დაყოფა, თავის ტვინის ფუნქციონირება და  იმუნური სისტემის მუშაობა. ეს არის მისი როლი. ვხედავთ, როგორი მნიშვნელოვანი ვიტამინია ჩვენს ორგანიზმში", - ამის შესახებ დერმატო ვენეროლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ზაზა თელიამ ისაუბრა. მან გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო" ყურადღება B12-ის როლზე გაამახვილა. 

,,ვინ არიან მიდრეკილები B12-ის დეფიციტის მიმართ - ესენი არიან, როგორც წესი, კვების დარღვევის მქონე ადამიანები. მათ შორის, ყველაზე მეტად - ვეგეტარიანელები, ვეგანები. B12-ს ჩვენ ვიღებთ კვებითი რაციონიდან, ამ ვიტამინით მდიდარია კვერცხი და რძის პროდუქტები, ხორცი და თევზეული. B12-ის რეკომენდებული დღიური რაოდენობა არის 4-7 მიკრო გრამი დღეში. მარტივად გასაგები რომ იყოს, მაგალითად, ერთი კვერცხი 1.4 მიკრო გრამს შეიცავს, ერთი ჭიქა რძე - 1.2-ს.4-7 მიკრო გრამი ზრდასრულ ადამიანებშია ნაგულისხმევი. დანამატის სახით B12-ის მიღებაც  ხშირად პრობლემებს ქმნის. ადამიანებში ყველაზე ხშირად ცნობილია ვიტამინების ნაკლებობა, არავინ აქცევს ყურადღებას  მატებას. 

B12 ვიტამინი ჩვენ არ უნდა მივიღოთ თვითნებურად, ეს აბსოლუტურად არასწორია. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ნაკლებობა, ეს ვიტამინი უნდა მივიღოთ რაციონალურად, ადეკვატური დოზით - ეს იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, ჩვენ ყოველთვის დეფიციტზე ვსაუბრობთ და საზოგადოებაში მუდამ დეფიციტი აღიმება ნაკლებობად. არავინ აქცევს ყურადღებას ჰიპერვიტამინოზს, ანუ როდესაც ვიტამინების მატება არის ორგანიზმში. 

თუ ჩვენ ვსაუბრობთ B12-ის დეფიციტზე, ის შეიძლება, იყოს მავნებელი, ასევე, მისმა მატებამაც შესაძლოა, გარკვეული ტიპის პრობლემები შექმნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტკივილების, წელის ტკივილის გამო ხშირად ურჩევენ პაციენტებს, მათ შორის, საუბედუროდ, ექიმის რეკომენდაციითაც, ანთების საწინააღმდეგო  არასტეროიდული ნემსების გაკეთებას, რომლებშიც ასევე B12 შედის და  ჰორმონი, სტეროიდი, ანუ კომბინაციური ნემსები, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, ყველაზე მეტად იყიდება სწორედ ასეთი სახის მედიკამენტები",- აღნიშნა ზაზა თელიამ.

წყარო: ,,​დილა მშვიდობისა საქართველო"

 

წაიკითხეთ სრულად