Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ნივთიერებების პირველადი მოხმარების ადრეული ასაკი ქმნის რისკს, რომ ადამიანი ხდება დამოკიდებული"

,,ნივთიერებების პირველადი მოხმარების ადრეული ასაკი ქმნის რისკს, რომ ადამიანი ხდება დამოკიდებული"

როგორ უნდა განვიხილოთ მოზარდებთან ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები და რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტები - ამის შესახებ გადაცემაში ,,იმედის დღე" ფსიქიატრმა, ქეთევან სილაგაძემ და ნარკოლოგმა, თათა ასათიანმა ისაუბრეს.

,,მოზარდობის ასაკში, რა თქმა უნდა, იწყება გარკვეული ექსპერიმენტები, მათ შორის, სხვადასხვა ნივთიერებასთან მიმართებით, რას შესაძლოა, გახდეს წინამორბედი ამა თუ იმ ფიზიკური დარღვევის წარმოშობის. გულწრფელად რომ გითხრათ, პირდაპირი კავშირი, რომ მარიხუანას მოხმარება გამოიწვევს ან ფსიქოზურ რომელიმე დაავადებას ან სხვა ტიპის ფსიქიკურ აშლილობას, ასე არ არის, თუმცა, დღეს კვლევები საუბრობს იმას, რომ არის ძალიან მაღალი კომორბიდობა, ანუ ორივე აშლილობის თანაარსებობა. რა თქმა უნდა, ეპიზოდური მომხარება არ ნიშნავს მოხმარების დაავადების არსებობას, ცხადია, პირველადი მოხმარების ადრეული ასაკი ქმნის რისკს, რომ ადამიანი ხდება დამოკიდებული", - აცხადებს ქეთევან სილაგაძე.

თათა ასათიანი საუბრობს, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტები შვილებთან კომუნიკაციისას, როდესაც ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებულ თემებს ვეხებით.

,,დამოკიდებულება, მისი ელემენტები მაინც ყალიბდება მოზარდობის ასაკში, თუმცა, ამის წინააღმდეგ ზრუნვა უნდა დაიწყოს ბევრად ადრე - როდესაც ადამიანი ქმნის ოჯახს. ძალიან მნიშვნელოვანია, ვის ვუკავშირებთ ბედს, ვისთან უნდა გავატაროთ მთელი ცხოვრება, რამდენად სიყვარულით იქმნება ოჯახი, მუცლადყოფნის პერიოდში ეს ბავშვი რამდენად სასურველია... ეს იმიტომ, რომ ბავშვს აუცილებლად გადაეცემა დედის და მამის ემოციები. როდესაც ოჯახი კომფორტული და პატივისცემაზე დამყარებულია, ამ შემთხვევაში ბავშვებთან კომუნიკაცია უნდა დავიწყოთ ძალიან მცირე ასაკიდან. ათ წლამდე მიღებულ ინფორმაციას ბევრად მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე - მოზარდობის პერიოდში. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, როგორ შეიძლება ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. აკრძალვის ტონით საუბარი შედეგს ვერ გამოიღებს. უნდა ავუხსნათ, როგორ იყვნენ ბედნიერები, როგორ ფოკუსირდნენ პოზიტივზე, უნდა შევასწავლოთ პატარ-პატარა საქმეები და გავუჩინოთ პასუხისმგებლობელი. მას უნდა შეეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. გარდა ამისა, ძალიან მნიშნელოვანია პირადი მაგალითების მიცემა, განსაკუთრებით -  ათ წლამდე ასაკის ბავშვისთვის მშობელი ყოველთვის ავტორიტეტია და ცდილობს მისი საქციელის გამეორებას და ასევე მნიშვნელოვანია - წახალისება. როდესაც ბავშვი კარგად იქცევა, ის უნდა წავახალისოთ. რათა მოხდეს მისი ქმედების განმტკიცება და მას გაუჩნდეს მომავალში ამის განმეეორების სურვილი", - აღნიშნავს ნარკოლოგი.

წყარო: ,,​იმედის დღე"

წაიკითხეთ სრულად