Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰგონია, რომ კბილების კრაჭუნი უკავშირდება ნაწლავებში მობინადრე ჭიებს, ეს მოსაზრება მცდარია“

„მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰგონია, რომ კბილების კრაჭუნი უკავშირდება ნაწლავებში მობინადრე ჭიებს, ეს მოსაზრება მცდარია“

პედიატრმა ცოტნე ბესელიამ კბილების კრაჭუნზე - ბრუქსიზმზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კბილების კრაჭუნი არ უკავშირდება ჭიებს:

„მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰგონია, რომ კბილების კრაჭუნი უკავშირდება ნაწლავებში მობინადრე ჭიებს. ეს მოსაზრება მტკიცებულებებს მოკლებულია, არ არის სწორი. აქედან გამომდინარე, თუ კბილების კრაჭუნის დროს არ იფიქრებთ ჭიაღუებზე და მით უფრო ამის გამო მათთან ბრძოლას არ გამართავთ, თქვენი განათლება მედიცინაში იქნება იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე აქამდე იყო. აბა რისი გამოვლინებაა კბილების კრაჭუნი? - ის გახლავთ ჩვევა. ამაში ვგულისხმობთ მოქმედებას ან ქცევის სახეს, რომელიც ხშირად მეორდება. ბავშვებში ჩვევები საკმაოდ გავრცელებულია და მრავალფეროვანი. მათგან უმრავლესობა არის უწყინარი და გარდამავალი ხასიათის. კბილების კრაჭუნის გარდა ბავშვებში გვხვდება ისეთი ჩვევები, როგორებიცაა: ფრჩხილების კვნეტა, ცერა თითის წოვა და სხვა მრავალი. 

მენტალურ დარღვევათა ბოლო გადახედვის ცნობარში ჩვევები არ განიხილება დიაგნოსტიკურ კატეგორიად, ანუ დარღვევებად, რომლებიც იწვევენ კლინიკურად სარწმუნო აშლილობას ან შეზღუდვას ფუნქციონირებაში. 

კბილების კრაჭუნი უფრო ხშირად გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და ის შეიძლება უკავშირდებოდეს დღის შიშებს, სხვა ფსიქიკური შიშიც შეიძლება იყოს მისი გამომწვევი. თუ როგორ დაიცვას ბავშვმა სტრესული ფაქტორებისგან თავი, როგორ დაძლიოს მან შიშები, ამაში, პირველ რიგში, მას ოჯახი უნდა ეხმარებოდეს, მაგრამ თუ მშობელმა გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ შეძლო დახმარება, აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს. 

ზოგიერთი ფსიქო-ნევროლოგიური დარღვევის დროსაც შეიძლება შეგვხვდეს კბილების კრაჭუნი, მაგალითად, ის შეიძლება იყოს აუტიზმის სპექტრის დარღვევათა ერთ-ერთი გამოვლინება, ისევე როგორც განმეორებითი ხასიათის სხვა ქცევა, მაგალითად, არამიზანმიმართული სირბილი, ქანაობა, თითის წვერებზე სიარული. უნდა დავიმახსოვროთ, რომ ამ შემთხვევაში კბილების კრაჭუნი არ იქნება დაავადების ერთადერთი გამოვლინება. თუ კბილების კრაჭუნი ბავშვთან მსგავსი დარღვევების არსებობაში შეგვეპარა ეჭვი, აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს“, - აღნიშნა პედიატრმა ცოტნე ბესელიამ.

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R.

წაიკითხეთ სრულად