Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მზად უნდა ვიყოთ, რომ ხვალ და ზეგ ბავშვი უფრო მეტი თავგადასავლის ძიებას დაიწყებს" - გუგა ქაშიბაძე

,,მზად უნდა ვიყოთ, რომ ხვალ და ზეგ ბავშვი უფრო მეტი თავგადასავლის ძიებას დაიწყებს" - გუგა ქაშიბაძე

,,​ძალიან ბევრმა არ იცის, მაგრამ სამზარეულო არის ყველაზე სახიფათო ადგილი ჩვენს ოჯახში - ელექტროგაყვანილობა, გაზი, ცხელი სითხეები, მჭრელი საგნები და ა.შ. მით უმეტეს, ვისაც ბავშვები ჰყავს, გარემო უნდა შეაფასოთ დეტალურად", - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ გადაცემაში ,,იმუნიტეტი" ისაუბრა.

,,ძალიან ხშირად ამბობენ მშობლები - ვერ წარმომედგინა, რომ იმ უჯრას გამოაღებდა და იმ სიმაღლეზე ავიდოდა. მზად უნდა ვიყოთ, რომ ხვალ და ზეგ ბავშვი უფრო მეტი თავგადასავლის ძიებას დაიწყებს.

მდუღარე წყლის გადასხმის შემთხვევაში, ბავშვს რაც შეიძლება სწრაფად ვხდით ტანსაცმელს და გამდინარე, ცივ წყალში ვამყოფებთ, რამდენიმე წუთის განმავლობაში. ყინული არ არის რეკომენდებული, რადგან ზედმეტად გადაციებას იწვევს. თუ კანის მთლიანობა არის დარღვეული, ანტიბაქტერიული მალამო - რომელიც ჯობს, ოჯახის აფთიაქში გვქონდეს - უნდა გამოვიყენოთ და საჭიროა ასევე სტერილური გადახვევა. ჯობს ვიზიტი ექიმთან, რადგან არაერთ რამეზეა დამოკიდებული, რამდენად სახიფათოა დამწვრობა. ჩვენ უფრო ხშირად გვაკითხავენ, როდესაც უკვე გართულებულია მდგომარეობა. 

ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში, რაც სხვადასხვა მჟავითა და ტუტით მიღებულ დამწვრობას გულისხმობს, აუცილებელია სწრაფად რეაგირება და კლინიკაში გადაყვანა, რადგან ქიმიურ დამწვრობას ახასიათებს ნელ-ნელა მოქმედება და სიღრმეში წასვლა - ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია, მაგრამ თუ კლინიკას არ მიმართავთ, მეორე და მესამე დღეს მდგომარეობა იქნება გართულებული. ამ შემთხვევაში, თერმული დამწვრობისგან განსხვავებით, გამდინარე წყლის ქვეშ უფრო ხანგრძლივი დაყოვნებაა საჭირო. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორმა ნივთიერებებმა შეიძლება, გამოიწვიოს ქიმიური დამწვრობა - მაგალითად, ცემენტმა, ნავთმა", - განმარტავს გუგა ქაშიბაძე.

წყარო: ,,​იმუნიტეტი"

წაიკითხეთ სრულად