Baby Bag

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ პატარებს ხელების სწორად და სრულფასოვნად დაბანა ასწავლონ:

„ხელის დაბანა უნდა მოხდეს გარკვეული წესების მიხედვით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და ხელის გადავლება. ხშირად მინახავს, პატარას ეუბნებიან: დაიბანე ხელი! ის გადაივლებს ხელზე წყალს და სველი ხელებით გამოვარდება გარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოს ხელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხელის მთლიანად დაბანა. თითებს შორის არე და ფრჩხილის არეც უნდა დაიბანო. პატარები ხელს ხშირად იდებენ პირში, ხელში უჭირავთ სათამაშო.

ექიმებიც ვართ ერთ-ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს პაციენტებთან და არამხოლოდ ხელებს ვიბანთ, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ვიმუშავებთ ხელებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ჩვენ პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს დაბრკოლებების გადალახვა" - თამარ გაგოშიძე

,,ჩვენ პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს დაბრკოლებების გადალახვა" - თამარ გაგოშიძე

,,​თანამედროვე ბავშვს სჭირდება, რომ საკუთარი თავი დაინახოს ძალიან დიდი რაოდენობის, ზღვა ინფორმაციაში. როდესაც ტვინი გადაწყვის პროცესშია, უბრალოდ, იკეტება და მერე მშობელი გვეუბნება, რომ ბავშვს არაფერი აინტერესებს, არაფერი უნდა. მას სურს, გამოჰყოს პრიორიტეტები, გააკეთოს ანალიზი და ამისთვის სჭირდება დახმარება. მშობელი არ ეხმარება", - ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა, თამარ გაგოშიძემ გადაცემაში ,,შუადღე" ისაუბრა. 

,,ჩვენ არ ვუყურებთ არც ერთმანეთს და არც ჩვენს შვილებს. მშობლისთვის მტკივნეულია, როცა აღმოაჩენს, რომ შვილს, რომელიც უნდოდა, მუსიკოსი გამოსულიყო, ნიჭი არ აღმოაჩნდა. ის მაინც ცდილობს, რაღაცნაირად, მაინც ავარჯიშოს ამ მიმართულებით. რისი ნიჭი აქვს, რა აინტერესებს, აი, ამას უნდა დააკვირდე და ამ მხრივ უნდა შეუწყო ხელი. ბედნიერება სწორედ ეს არის, რომ ადამიანს შეუძლია რეალიზაცია, შეუძლია საკუთარი თავის უნარების დანახვა და, ასევე,  მინუსების დანახვა. 

ჩვენ პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს დაბრკოლებების გადალახვა, მათ ბამბებში ვერ გავზრდით. ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეალობაში და ბავშვობიდანვე უნდა ჩამოყალიბდეს მდგრადობა. პატარების ნერვული სისტემა  უნდა მიეჩვიოს, რომ როგორც კი იმედგაცრუება ექნება, ეს როგორ გადალახოს მისაღები გზით, ისე  - რომ გამოხატოს ემოცია, სხვისი ემოციაც გაიგოს, მაგრამ თან გაითვალისწინოს სხვა ადამიანი. ამას სჭირდება ყოველდღიური ვარჯიში", - აღნიშნავს გაგოშიძე და საუბრობს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი მაშინ, როდესაც საკუთარი შვილის ყოველდღიურობაში სპეციალისტის ჩარევაა საჭირო. ის ამბობს, რომ ამისთვის ბავშვი წინასწარ უნდა შევამზადოთ. 

,,სწორი მიდგომა, მაგალითად, ასეთია - ბავშვს ეუბნები, რომ არ მოგწონს, როდესაც მეცადინეობასთან დაკავშირებით მუდმივად გაქვთ კონფლიქტი. ან თუ ემოციურ პრობლემებთან გვაქვს საქმე, ეუბნები, რომ ვერ იგებ, როგორ უნდა დაეხმარო და არ გაქვს სურვილი, ყოველთვის კამათობდეთ - ,,მინდა, რომ მხარი დაგიჭირო, მაგრამ არ ვიცი, როგორ". ღიად ეუბნები, რომ საჭიროა სპეციალისტთან საუბარი. სინამდვილეში, ეს მშობელსაც სჭირდება. არ უნდა შეგრცხვეს, რომ ბავშვთან აღიარო არცოდნა, ხანდახან ბოდიშიც უნდა მოუხადო და ამით ასწავლო, რომ შეიძლება, ადამიანს რაიმე შეეშალოს და შემდგომ ბოდიში მოიხადოს. ვუხსნით, რომ ეს თავად გვჭირდება, სპეციალისტმა აგვიხსნას, როგორ დავეხმაროთ ჩვენს შვილს - კარგი იქნება, თუ წავალთ ორივე, ორივეს დაგველაპარაკება, რაღაცებს გაგვაკეთებინებს... ანუ, წინასწარ ვამზადებთ ბავშვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ გაურკვევლობას ვერც უფროსები ვიტანთ", - ამბობს თამარ გაგოშიძე.

წყარო: ,​,შუადღე"

წაიკითხეთ სრულად