Baby Bag

„რაც მეტს იწუწავებს, რაც მეტს გაგრილდება, უფრო კარგად არის ბავშვი,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა მშობლებს ურჩია, რომ სოფელში დასასვენებლად წაყვანილ ბავშვს თავისუფლება მისცენ და ის ზედმეტად არ შეზღუდონ:

„ბავშვები მონატრებულები არიან სოფელს. გაიხსენეთ თქვენი თავი, როდესაც ჩადიოდით სოფელში. პირველ დღესვე ხომ ყველა კუთხე-კუნჭულს მოირბენდით, ყველა ხეზე აძვრებოდით. პირველივე დღეს უნდა ბავშვს, რომ მოამთავროს ყველაფერი. ამ დროს მშობლები ეუბნებიან: რა დროს ეს არის? დაჯექი! ადაპტაცია უნდა ბავშვს, უნდა შეეგუოს, მათი აზრით. გარბიხარ ბავშვებთან, იმიტომ, რომ გენატრება ისინი. ბავშვებს მივცეთ თავისუფლება. ეს ყველაზე მთავარია. ჩვენ უნდა გავყვეთ ბავშვებს ჭიშკარს გარეთ.

ტანსაცმელი იმისთვის არის, რომ დაისვაროს. კიდევ ერთ-ერთი მთავარი არის წყლის ფენომენი. ჩვენ ბავშვობიდანვე წყალს გვიკრძალავენ. ბავშვებს ეუბნებიან: „ბევრი წყალი არ დალიო, საჭმელს ვერ შეჭამ!“ ეს არის აბსოლუტური სისულელე. როგორ უნდა დავლიო ბევრი და იმაზე მეტი, რაც მინდა? რა შუაშია ჭამა წყალთან?! წყალს ხელს შევუშვერდით და რას გვეუბნებოდნენ? „არ დასველდე! გაცივდები!“ ამ დროს გრილდება ბავშვი. მისი ტემპერატურა ჩვენს ტემპერატურაზე ყოველთვის მაღალია. მას გაგრილება უნდა. ხომ წუწაობდით ბავშვობაში?! ამას ვუშლით ბავშვებს. რაც მეტს იწუწავებს, რაც მეტს გაგრილდება, უფრო კარგად არის ბავშვი,“- მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მოზარდის გარდატეხის ასაკი არის ოჯახური კრიზისი" - ლალი ბადრიძე

,,მოზარდის გარდატეხის ასაკი არის ოჯახური კრიზისი" - ლალი ბადრიძე

რას ნიშნავს მოზარდისთვის გარდატეხის ასაკი და როგორ უნდა მოიქცს მშობელი მართებულად - ამის შესახებ ლალი ბადრიძემ ,,იმედის დღის" ეთერში ისაუბრა და გარდატეხის ასაკის სირთულეებს გაუსვა ხაზი.

,,გარდატეხის ასაკის კრიზისი - კრიზისი ნიშნავს ზრდას, წინ წასვლას, განვითარებას. ამის გარეშე ბავშვი ვერ განვითარდება. ჩემი აზრით, ზოგადად, ეს პერიოდი არის ოჯახური კრიზისი და არამარტო ბავშვის. 9-10-11 წლის ასაკში, ძირითადად, შვილები უჯერებენ საკუთარ მშობლებს, სულ მალე კი ისინი აღმოაჩენენ - როგორ ბავშვი აღარ უჯერებს. ამ დროს მშობელს აქვს ძალიან დიდი პროტესტი - ფაქტობრივად, მისი შვილი სხვა ადამიანია. 

მშობელმა ამ დროს რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. პირველი გახლავთ მიუღებლობა. შემდგომ ის ფიქრობს - რამე ხომ არ დავაკელი? ჩემში ხომ არ არის პრობლემა? შემდეგ მას უჩნდება აგრესიაც - როგორ ვერ ვაგებინებ, რასაც ვეუბნები? რატომ არ სწავლობს? მობილურს რატომ არ პასუხობს? და ა.შ. ამასთან, მშობლები იწყებენ საკუთარი თავის დადანაშაულებას. შემდეგ ის უკვე, ნელ-ნელა, იწყებს ამ ყველაფრის მიღებას. მშობლებს სჭირდებათ, რომ ამ სიტუაციას სხვანაირად შეხედონ - მისი შვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც იყო, არამედ გახლავთ სულ სხვა ადამიანი. როდესაც ბავშვი მოზარდობის ასაკშია, მასში არის ორი ადამიანი - ერთი არის გაზრდილი, პიროვნება - ამ დროს ის აყალიბებს საკუთარ გარემოს. ურთიერთობებს, ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, მეორე მხრივ კი ის არის პატარა ბავშვი. 

მოზარდს უნდა დავაცადოთ, რომ ჩამოყალიბდეს ადამიანად, პიროვნებად. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ მას სრული თავისუფლება უნდა მივანიჭოთ - რაც მეტი თავისუფლებაა, მით მეტი მოვალეობა უნდა ჰქონდეს", - განმარტავს ლალი ბადრიძე.

წყარო: ,​,იმედის დღე"

წაიკითხეთ სრულად