Baby Bag

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მოზარდებს, ბავშვებს და ზრდასრულებს სეზონზე ფეიხოას აქტიურად მირთმევისკენ მოვუწოდებთ“ - ნუტრიციოლოგი ნაია ლატარია

„მოზარდებს, ბავშვებს და ზრდასრულებს სეზონზე ფეიხოას აქტიურად მირთმევისკენ მოვუწოდებთ“ - ნუტრიციოლოგი ნაია ლატარია

ნუტრიციოლოგმა ნაია ლატარიამ სეზონური ხილის სარგებლიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სეზონზე ფეიხოას მიღება მოზარდების, ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის ძალიან სასარგებლოა:

„ფეიხოა მართლაც უნიკალური ხილია. მასში მაღალია იოდის შემცველობა, რის გამოც ენდოკრინოლოგებს განსაკუთრებით გვიყვარს. იოდდეფიციტური დაავადებების პროფილაქტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფეიხოას მიღება.​ მოზარდებს, ბავშვებს და ზრდასრულებს სეზონზე ფეიხოას აქტიურად მირთმევისკენ მოვუწოდებთ. ფეიხოა საკმაოდ მდიდარია C ვიტამინით. მასში C ვიტამინი ციტრუსებზე არანაკლები რაოდენობით გვხვდება. C ვიტამინის დანამატის სახით მიღებას სჯობს სეზონური ხილი მივირთვათ.“

ნაია ლატარიას თქმით, ის ფეიხოას კომპოტის სახით შენახვას არ ემხრობა:

„დიასახლისებს არ მოვუწოდებდი ფეიხოას კომპოტის სახით შენახვისკენ მასში შაქრის დიდი დანამატის გამო. კომპოტის სახით ფეიხოა შეგვიძლია სახელდახელო სახით მივიღოთ, რომელიც სრულიად უშაქროთ შეგვიძლია მოვამზადოთ და შემდგომ გემოვნებით თაფლი დავამატოთ. შეგვიძლია ფეიხოა ცოცხალი სახით გავყინოთ. ის დაახლოებით ექვს თვემდე გაგვიძლებს. ფეიხოას შენახვა შეგვიძლია გატარებული სახით. შაქრის შემცველობა უნდა იყოს 80:20-ზე.“

„ფეიხოა შეგვიძლია შევინახოთ თაფლითაც. ასევე შესაძლებელია მისი შენახვა უშაქროდ და უთაფლოდ. შემდეგ გამოყენებისას დავამატოთ შაქარი და თაფლი. ასე უფრო დავიცავთ ზომიერებას. ​მე პირადად ყველას მოვუწოდებ, რომ ფეიხოა მიირთვან სეზონზე. გაზაფხულზე და ზაფხულში კი ის სეზონური ხილი მიირთვან, რომელიც არის სეზონზე,“ - აღნიშნულ საკითხზე ნაია ლატარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად