Baby Bag

„თუ ბავშვი 2 წლის ასაკისთვის არაფერს არ ამბობს, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სპეციალისტს მიმართონ,“- ნინო ცინცაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ცინცაძემ ბავშვებში მეტყველების დაწყების ვადებსა და იმ ეტაპებზე ისაუბრა, რომელსაც ბავშვი მეტყველების დაწყებამდე გადის:

„ის პროცესები, რომლებიც მეტყველების დაწყებამდე ვითარდება, არის ძალიან საინტერესო და ყურადსაღები. ეს არის სხვა ადამიანზე ყურადღების ფოკუსი, ჯერ ემოციური და მერე ინიციატივების გამოხატვა, მაგალითად, რაღაც მინდა და ამას მივიღებ უფროსისგან. გარემოს წინასწარმეტყველება არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. 6 თვის ბავშვი ტიტინებს, ერთი წლის ასაკში ერთ ან ორ, ან რამდენიმე სიტყვას მაინც უნდა ამბობდეს. 2 წლის ასაკში ბავშვი ორსიტყვიანი წინადადებების თქმას უნდა იწყებდეს, 3 წლის ასაკამდე უკვე ძალიან სწრაფად ვითარდება ენა და ბავშვები რთულ წინადადებებს ამბობენ. ამ ეტაპების მიმართ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველანი.

თანამედროვე კვლევები ძირითადად იმაზე ლაპარაკობს უკვე, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არის კომუნიკაციური პარტნიორის როლი. ამაში იგულისხმება უფროსი, რომელიც ბავშვთან დიდ დროს ატარებს. მნიშვნელოვანია, როგორ ელაპარაკება, რას ელაპარაკება, რამდენად შესაბამისია მისი ენა. ძალიან პატარა ასაკიდან რაც უფრო მეტი კომუნიკაცია გვაქვს ბავშვთან, მით უფრო ადვილად ახერხებს ბავშვი ამ ეტაპების გავლას.

ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარებული ყურადღება. პრაქტიკაში ეს როგორ გამოიყურება? 6 თვის ბავშვი მიჭირავს ხელში. რაღაც მოხდა, ვიღაც შემოვიდა ოთახში. ბავშვს ველაპარაკებოდი, ჩემი ყურადღების ფოკუსი წავიდა იმ მოვლენისკენ და ბავშვის ყურადღების ფოკუსიც წავიდა იმ მოვლენისკენ. შეიკრა სამკუთხედი. ეს სამკუთხედი არის უმნიშვნელოვანესი. ნებისმიერი მომენტი, როდესაც ბავშვი ამოხედავს მშობელს და ეუბნება: „მიყურე, რას ვაკეთებ,“ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ელემენტები ავითარებს ენას და კომუნიკაციას.

თუ ბავშვი 2 წლის ასაკისთვის არაფერს არ ამბობს, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სპეციალისტს მიმართონ. შესაძლებელია, რომ მანამდეც მივაქციოთ ამას ყურადღება. თუ ბავშვი ნაკლებად დაინტერესებულია გარშემო ადამიანებით, ადამიანზე ფოკუსით, ადამიანთან ყურადღების გაზიარებით, ემოციური გაცვლა-გამოცვლით, ეს უკვე შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, ხომ არ დავინტერესდე სპეციალისტის აზრით,“- მოცემულ საკითხზე ნინო ცინცაძემ საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია? - მარინა კაჭარავას რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვებში ბულინგის პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„არაადეკვატურობა ნიშნავს იმას, რომ ისე ჩაერიონ მშობლები, რომ მოცვივნენ სკოლაში, ატეხონ ერთი ამბავი და ამით კიდევ უფრო მეტი ჩაგვრის საბაბი მისცეს მჩაგვრელებს. ცემაზე უფრო ზოგჯერ ბავშვებს დაცინვის ეშინიათ. დაცინვა და ფსიქოლოგიური ბულინგი არის ძალიან მძიმე ბავშვისთვის. არაადეკვატურობაა ისიც, რომ შვილს ამუნათებენ: „რა არის, რით ვეღარ იცავ შენს თავს?!“ იქ დაჩაგრეს ბავშვი და სახლშიც ჩაგრავენ. ადეკვატურობა ნიშნავს მხარდაჭერას, გვერდში დადგომას, მოსმენას და მერე ერთად გადაწყვეტას.

ბავშვის რესურსი უნდა გაძლიერდეს, გაიგოს სკოლის ადმინისტრაციამ, სკოლაში სასურველია იყოს ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პედაგოგები რომლებიც ამ საკითხზე იმუშავებენ. უფროსი მეგობრებისა და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ჩარევას ვხედავთ, რომ შეიძლება მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგი. სკოლის გარეთ ხდება გარჩევები, მოდიან დანით. ამას ვერავინ ვერ აკონტროლებს, ამიტომ სჯობს, მისთვის სანდო უფროსს უთხრას ბავშვმა. აუცილებელია მხარდაჭერა. არ შეიძლება ჩვენც დავაბულინგოთ ბავშვი, რომელიც ისედაც დაჩაგრულია.

ბოლო დროს განსაკუთრებით გავრცელდა კიბერბულინგი. ერთმანეთის გასაოცარი ჩაგვრა მიდის. ბავშვებში მოდებულია შიშველი ფოტოების ერთმანეთთან გაგზავნა. ამას აიძულებენ ბავშვს. მჩაგვრელს სურს ჰქონდეს რაღაც ისეთი, რითიც შემდეგ მანიპულირებას შეძლებს. აშინებს ბავშვს, რომ დედას რაღაც მოუვა, მამას რაღაც მოუვა. მასაც ეშინია. უცნაური ის არის, რომ ბავშვები აგზავნიან ამ ფოტოებს. შემდეგ ამის გასაჯაროვება ხდება. ამაზე დასცინის ყველა ერთმანეთს. ძალიან ბევრი ბავშვი ამის გამო გადადის სკოლიდან, იძულებულია უბანი შეიცვალოს. აქ სჭირდება ბავშვს ფსიქოგანათლება მასწავლებლისგან, ფსიქოლოგისგან,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად