Baby Bag

5 წლამდე ასაკის ბავშვი დღის განმავლობაში 1 საათზე მეტს არ უნდა ატარებდეს ეკრანთან - პედიატრი ნანუკა ყავლაშვილი

პედიატრმა ნანუკა ყავლაშვილმა ბავშვებში ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ეკრანი, რა თქმა უნდა, ქმნის პრობლემას. ეკრანთან ურთიერთობა ზღუდავს ბავშვის საშუალებას, რომ გარესამყაროსთან ჰქონდეს ურთიერთობა. მას არ აქვს ადამიანებთან ურთიერთობა. ის არის თავის ვირტუალურ სამყაროში ჩაკეტილი. შეიძლება ის ზღაპარს უყურებდეს, საუბარიც ესმოდეს, თუმცა ეს მის განვითარებას ძალიან აფერხებს. ეკრანდამოკიდებულება დღევანდელ დღეს სერიოზული პრობლემაა. როდესაც დიდ დროს ატარებენ ბავშვები ეკრანთან, მათი ქცევა და მათი განვითარება საკმაოდ ჩამორჩენილია. ამ ბავშვებს აქვთ აუტისტის მსგავსი კლინიკური გამოვლინებები.

რა თქმა უნდა, ეკრანი არ განაპირობებს აუტიზმის განვითარებას. უბრალოდ ის იწვევს მეტყველების შეფერხებას, ქცევის შეფერხებას, ურთიერთობის უნარები არ აქვს ბავშვს და ის ისე იქცევა, ისე რეაგირებს გარესამყაროზე, როგორც ეს ხდება აუტიზმის დროს. ძალიან ხშირად ეს ხდება რთული განსასხვავებელი, არის ეს მხოლოდ ეკრანდამოკიდებულება, თუ ამის მიღმა კიდევ სხვა პრობლემა არის.

ამერიკის პედიატრთა აკადემიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომ ორ წლამდე ბავშვებში უმჯობესია, თუ საერთოდ ეკრანთან არ ექნებათ არანაირი შეხება. ორი წლის შემდეგ დრო უნდა იყოს აუცილებლად ლიმიტირებული. სანამ ბავშვი წავა სკოლაში, 5 წლის ჩათვლით, ის ერთ საათზე მეტს არ უნდა ატარებდეს ეკრანთან. ეს ერთი საათიც არ უნდა იყოს გადაბმულად ერთი საათი. უნდა გავუყოთ 15-15 წუთად,“- მოცემულ საკითხზე ნანუკა ყავლაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „შუადღე Live” ისაუბრა.

წყარო:​ „შუადღე Live” 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ხდება მაშინ, თუ 8 საათზე მეტი ან ნაკლები გვძინავს?

რა ხდება მაშინ, თუ 8 საათზე მეტი ან ნაკლები გვძინავს?

რა ხდება მაშინ, თუ 8 საათზე მეტი ან ნაკლები გვძინავს? - ამ თემაზე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ პირდაპირ ეთერში დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა.

თუ გძინავს 8 საათზე მეტი - ახერხებ ოპტიმალურ აღდგენას, გეხმარება ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში, ოპტიმალურ ხასიათზე ხარ და ოპტიმალური ენერგია გაქვს.

თუ გძინავს 8 საათზე ნაკლები - გაქვს არაჯანსაღი საკვების მიღების დიდი მოთხოვნილება. სპორტსმენების შემთხვევაში, ტრავმების რისკი 1.7-ჯერ არის გაზრდილი, გაციებისა და ვირუსული ინფექციების შეხვედრის ალბათობა 28%-ით არის გაზრდილი, მომატებული სტრესის ჰორმონის (კორტიზოლის) დონე, შემცირებული კუნთის ენერგიის მარაგი.

თუმცა, აღსანიშნია, რომ შეიძლება ადამიანს 8 საათზე მეტი ეძინოს, მაგრამ დარღვეული ჰქონდეს რეჟიმი. საუკეთესო ვარიანტია, როდესაც ადამიანი იღვიძებს 7-8 საათზე და იძინებს 10-11 საათზე. რუტინა უნდა იყოს მოწესრიგებული.''

როგორ გავუმკლავდეთ უძილობას?

  • თავიდან ავირიდოთ გაჯეტებისა და ტელევიზორის ყურება დაწოლის შემდეგ;
  • ჩამოვაყალიბოთ გაღვიძება-დაძინების რუტინა, რომელიც უნდა იყოს ყოველდღიურად ერთნაირი;
  • თავიდან ავირიდოთ ჩათვლემა შუადღის 3 საათის შემდეგ, ვინაიდან ღამე ჩაძინებას ხელს შეუშლის(ეხება მოზრდილ ადამიანებს);
  • ჩათვლემა 30 წუთზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს;
  • არ მივიღოთ მძიმე საკვები და კოფეინის შემცველი საკვები საღამოს 6 საათის შემდეგ“ - აღნიშნა ზაზა თელიამ. 


წყარო: ​,,დილა მშვიდობისა საქართველო''

წაიკითხეთ სრულად