Baby Bag

ტყუპების აღზრდის პროცესში მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია - აღზარდოს და გამოკვეთოს თითოეულ მათგანში ინდივიდუალურობა

ტყუპების აღზრდის პროცესში მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია - აღზარდოს და გამოკვეთოს თითოეულ მათგანში ინდივიდუალურობა

ტყუპები - ადამიანები, რომელთა შორისაც საკმაოდ მყარი და სანდო კავშირი ყალიბდება. ეს არ არის მხოლოდ ახლო მეგობრობა - ისინი განუყოფელნი არიან ერთმანეთისგან. სწორედ ამიტომ ტყუპების აღზრდის პროცესში მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია - აღზარდოს და გამოკვეთოს თითოეულ მათგანში ინდივიდუალურობა. 

ტყუპების მშობლებმა აუცილებლად უნდა გამონახონ დრო მათთან ცალ-ცალკე სასაუბროდ, საურთიერთოდ, რათა მათი შესაძლებლობები და განსხვავებულობა არ ფორმირდებოდეს ძმის ან დის მაგალითზე. ფსიქოლოგების რეკომენდაციით, უმჯობესია თუკი ერთმანეთის მსგავსი ნივთების ყიდვისას მათ მაინც ექნებათ რაიმე განმასხვავებელი ნიშანი, რათა თითოეულმა იცოდეს რომელია მისი.

​ტყუპებს განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი მხრიდან სხვისი საკუთრების აღებისას ნებართვისა და პირადი სივრცის პატივისცემის სწავლება, რადგანაც ისინი ძალიან დიდ დროს ატარებენ ერთად და საკმაოდ ახლოს არიან ერთმანეთთან. სხვადასხვა წრის არჩევისას სასურველია, გავითვალისწინოთ ბავშვების სურვილები და შესაძლებლობები. მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი ტყუპები არიან, ნუ ვატარებთ ერთსა და იმავე წრეებზე ორივეს. ეს შეუწყობს ხელს მათ იმაში, რომ გაიჩინონ მეგობრები და უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი თავი სხვა სივრცეში. უმჯობესია ვეცადოთ ხოლმე, რომ ნაკლებად გავუსვათ ხაზი მათ შორის მსგავსებას.

​ხშირად საუბრისას ტყუპები ერთმანეთის ნაცვლად სცემენ ხოლმე პასუხებს. ამიტომ კარგი იქნება, თუ მათ სხვადასხვა კითხვით მივმართავთ, ვასწავლით ერთმანეთის მოსმენას და საუბრის დასრულებამდე მოცდას. ასევე კარგია ტყუპების შემთხვევაში ვთხოვოთ მათ სახლის სხვადასხვა საქმიანობაში დახმარება. ინდივიდუალურობის გამოკვეთა ტყუპების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. დაე, მათ ჰქონდეთ როგორც საერთო, ასევე პირადი მოგონებები, შეხედულებები, გეგმები და მიზნები.
ჩვენ კი - მშობლებმა ვეცადოთ თანაბრად დავუთმოთ მათ დრო, თანაბრად გამოვხატოთ მათ მიმართ უპირობო უსიყვარული და მიმღებლობა, არ დავიშუროთ მათთვის ემოციური მხარდაჭერა, ყოველთვის მთელი გულით მოვუსმინოთ მათ ამბებს და ვიყოთ მათი საუკეთესო მეგობრები! 

წყარო: ​ამონაშვილის აკადემია