Baby Bag

10 მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ყველა დედამ უნდა ასწავლოს თავის ვაჟს

10 მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ყველა დედამ უნდა ასწავლოს თავის ვაჟს
დედასა და ვაჟს შორის ურთიერთობა განსაკუთრებულია. ყოველთვის არსებობს ისეთი თემა, რომელსაც ბიჭები ვერც მამასა და ვერც მეგობრებს ვერ უზიარებენ და მას მხოლოდ დედას ანდობენ. დედები ყველაზე მეტად უგებენ მათ და რაც მთავარია, ყოველთვის აქვთ დრო მოსასმენად და რჩევების მისაცემად.

ჩაცმის სტილი ყოველთვის ტოვებს შთაბეჭდილებას

ადამიანს უნდა შეეძლოს ჩაცმის სტილის სწორად არჩევა. თავდაპირველად დედები ეხმარებიან ვაჟებს ამ საკითხის მოგვარებაში. სწორედ მათ უნდა ასწავლონ თუ როდის უნდა მოირგონ ფორმალური და როდის თავისუფალი სტილი. ეს ბალანსი ბევრს მეტყველებს ადამიანზე და ქმნის პირველ შთაბეჭდილებას. მაგალითად, თქვენი შვილი თუ ოფიციალურ გასაუბრებაზე ან კერძო შეხვედრაზე პირველად მიდის, ბუნებრივია, მოშვებული ტანსაცმელი არ უნდა ურჩიოთ.

არ უნდა გააკეთოს არაფერი, რაც თავს არაკომფორტულად აგრძნობინებს

სამწუხაროდ, ხშირად ადამიანები თავს ვალდებულად თვლიან შეასრულონ დავალებები, რომლებსაც უსიამოვნება მოაქვთ მათთვის. ისინი ცდილობენ მოერგონ მათთვის არასასურველ სიტუაციებს, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოჩნდნენ ისეთები, როგორიც რეალურად არ არიან.

დედებმა უნდა ასწავლონ შვილებს , რომ არ გააკეთონ არაფერი ,რაც მათ მორალს ეწინააღმდეგება. მაშინაც კი არ უნდა უღალატონ პრინციპებს, როდესაც სამსახურში უფროსი მათზე ზეწოლას ახდენს რაიმე ივენთზე დასწრების მოთხოვნით.

უნდა ემეგობრონ ნამდვილად სანდო ადამიანებს

დედები ხშირად უნდა ესაუბრებოდნენ შვილებს ნამდვილ მეგობრობაზე. უნდა უხსნიდნენ, რომ მეგობრის შეძენა ისეთი მარტივი აღარ იქნება, როგორც ბავშვობაში იყო. წლების მატებასთან ერთად ეს რთულდება, რადგან ბავშვობისგან განსხვავებით, ზრდასრულობისას მიყენებული წყენა ადვილად არ იკურნება. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიონ მეგობრები და გამოიჩინონ სიფრთხილე ადამიანებთან ურთიერთობისას.

უნდა გამოავლინონ შესაძლებლობების მაქსიმუმი

ბევრი ცდისა და მონდომების მიუხედავად ხშირად ცხოვრება უსამართლოა. მსგავს გამოცდილებას ადრე თუ გვიან თქვენი ვაჟიც მიიღებს და სწორედ ამ მომენტში თქვენი ჩართულობა გადამწყვეტია. თქვენ არ უნდა მისცეთ შვილს მოდუნების უფლება, უნდა შეძლოთ მისი მოტივირება, რადგან ერთი წარუმატებელი ცდა არ ნიშნავს დამარცხებას. უნდა ასწავლოთ : მაშინაც კი, თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაეცემა, არ უნდა დაივიწყოს, რომ ძალიან ეცადა და ეს გამარჯვებაზე არანაკლებ საამაყოა.

რჩევის მიღება სავსებით ნორმალურია

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის და კითხვის დასმა ან დახმარების თხოვნა სისუსტეა, რაც სიმართლისგან შორსაა. დედამ უნდა ასწავლოს ვაჟს, რომ როდესაც დამხარება სჭირდება, აუცილებლად ითხოვოს. ეს იწყება სკოლაში ამოცანის ვერამოხსნიდან და გრძელდება ცხოვრების გზაჯვარედინებამდე , სადაც ზრდასრულებსაც კი უჭირთ სწორი მიმართულებისკენ გეზის აღება.

უნდა იბრძოლონ ოცნებებისთვის

ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა, რომლის მიცემაც დედას შეუძლია ოცნებებისთვის თავგამოდებით ბრძოლაა. მნიშვნელობა არ აქვს რა არის მისი ოცნება: საზღვარგარეთ მოგზაურობა თუ წარმატებული კარიერა. თიოთოეულ მიზანს ბრძოლა სჭირდება და დამარცხება არაფერს ნიშნავს, რადგან ვინც არ მარცხდება ის არასდროს აკეთებს რაიმე ახალს.

ასევე, ოცნება უბიძგებს თქვენს შვილს მუდმივი მოქმედებისკენ, მუდმივი მცდელოებისკენ, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

არ უნდა შეიცვალონ სხვების სტანდარტების დასაკმაყოფილებლად

სამყაროში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. მათი აზრები და შეხედულებები განსახვავებულია. ხალხს მოსწონს განსხვავებული მუსიკა, ფილმები, მათ აქვთ განსხვავებული ცხოვრების სტილი და არაერთგვაროვანი მიზნები. უნდა აუხსნათ შვილებს, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინდივიდები ვართ და ცხოვრებაში აუცილებლად შევხვდებით ადამიანებს, რომელთაც არ მოეწონებათ ჩვენი გარეგნობა ან ქცევა. ადამიანი წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს და უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის.

არაფერია ცუდი ემოციურობაში

არსებობს ფართოდ გავრცელებული, საშინელი სტერეოტიპი, რომელიც ყოვლად უსაფუძვლოა: კაცებმა არ უნდა იტირონ, რადგან ეს „არავაჟკაცურია“. ეს სტერეოტიპი თრგუნავს ძალიან ბევრ ბავშვს და ხელს უშლის ემოციების გამოხატვაში. სწორედ ამიტომ, დედებმა უნდა გაამხნევონ შვილები და უთხრან, რომ რასაც არ უნდა გრძნობდნენ ღიად გამოავლინონ, რადგან ეს ნორმალურია.

დიახ, ბიჭებმაც უნდა იტირონ თუ თავს ცუდად გრძნობენ,ემოციურ ფილმს უყურებენ ან ეშინიათ. არავინ უნდა ვაიძულოთ დამალოს ნამდვილი გრძნობები და უნდა გავათვიცნობიეროთ, რომ ნებისმიერი ემოცია, მათ შორის ტირილიც უფრო ადამიანურს გვხდის!

ოჯახი მნიშვნელოვანია

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ახლოს ცხოვრობთ ოჯახთან, გიწევთ თუ არა მისი დატოვება ხანგრძლივი მოგზაურობის დროს. ბევრი თინეიჯერი ტოვებს მშობლების სახლს და მარტო მიდის სამოგზაუროდ. მიუხედავად ამისა, არ უნდა შეწყდეს კონტაქტი, ხშირი და ღრმა საუბრები ოჯახის წევრებს შორის, რადგან რჩევები ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ფასეულია ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანისგან, როგორიც ოჯახის წევრია.

ისინი პატივისცემით უნდა მოეპყრონ ქალებს

დედბმა ვაჟებს ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან უნდა ჩაუნერგონ, რომ ქალის პატივისცემა მამაკაცის მთავარი ღირსებაა. მათ უნდა იცოდნენ, რომ ქალებსა და კაცებს თანაბარი უფლებები აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაჟები არ უნდა თვლიდნენ თავს უპირატესად და არ უნდა მიაჩნდეთ, რომ ქალები ნაკლებად მნიშვნელოვნები ან ნაკლებად ძლიერები არიან.

მნიშვნელოვანია შვილებს ასწავლოთ, რომ ქალებს არ აღიქვამდნენ საგნებად, რომ ქალები დაიბადნენ დედამიწაზე, რათა იცხოვრონ მამაკაცების გვერდით და არა იმიტომ, რომ დაემონონ მათ.

მომზადებულია moms.com-ის მიხედვით.

ავტორი: მარიამ კვეტენაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვები უკვე რუსობანას და უკრაინელობანას თამაშობენ და ომის თამაშში გადატანას ცდილობენ,“- ფსიქოთერაპევტი მერი გელაშვილი

„ბავშვები უკვე რუსობანას და უკრაინელობანას თამაშობენ და ომის თამაშში გადატანას ცდილობენ,“- ფსიქოთერაპევტი მერი გელაშვილი

ფსიქოთერაპევტმა მერი გელაშვილმა ბავშვებზე ომთან დაკავშირებული ნეგატიური ინფორმაციის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„ექვს წლამდე ბავშვთან როდესაც ვსაუბრობთ, მან შეიძლება ინტერესის დასაკმაყოფილებლად დასვას კითხვა და არ ღელავდეს. შეიძლება პირიქით, დიდი შფოთვა ჰქონდეს და ამაზე არ ლაპარაკობდეს. ამიტომ გამოვკითხოთ, როგორ გრძნობენ თავს. ცოტა უფრო დიდ ბავშვებს, შეგვიძლია ვესაუბროთ როგორც დიდებს. არ უნდა გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოცია. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მეტ-ნაკლებად ვაკონტროლებთ ყველაფერს.“

მერი გელაშვილის თქმით, უფროსებმა დოზირებულად უნდა მოუსმინონ ომთან დაკავშირებულ ინფორმაციას:

„ყველა ოჯახში დღეს ჩართულია ტელევიზორი. იმ წამს ბავშვი არ გამოხატავს, რომ ნერვიულობს. დოზირება მართებთ უფროსებს. მუდმივ რეჟიმში ეს ეკრანი მათზე ნეგატიურად მოქმედებს. უკვე შეიმჩნევა ტრავმული თამაშები. ბავშვები უკვე რუსობანას და უკრაინელობანას თამაშობენ და ომის თამაშში გადატანას ცდილობენ. ეს ჭარბი ნეგატიური ინფორმაციის შედეგია.“

„შეიძლება იყოს ჩაძინების სირთულე, მადის დაქვეითება ან მოზღვავება. თვალსაჩინო ფსიქოსომატური სიმპტომია მუცლის, თავის ტკივილი. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ემოციის აკუმულირება მოხდა, რომლის გადამუშავებას ის ვერ ახერხებს. ბევრი უნდა ვესაუბროთ ამაზე. აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ ეს დასრულდება. უფრო ხშირად სიკეთე იმარჯვებს,“- აღნიშნულ საკითხზე მერი გელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად