Baby Bag

ბავშვები, რომლებიც ტალახში ხშირად თამაშობენ, გონიერები არიან

ბავშვები, რომლებიც ტალახში ხშირად თამაშობენ, გონიერები არიან

გამოუცდელი მშობლები ძალიან ღელავენ, როდესაც ხედავენ, რომ ბავშვი ტალახში ​თამაშობს. მიკრობების პანიკური შიშის გამო ისინი ყველა ნივთს ასტერილებენ და წმენდენ, რომელთანაც ბავშვს აქვს შეხება. დედები გულდასმით რეცხავენ საწოვარას, ღრძილების მასაჟორს, წმენდენ თოჯინებს და საბავშვო წიგნებს. მშობლები ბავშვის თითოეული მოძრაობის გაკონტროლებას ცდილობენ და შფოთავენ, როდესაც ამჩნევენ, რომ პატარას ქვიშასა და ტალახში თამაშისკენ აქვს მიდრეკილება. ისინი ღელავენ, რადგან ეშინიათ, რომ ბავშვი ჭუჭყიან ხელს პირში ჩაიდებს და საშიში მიკრობები მის ორგანიზმში შეღწევას შეძლებენ. მშობლების მეტისმეტი მღელვარება, შესაძლოა, პანიკურ შიშშიც გადაიზარდოს. მსგავს უმიზეზო შფოთვას, როგორც წესი, ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს.


მიეცით ბავშვს ტალახში თამაშის უფლება!

პატარები ბუნებაში ბევრ დროს უნდა ატარებდნენ. მათ ეზოში ფეხშიშველი სიარულის ნება ხშირად უნდა დართოთ. ნუ აუკრძალავთ თქვენს შვილს ტალახში თამაშს. ნუ შეგეშინდებათ, რომ ბავშვმა ჭუჭყიანი ხელი პირში არ ჩაიდოს. თქვენი შვილის ჯანმრთელობას ტალახში თამაში საფრთხეს ნამდვილად არ შეუქმნის. ბავშვებს ბედნიერებისა და ჯანმრთელობისთვის მეტი თავისუფლება სჭირდებათ. ტალახში თამაში მათ საოცარ განწყობაზე აყენებს და მათი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. თანამედროვე მშობლებს მსგავსი განცხადებების მოსმენა პარადოქსულად ეჩვენებათ, მაგრამ კვლევებით მტკიცდება, რომ ეს სრული სიმართლეა. მთავარია იცოდეთ, რომ ყველა სახის ტალახი ერთნაირად სასარგებლო არ არის. ბუნების წიაღში ტალახიან მინდორზე ან ბალახებში თამაში ბავშვის ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს, დახურულ სივრცეში ჭუჭყთან და ტალახთან კონტაქტს კი პატარა აუცილებლად უნდა მოარიდოთ.

მწვანე გარემოში თამაშისას ტალახში დასვრილი ბავშვი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ მიკრობებთან კონტაქტისგან მაქსიმალურად დაზღვეულია. ბუნების წიაღში ყოფნისას ნება მიეცით ბავშვს შეეხოს ყველაფერს, რაც მოსწონს (ცხოველთა ექსკრემენტების გარდა). მწერებთან, ბალახებთან, ხეებთან და ტალახთან შეხებით ბავშვს არაფერი დაუშავდება. მიეცით პატარებს უფლება ტალახიანი ხელებით მანამ ითამაშონ, სანამ არ დაიღლებიან. აუცილებლად დაბანეთ ბავშვს ხელები, როდესაც ჭამის დრო მოვა.

5 მიზეზი, რის გამოც პატარებს ტალახში თამაში არ უნდა დაუშალოთ

პატარებს, რომლებიც ტალახში ხშირად თამაშობენ, ჯანსაღი იმუნური სისტემა აქვთ

ტალახში უამრავი სასარგებლო მიკრობი გვხვდება, რომლებთან კონტაქტი ბავშვის იმუნურ სისტემას აძლიერებს. ეს უკანასკნელი კი პატარას ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარებისგან იცავს, როგორებიცაა: ასთმა, ალერგია, სიმსუქნე და დიაბეტი. ბავშვები, რომლებსაც მშობლები მეტისმეტად ზღუდავენ და ტალახში თამაშს კატეგორიულად უკრძალავენ, ალერგიებისა და ასთმის განვითარებისკენ მეტად არიან მიდრეკილები. როგორც წესი, მშობლები მეტისმეტ სიფრთხილეს პირველი ბავშვის მიმართ იჩენენ. სათანადო გამოცდილების მიღების შემდეგ კი მეორე და მესამე შვილს ნაკლებად ზღუდავენ, რაც მათ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

ტალახში თამაში ბავშვს აბედნიერებს

ბავშვები, რომლებიც გარეთ დიდ დროს ატარებენ დეპრესიითა და შფოთვითი აშლილობით ნაკლებად იტანჯებიან. ისინი სტრესისგან გათავისუფლებას მარტივად ახერხებენ. გარეთ გასვლისთანავე ბავშვები თავს მსუბუქად და ლაღად გრძნობენ, რაც მათ განტვირთვაში ძალიან ეხმარებათ.

ტალახში მოთამაშე ბავშვები აქტიურები არიან

ბუნების წიაღში თამაშისას ბავშვები ბევრს მოძრაობენ. ტალახში გართობისას ისინი დარბიან, დახტიან, დახოხავენ და გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავენ ვიდრე შენობაში თამაშისას. ხშირი დატვირთვა და აქტიური მოძრაობა ბავშვებს ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში ეხმარება, რის გამოც ისინი დიაბეტის ან სხვა ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკის წინაშე ნაკლებად დგანან.

ტალახში თამაში ბავშვის სენსორულ სისტემას ავითარებს

ბავშვებს, რომლებიც დახურულ სივრცეში ძალიან დიდ დროს ატარებენ, სენსორული სისტემა ნაკლებად აქვთ განვითარებული. ისინი ან მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან, ან პირიქით სუსტი შეგრძნებები აქვთ, გენეტიკურ ფაქტორებს თუ გამოვრიცხავთ, სენსორული სისტემის არასათანადო განვითარება ბუნების წიაღში თამაშის ნაკლებობით აიხსნება. შენობიდან გასული ბავშვის შეგრძნებები სწრაფად სტიმულირდება. პატარებს გარეთ უამრავი საგნის დანახვა ან დაყნოსვა შეუძლიათ, ისინი ყურადღებით უსმენენ სხვადასხვა ხმას, ეხებიან მათთვის საინტერესო საგნებს, რის გამოც ტვინს სათანადო სიგნალები აქტიურად მიეწოდება. ბალახზე ფეხშიშველი სიარული, ტალახში ხტუნვა ან ტყეში სირბილი არამხოლოდ ბავშვის განწყობას აუმჯობესებს, მსგავსი აქტივობები თქვენი შვილის სენსორული სისტემის განვითარებას უწყობს ხელს.

ბავშვები, რომლებიც ტალახში ხშირად თამაშობენ გონიერები არიან

ბავშვები, რომლებიც ტალახში ხშირად თამაშობენ, პრობლემებთან გამკლავებას მარტივად ახერხებენ. მათ მდიდარი წარმოსახვა აქვთ და ძალიან კრეატიულები არიან. ბუნების წიაღში თამაში არამხოლოდ ბავშვის მახსოვრობის, კონცენტრაციისა და ყურადღების უნარს ავითარებს, მისი წყალობით პატარას ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვნად ვითარდება. ქვიშაში თამაშისას ბავშვები კოშკებს აგებენ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათ მიერ აგებული კოშკების კონსტრუქცია რთულდება და იხვეწება. ყველაზე მარტივი შენობის აგებასაც კი დიდი მონდომება, ფანტაზია და დაგეგმვის უნარი სჭირდება.

ბავშვებს ტალახში თამაშის შესაძლებლობა უნდა მისცეთ

ბავშვების უმეტესობას ტალახში თამაში ძალიან უყვარს. თუ თქვენი პატარა მსგავსი აქტივობებით ნაკლებად იხიბლება, მის დასახმარებლად შეგიძლიათ სხვადასხვა ხერხს მიმართოთ. პარკში ან სანაპიროზე თუ მიდიხართ, ბავშვისთვის სათლი და პატარა ნიჩაბი წაიღეთ, რათა ქვიშაში თამაშის სურვილი გაუჩნდეს, ქვიშაში კოშკები და სასახლეები ააშენეთ, ეზოში ტალახს თუ გადააწყდებით, აღნიშნულ სივრცეში პატარა სამზარეულო მოაწყვეთ, სადაც ბავშვთან ერთად კერძების მომზადებით დაკავდებით. თუ ბავშვთან ერთად ეზოში მცენარეებს დარგავთ, მას ტალახში თამაშს მარტივად შეაყვარებთ. თქვენს შვილს ფოთლებით, ბალახებით და ძირს დაცვენილი ხის ტოტებით თამაში ასწავლეთ. ბავშვის თანდასწრებით შიშველი ფეხით ხშირად იარეთ ქვიშაში, ბალახზე ან ტალახში. ტალახის ან ქვიშის გამოყენებით რამეს თუ დახატავთ, ბავშვს მარტივად დააინტერესებთ. თავისუფლად იკოტრიალეთ ბალახში, რათა თქვენს შვილს კარგი მაგალითი მისცეთ.

როდის უნდა დაიბანონ ბავშვებმა ხელები ?

ბავშვებს ხელების დაბანა აუცილებლად უნდა ასწავლოთ. პირადი ჰიგიენის დაცვა პატარებს უამრავი დაავადების თავიდან აცილებაში ეხმარება. ბავშვებმა საპნითა და წყლით ხელები აუცილებლად უნდა დაიბანონ: ჭამის წინ, საჭირო ოთახიდან გამოსვლისას, ვირუსით დაავდებულ ადამიანთან კონტაქტისას, გაფუჭებულ საკვებ პროდუქტებთან ან ცხოველების ფეკალიებთან კონტაქტისას, ისეთ ადგილებში ყოფნისას, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს. ბავშვებმა ხელები ხშირად უნდა დაიბანონ, როდესაც გრიპის ვირუსი თავად აქვთ. ეზოში თამაშის შემდეგ, თუ ბავშვი ჭამას არ აპირებს, ხელების სწრაფად დაბანა აუცილებელი არ არის.

მომზადებულია backwoodsmama.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე​ დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა იწვევს ბავშვებში სტომატიტს და როგორ ვუმკურნალოთ?

​რა იწვევს ბავშვებში სტომატიტს და როგორ ვუმკურნალოთ?

რა იწვევს ბავშვებში სტომატიტს და როგორ ვუმკურნალოთ? - ამ თემებზე MomsEdu.ge- ს ესაუბრა ბავშვთა და მოზრდილთა ექიმი-თერაპევტი/პირის ღრუს ქირურგი გვანცა ბაიდაშვილი.

რა არის სტომატიტი?

- სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების ზოგადი სახელია და მასში მოიაზრება 500 - ზე მეტი დაავადება, რომელთაც სხვადასხვა ეტიოლოგია (გამომწვევი მიზეზი), მიმდინარეობა და მკურნალობის ტიპი აქვს.

- რა არის გამომწვევი მიზეზი ბავშვებში?

გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სისტემური დაავადება, რომელიც პირის ღრუში გამოვლინდა ერთ-ერთი სიმპტომის სახით ან ლოკალური, როცა მხოლოდ პირის ღრუში იჩენს თავს სხვადასხვა მორფოლოგიური ელემენტით.

- სტომატიტის სახეობებზე რომ ვისაუბროთ.

- როგორც ვახსენე, სტომატიტი 500 - ზე მეტი დაავადების კრებითი სახელია და ყველაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, ბავშვებში ყველაზე ხშირია ტრავმული სტომატიტი, რომელსაც უმეტესად სათამაშოთი ან მყარ საგანზე დაცემის დროს იღებენ და რამდენიმე დღეში ალაგდება. ასევე, დამწვრობით გამოწვეული, თუნდაც ცხელი საკვებით, რომელიც მალევე გადადის, იმ შემთხვევაში თუ რეგულარულად არ იღებს ბავშვი ცხელ საკვებს.

ალერგიული სტომატიტი შესაძლოა რომელიმე პრეპარატით ან კოსმეტიკით გამოვლინდეს და მხოლოდ გამომწვევი მიზეზის დადგენით და მოხსნით იკურნება. ვირუსული სტომატიტიც ხშირია ბავშვებში, რაც სისტემური ვირუსის მიმდინარეობის დროს ვლინდება.

- როგორ მივხვდეთ რომ ბავშვს სტომატიტი აქვს და რა შეიძლება გავაკეთოთ სახლის პირობებში?

- ოჯახის წევრების მიერ სტომატიტზე ეჭვის მიტანა მარტივია. პირის ღრუს ლორწოვანზე ვლინდება მოწითალო ან მოთეთრო ანთებითი ელემენტი, რომელიც შეიძლება იყოს მტკივნეული ან ხელს უშლიდეს კვებასა და საუბარში. სახლის პირობებში მკურნალობა, ექიმის გარეშე, არ შეიძლება, რადგან დიაგნოზის დასმას საჭიროებს, რაც მშობლის პრეროგატივა არაა და შესაძლოა, გართულება გამოიწვიოს.

- როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს და როგორ მიმდინარეობს მკურნალობა?

- ეჭვის არსებობისას მივმართავთ ექიმს, აღვუწერთ ბავშვის ზოგად მდგომარეობას, რათა დავეხმაროთ მას სწორი მიმართულებით წარიმართოს დიაგნოსტიკა და შესაბამისად, მკურნალობაც. მკურნალობა შეიძლება იყოს პერორალური პრეპარატებით და ადგილობრივად გამოსაყენებელი სავლებებით ან გელებით.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

წაიკითხეთ სრულად