Baby Bag

ქუთაისში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა

ქუთაისში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა

ქუთაისში, „ხონელიძის კლინიკაში“, 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა, - ინფორმაციას კლინიკა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. მედიკოსების თქმით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

„შეიძლება, სასწაულიც ვუწოდოთ ფაქტს, რომელიც უამრავი ქალისთვის იმედის და სტიმულის მომცემი იქნება.

ქალბატონმა დოდო გიორგაძემ 52 წლის ასაკში ქვეყნად მოავლინა პირველი შვილი, ჯანმრთელი გოგონა, ლუსი ოდილავაძე.

ბედნიერი დედა და ახალშობილი თავს მშვენივრად გრძნობენ. ორსულობის 9-თვიანმა პერიოდმა უპრობლემოდ ჩაიარა. ულამაზესი ლუსი ნამდვილად ღვთის საჩუქრია.

 

ქალბატონი დოდო უამრავი იმედდაკარგული ქალბატონის მაგალითი უნდა გახდეს. თანამდროვე სამყაროში შეუძლებელი თითქმის არაფერია. მთავარია, გწამდეთ, გჯეროდეთ და არასდროს დანებდეთ,“ - წერია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა რისკებთანაა დაკავშირებული ორსულობა 35 წლის ზემოთ?

​რა რისკებთანაა დაკავშირებული ორსულობა 35 წლის ზემოთ?
მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ორსულობა 40 წლის ასაკში - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია.

40 წლის ასაკში ორსულობის დაგეგმვა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული სირთულეებთან, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

​​
ფერტილობის (შვილოსნობის) ბიოლოგიური საათი იწყება მაშინ, როდესაც ქალს ეწყება პირველი მენსტრუალური ციკლი და ასაკის მატებასთან ერთად რეპროდუქციული ფუნქცია მცირდება, რაც მეტად უახლოვდებით კლიმაქტერულ პერიოდს, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ფოლიკულების რეზერვი.

რა რისკებთანაა დაკავშირებული ორსულობა 35 წლის ზემოთ?

35 წლის და მეტი ასაკის ქალებს შეუძლით ფიზიოლოგიური დაორსულება და ასევე ორსულობის ბოლომდე მიყვანა, თუმცა არსებობს გარკვეული რისკები დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის მხრივ.
რაც მეტია ქალის ასაკი, მით მეტად მცირდება ფოლიკულების რაოდენობა, ასევე ფოლიკულების ხარისხი, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო რთული იქნება ფიზიოლოგიური დაორსულება, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლატნტაცია საშვილოსნოში.
ასევე კვერცხუჯრედის ხარისხის შემცირებასთან ერთად მატულობს თვითნებითი აბორტის (ორსულობის მოშლის) რისკი.
ზემოთ აღნიშნულ გართულებებს ემატება:

  • მკვდარშობადობის რისკი
  • ქრომოსომული ანომალიები
  • ნაადრევი მშობიარობა
  • გესტაციური ჰიპერტენზია
  • პრეეკლამფსია
  • მცირე მასის ახალშობილი
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ 40 წლის ასაკში ვერ დგება ფიზიოლოგიური ორსულობა?
​იმ შემთხვევაში, თუ ფიზიოლოგიური ორსულობა ვერ დადგა რამდენი ცდის შემდეგ, შეგიძლიათ მიმართოთ დამატებით რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა:

  • IVF - ინ ვიტრო განაყოფიერება - ამ შემთხვევაში მოხდება ჰორმონული მკურნალობის ფონზე კვერცხუჯრედების სტიმულაცია და მომწიფება, რის შემდეგ მოხდება კვერცხუჯრედების ასპირაცია (ამოღება საკვერცხეებიდან) და განაყოფიერება. განაყოფიერების შემდეგ ერთი ან რამდენიმე ემბრიონი გადააქვთ დედის საშვილოსნოს ღრუში.
  • სუროგაცია - ამ შემთხვევაში პროცედურა იგივეა, რაც ინ ვიტროს დროს, იმ განსხვავებით, რომ ბიოლოგიური დედის ნაცვლად ემბრიონები (განაყოფიერებული კვერცხუჯრედები) გადააქვთ სუროგატი ქალის საშვილოსნოში.
  • დონაცია - იმ შემთხვევაში, თუ ქალის საშვილოსნო მზად არის ემბრიონის მისაღებად, მაგრამ არ აქვს საკუთარი კვერცუჯრედები, ან მეუღლის (პარტნიორის) ცოცხალი სპერმატოზოიდები, შეუძლია გამოიყენოს დონორის კვერცხუჯრედი ან სპერმატოზოიდი. შემდგომ ისევ მოხდება ემბრიონების გადატანა ქალის საშვილოსნოში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად