Baby Bag

„მშობლები ხშირად ბედნიერი შვილის სკულპტურის ძერწვაში იკარგებიან, ამ დროს ბავშვის რეალური განცდები იგნორირდება,“ - ფსიქოთერაპევტი ნინო ახალაია

ფსიქოთერაპევტი ნინო ახალაია გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვებში ემოციური ინტელექტის განვითარების შესახებ საუბრობს:

“ემოციური ინტელექტის განვითარება ბავშვობის ასაკიდან იწყება, თუმცა ცვლილებები არასდროს არის გვიან. ჩვენ მუდმივად ვიცვლებით. ემოციური ინტელექტის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მოდის თვითგანვითარებაზე, თვითგანათლებაზე. სანამ პატარა თვითგანათლებას დაიწყებს, ის თვითგანვითარების პროცესში უკვე ჩართულია იმით, რომ მოძრაობს, მას აინტერესებს, ის სვამს ბევრ კითხვას, ტეხავს, აფუჭებს, ტირის, ბრაზობს. მშობლის მხრიდან უმთავრესია ბავშვის ემოციების შემჩნევა და დანახვა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე შენ შეგამჩნიე შენი ბრაზით, შენი სიხარულით.“

ნინო ახალაიას თქმით, მშობლებს ხშირად არ სურთ შვილების ნამდვილი ემოციების გაგება, რაც ბავშვისადმი მათი ეგოცენტრული დამოკიდებულებით აიხსნება:

„ძალიან ადვილია ბედნიერი ადამიანის მიღება. მშობლები ხშირად ბედნიერი შვილის და ბედნიერი ოჯახის სკულპტურის ძერწვაში იკარგებიან. ასეთ დროს იგნორირდება რეალური განცდები. როდესაც პატარა ტირის, პირველი რა ხდება? მაშინვე იწყება ნუგეში, ან კანფეტით, ან შოკოლადით. ბავშვს ეუბნებიან, რომ სადმე წაიყვანენ, გაართობენ. შეიძლება ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩემი შვილი რომ ტირის, მაგრამ ეგოცენტრული გადაწყვეტილებაა ბავშვის გაჩუმება. ნუგეში თუ იმას გულისხმობს, რომ მე შენ გაგაჩუმებ, როდესაც ჩხუბობ, ტირი, ექსპრესიული ხარ, ეს ეგოიზმია. პირველი არის მხარდაჭერა იმით, რომ ვკითხოთ ბავშვს: როგორ გრძნობ თავს? როგორ ხარ? რას გრძნობ? რა ემოციები გაქვს?“

„მე, როგორც პრაქტიკოსი თერაპევტი, მოზრდილებთან მუშაობის დროს ხშირად ვაწყდები პრობლემას, როდესაც მათ ვეკითხები: რას გრძნობთ? მათ არ იციან რა მიპასუხონ. ეს იმიტომ ხდება, რომ არ არის კონტაქტი საკუთარ სხეულთან, საკუთარ ემოციებთან,“ - აღნიშნავს ნინო ახალაია. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

რა კომპლექსები აწუხებთ მოზარდებს და რამდენად დიდია მშობლის როლი ასეთ დროს?

რა კომპლექსები აწუხებთ მოზარდებს და რამდენად დიდია მშობლის როლი ასეთ დროს?
რა კომპლექსები აწუხებთ მოზარდებს, რა მიზეზებით ჩნდება და რამდენად დიდია მშობლის როლი ასეთ დროს? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge ფსიქოლოგ ანა მეუნარგიასესაუბრა. 

- ქალბატონო ანა, მოზარდებში ხშირად იჩენს ხოლმე თავს სხვადასხვა სახის კომპლექსი, რაც ხელს უშლით მათ სრულფასოვნად ცხოვრებაში. ძირითადად, რა კომპლექსები აწუხებთ მათ?

- თავიდან ისიც ვთქვათ, თუ რა არის კომპლექსი. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის განმარტების მიხედვით, კომპლექსი არის „მსგავსი იდეების ან იმპულსების ჯგუფი ან სისტემა, რომელსაც აქვს საერთო ემოციური ფონი და ქმნის ძლიერ, ძირითადად არაცნობიერ ზეგავლენას ადამიანის განწყობასა და ქცევაზე“. მოზარდები მეტ ყურადღებას აქცევენ სოციალურ კონტაქტს თანატოლებთან, ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მათ გარემო, შესაბამისად, შფოთვაც იმატებს. გოგონების შემთხვევაში ხშირია ფიქრი წონის შესახებ, ბიჭების შემთხვევაში კი იმაზე, რომ მეტად მამაკაცურები გამოჩნდნენ. ჩაცმულობიდან დაწყებული ვიზუალური მაჩვენებლებით დასრულებული ყველაფერს შეიძლება ეხებოდეს წუხილი. ამ დროს მოზარდები ძალიან მგრძნობიარენი არიან ოჯახის, მედიისა და სოციალური მოთხოვნების მიმართ. ამას კიდევ თავიანთი მოლოდინებიც ემატება, რასაც საბოლოოდ მიჰყავს მოზარდი ეჭვებამდე, შიშამდე და ღელვამდე.

- რა ძირითადი მიზეზებით შეიძლება გაუჩნდეს მოზარდს კომპლექსები?

- რეალურად ნებისმიერი მიზეზის გამო შეიძლება გაჩნდეს, თუმცა რომ დავკონკრეტდეთ, რამდენიმე თავისებურებას გამოვყოფდი. მოზარდობის პერიოდში ადამიანი მეტად არის საკუთარ თავზე ფოკუსირებული. ამის გამო შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ არის სცენაზე და უხილავი აუდიტორია მუდმივად აფასებს მის ქცევას. გარდა ამისა, მოზარდების აზროვნება ძირითადად აწმყოსა და უახლოეს მომავალზე არის ფოკუსირებული. ისინი თავიანთ ქცევას ხანმოკლე შედეგებით აფასებენ. ასევე ზეგავლენას ახდენს ოჯახში არსებული აღზრდის სტილიც. სახლში როგორი იყო და არის სითბოს და გარკვეული დაწესებული ლიმიტების განაწილება, როგორ ხდებოდა დამოუკიდებლობის და ბავშვის თვითრწმენის განაწილება, რა შედეგი მოჰყვებოდა ხოლმე კონკრეტულ ქცევას, რამდენად თანამიმდევრული იყო აღზრდა.

- ასეთ დროს მშობლის მკაცრი დამოკიდებულება რამდენად მიზანშეწონილია?

- როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოჯახში არსებული აღზრდის სტილი დიდ ზეგავლენას ახდენს ბავშვის და მოზარდის განვითარებაზე. ფსიქოლოგები გამოყოფენ აღზრდის რამდენიმე სტილს და კვლევების მიხედვით, ყველაზე ეფექტურად ითვლება ავტორიტეტული აღზრდა. რაც გულისხმობს წესების დაწესებასა და სითბოს გამოხატვას შორის გარკვეული ბალანსის დაცვას. მნიშვნელოვანია ბავშვი და მოზარდი გრძნობდეს, რომ ის უყვართ და მხარს უჭერენ, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, ჰქონდეს გარკვეული წესები, რასაც დაიცავს და ექნება მოქმედების გარკვეული ჩარჩო, რისი ერთობლიობაც შემდგომში უსაფრთხოების განცდას ამყარებს. ამ დროს ქცევის შედეგის წინასწარმეტყველება უფრო ადვილია, შფოთვაც ნაკლებია და სტაბილურობის განცდა და საკუთარი თავის მიღებაც მეტია.

- თინეიჯერულ ასაკში ხშირად ბავშვებს ეცვლებათ საკუთარ გარეგნობაზე წარმოდგენა, ყველაფერს მძაფრად აღიქვამენ, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ თავისთავად გაივლის კომპლექსებიც და რა როლი აქვს მშობელს? 

- მოაზრდობის გავლასთან ერთად, ის ნაკლებად ფოკუსირებული ხდება საკუთარ თავზე, იწყებს იმის გააზრებას, რომ მისი ქცევა და გარეგნობა გამადიდებელი შუშის ქვეშ აღარ არის, მეტად იწყებს საკუთარი თავის მიღებას. თუმცა ხანდახან გარეგნობასთან დაკავშირებული პრობლემა შეიძლება იმდენად მწვავე იყოს, რომ მოზარდს განუვითარდეს კვებითი აშლილობა (ბულიმია ან ანორექსია). ამისთვის მნიშვნელოვანია, მშობელმა დროულად შეამჩნიოს ეს და მიმართოს სპეციალისტს.

მშობლის როლი საკმაოდ დიდია ამ დროს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ბავშვი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის და სხვა საჭიროებები და მოთხოვნილებები აქვს, შეგვიძლია ჩავრთოთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ვეცადოთ შესაბამისი მხარდაჭერა მივცეთ მას. კვებითი აშლილობების გარდა, შეიძლება სხვა სირთულეებმაც იჩინოს თავი. ამიტომ, როცა მშობელი ხედავს, რომ მოზარდი თავს გრძნობს დათრგუნულად, გახდა აგრესიული, უჭირს საკუთარი ემოციების მართვა, ჩამოშორდა სამეგობრო წრეს ან აღარ აქვს სოციალიზაციის სურვილი და ეს რამდენიმე კვირის მანძილზე გრძელდება, სჯობს მიმართოს სპეციალისტს, რათა ერთად მოაგვარონ პრობლემა.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად