Baby Bag

ბავშვის იძულებით კოცნა და ჩახუტება დაუშვებელია, ეს მისი პირადი სივრცის ხელყოფაა

ბავშვის იძულებით კოცნა და ჩახუტება დაუშვებელია, ეს მისი პირადი სივრცის ხელყოფაა

უფროსების მეგობრულ შეკრებებსა და წვეულებებზე მყოფი ბავშვები უმეტესად საკუთარი სათამაშოებით ან გარემოზე დაკვირვებით ერთობიან. ამასთან, მათ მშობლებსა და მშობლების მეგობრებს სურთ, რომ პატარებს ყურადღება დაუთმონ, გაახალისონ, გააბედნიერონ. უფროსები გამომშვიდობებისას ბავშვების მოფერებას და ჩახუტებას ცდილობენ. ისინი პატარებს ეკითხებიან, შეიძლება თუ არა მათი ჩახუტება. ბავშვების პასუხი ყოველთვის ერთნაირი არ არის. ზოგჯერ ისინი ჩახუტების განწყობაზე არიან, უფროსებისკენ გარბიან და მთელი ძალით ეხუტებიან. რიგ შემთხვევებში ბავშვებს არ აქვთ სურვილი, რომ თავიანთი კეთილგანწყობა ფიზიკური ჟესტით გამოხატონ. ამ შემთხვევაში ისინი უფროსების ჩახუტებაზე უარს ამბობენ.

ბავშვები, რომლებსაც კომუნიკაცია არ უძნელდებათ, ყოველთვის ისე იქცევიან, თითქოს მათთვის უცხო და უცნობი არავინაა. ისინი სიხარულით ესალმებიან ქუჩაში შემხვედრ ადამიანებს, კომუნიკაბელურობას ავლენენ მაღაზიაში შესვლისას, სიამოვნებით ესაუბრებიან მეზობლებს, ჰყავთ ზრდასრული მეგობრები და მათთან ურთიერთობა ძალიან ახარებთ. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ისინი ყოველთვის არ იყვნენ ჩახუტებისა და მოფერების ხასიათზე.

საზაფხულო არდადეგების დროს ბავშვები მშობლებთან ერთად დროის უდიდეს ნაწილს ქალაქგარეთ ატარებენ. ისინი უამრავ უცნობ ადამიანს ხვდებიან, ურთიერთობენ ოჯახის ახლობლებთან და ნათესავებთან. მშობლები ცდილობენ, რომ შვილები ხალხმრავალი შეკრებებისა და უცხო ადამიანებთან ურთიერთობისთვის წინასწარ მოამზადონ. პატარებმა კომუნიკაციის ისეთი მეთოდები უნდა აითვისონ, რომელთა დახმარებით სოციუმში თავს კომფორტულად იგრძნობენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ დამოუკიდებელი ადამიანები არიან. ბავშვმა სიმპათიები და დადებითი გრძნობები თავისუფლად, ძალდატანების გარეშე უნდა გამოხატოს. მეზობლად მცხოვრები ბებოს კოცნა ბავშვისთვის ზიანის მომტანი ნამდვილად არ არის, მაგრამ პატარების დამოუკიდებლობა და მათი პირადი არჩევანი არ უნდა დაგვავიწყდეს. ბავშვისთვის ემოციების ფიზიკურ გამოხატვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

უფროსებს, რომლებიც ბავშვებს იძულებით კოცნიან ან ეხუტებიან, თავის გასამართლებლად მიზეზი ყოველთვის აქვთ. ბავშვის დეიდა იტყვის, რომ ის დის შვილს მომავალ ზაფხულამდე ვეღარ ნახავს, ამიტომ მას აუცილებლად უნდა აკოცოს, ბიძა კი აღნიშნავს, რომ თუ პატარას არ ჩაეხუტა, ისე ვერსად გაემგზავრება. უფროსების ძლიერი განცდები და ემოციები არ ამართლებს ბავშვის პირადი ნების უგულებელყოფას. მშობლები ცდილობენ, რომ ბავშვს წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი შესაძლებლობა წაართვან, რითაც მას დამოუკიდებლობას ართმევენ.

ბავშვს შესაძლებლობა მიეცით, თავად აირჩიოს, რა არის მისთვის მოსაწონი და მისაღები. ბავშვთან მისალმების ან გამომშვიდობებისას კოცნისა და ჩახუტების ნაცვლად ხელის ჩამორთმევა, ხელის დაქნევა ან უბრალოდ სიტყვიერი მისალმება-დამშვიდობებაც საკმარისია. მშობლებმა ბავშვებსაც უნდა ასწავლონ, რომ ნებართვის აღების გარეშე სხვა ადამიანის ჩახუტება მისი პირადი სივრცის უგულებელყოფაა.

ბავშვმა ფიზიკური ავტონომიის მოპოვება უნდა შეძლოს. მას ადრეული ასაკიდანვე უნდა ასწავლოთ, რომ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ არავის ჩაეხუტოს ან მოეფეროს. ამგვარად ზრდასრულ ასაკში ის ფიზიკური ან სექსუალური ძალადობისგან თავის დაცვას მარტივად შეძლებს.

ბავშვებმა, უფროსების მსგავსად, კარგი მანერები უნდა ისწავლონ. მათ უნდა იცოდნენ, რომ სტუმარი კარამდე მიაცილონ და ზრდილობიანად დაემშვიდობონ. სტუმრად ყოფნისას ბავშვმა მადლობა უნდა გადაუხადოს მასპინძელს ღირსეული დახვედრისთვის. მიუხედავად ამისა, ბავშვი ვალდებული არ არის ვინმეს იძულებით ჩაეხუტოს. თუ ის ჩახუტებაზე უარს ამბობს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უხეშად ან მიუღებლად იქცევა.

ბებიებსა და ბაბუებს, შესაძლოა, არ მოეწონოთ ბავშვის დამოუკიდებელი არჩევანი. ზრდასრულმა ადამიანებმა უარყოფის ატანა ღირსეულად უნდა შეძლონ. ჯოხის ბავშვზე გადატეხვას ღირსეულ საქციელს ნამდვილად ვერ დავარქმევდით. თუ მშობელი ბავშვის დამოუკიდებლობას ყველაფერზე მაღლა დააყენებს, სხვები მის არჩევანს აუცილებლად სცემენ პატივს.

მომზადებულია ​Parents.com -ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად