Baby Bag

ბავშვის თხოვნას დაუყოვნებლივ არასდროს უპასუხოთ, მან უნდა იგრძნოს, რომ თქვენ გადაწყვეტილებას ფიქრის შემდეგ იღებთ

ბავშვის თხოვნას დაუყოვნებლივ არასდროს უპასუხოთ, მან უნდა იგრძნოს, რომ თქვენ გადაწყვეტილებას ფიქრის შემდეგ იღებთ

ბავშვები მშობლებს თხოვნით ხშირად მიმართავენ. მათ ზოგჯერ სმარტფონში მულტფილმის ყურება უნდათ, ზოგჯერ კი ნამცხვრის დამოუკიდებლად გამოცხობა. ზოგიერთი თხოვნის შესრულება შედარებით მარტივია, მაგრამ როდესაც ბავშვი სამზარეულოში ფუსფუსს და ნამცხვრის გამოცხობას ითხოვს, მშობელი მის უსაფრთხოებაზე ზრუნვას იწყებს.

მშობლებმა ხშირად არ იციან, როგორ უპასუხონ ბავშვს, როდესაც ის მათგან რაღაცას ითხოვს. ბავშვის თხოვნაზე პასუხის გაცემამდე შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:

  • პასუხი თხოვნის ფორმაზე უნდა იყოს დამოკიდებული


​თუ თქვენი შვილი პატივისცემით და ზრდილობიანად მოგმართავთ, ის, პირველ რიგში, კარგი მანერების გამო უნდა შეაქოთ. ბავშვი იგრძნობს, რომ მის ზრდილობიან ქცევას მშობელი ყოველთვის ამჩნევს და აფასებს. თუ ბავშვი უხეშად მოგმართავთ, გიბრძანებთ ან გემუქრებათ, მას პირველ რიგში, საუბრის ტონის შეცვლა ურჩიეთ და მოუწოდეთ, რომ ზრდილობიანად მოგმართოთ.

  • ბავშვს ყურადღებით მოუსმინეთ


​ბავშვის თხოვნა ყურადრებით მოისმინეთ, მაშინაც კი, თუ მას თხოვნის შესრულებაზე უარს ეუბნებით. თქვენმა შვილმა უნდა იგრძნოს, რომ მისი საუბარი გაინტერესებთ, ამგვარად თქვენი პასუხი მისთვის უფრო მისაღები იქნება. აუცილებლად უთხარით ბავშვს, რომ მისი იდეა მოგწონთ და მისი გესმით.

  • შეჩერდით და დაფიქრდით


​ბავშვის თხოვნას დაუყოვნებლივ არასდროს უპასუხოთ. მან უნდა იგრძნოს, რომ თქვენ გადაწყვეტილებას ფიქრის შემდეგ იღებთ. პასუხი ხისტი არ უნდა იყოს. ბავშვს აუხსენით, რატომ ეუბნებით არას ან კის.

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ბავშვის თხოვნას უარით პასუხობთ?


​არას თქმა მშობლებს ძალიან უჭირთ, რადგან ისინი ყოველთვის შვილის გაბედნიერებაზე ოცნებობენ. ვიდრე ბავშვს უარს ეტყვით, შემდეგი მითითებები გაითვალისწინეთ:

  • თქვენი გადაწყვეტილება არგუმენტებით გაამყარეთ


​ბავშვს აუხსენით, რატომ ეუბნებით მას უარს თხოვნის შესრულებაზე. თუ მას არას მკაცრად ეტყვით, ის ვერ გაიგებს რა დგას თქვენი უარის მიღმა. თუ აუხსნით, რომ პარკში წასასვლელად დრო არ გაქვთ, რადგან სადილი უნდა მოამზადოთ, მისთვის თქვენი უარი გასაგები გახდება.

  • გადაწყვეტილება არასდროს შეცვალოთ


​თქვენს პასუხს თუ შეცვლით, ბავშვი მიხვდება, რომ თქვენი უარი საბოლოო არ არის. ის ჭირვეულობით ეცდება მიზნის მიღწევას, რაც მასთან ჯანსაღ ურთიერთობას ძალიან გაართულებს.

  • ბავშვს ალტერნატიული შეთავაზება გაუკეთეთ


​მაღაზიაში ტკბილეულის შეძენას თუ ვერ ახერხებთ, ბავშვს აუხსენით, რომ საკმარისი ფული არ გაქვთ, მაგრამ სახლში გემრიელ ორცხობილას გამოუცხობთ.

  • ბავშვი კარგი ქცევისთვის შეაქეთ


​ბავშვი თქვენს უარს ღირსეულად თუ მიიღებს, მისი ქცევა დადებითად შეაფასეთ. აუცილებლად უთხარით თქვენს შვილს, რომ მისი ემპათია ძალიან მოსაწონია და რომ მისმა პასუხმა გაგაბედნიერათ.

როგორ შევამციროთ არას თქმის საჭიროება?

​ბავშვისთვის უარის თქმა ხშირად რომ არ დაგჭირდეთ, მას გარკვეული შეზღუდვები წინასწარ დაუწესეთ.

  • ბავშვს ინფორმაცია წინასწარ მიაწოდეთ


​მაღაზიაში წასვლამდე ბავშვს აუხსენით, რომ ტკბილეულს სახლში მოსვლის შემდეგ მიიღებს და მისი შეძენა არ მოგთხოვოთ. ამგვარად, არას თქმის საჭიროებას მნიშვნელოვნად შეამცირებთ.

  • ბავშვს თხოვნა შეუსრულეთ, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ


​თუ ბავშვი სახლში მეგობრის მოყვანას გთხოვთ, მისი თხოვნა შეასრულეთ, თუ თქვენი შვილის მეგობრის მშობლები ამაზე თანახმა იქნებიან.

  • არას თქმის ნაცვლად ბავშვს დიპლომატიურად უპასუხეთ


​ბავშვი პარკში თუ ვერ მიგყავთ, აუხსენით, რომ ამას ხვალ აუცილებლად გააკეთებთ, მაგრამ დღეს ვერ მოახერხებთ.

​ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არას თქმა ხშირად რთული გამოწვევაა. ისინი თვითკონტროლს ჯერ კიდევ სწავლობენ. როდესაც მათ უარს ეუბნებით, პატარები ისტერიკას აწყობენ, რაც ამ ასაკში ნორმალური რეაქციაა.

სკოლის ასაკის ბავშვი ენობრივ უნარებს უკვე კარგად ფლობს, რის გამოც მასთან არგუმენტირებული საუბარი სავსებით შესაძლებელია. სკოლის ასაკის ბავშვი უარზე ისტერიკით არ გიპასუხებთ, ის საკუთარ ქცევებს უკეთ აკონტროლებს და თქვენი უარის მიზეზებიც ესმის.

მომზადებულია​ raisingchildren.net.au -ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შევაყვაროთ ბავშვს ბოსტნეული? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები მშობლებს

როგორ შევაყვაროთ ბავშვს ბოსტნეული? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები მშობლებს

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებისთვის ბოსტნეულის შეყვარების ხრიკებზე ისაუბრა:

„თუ ბავშვს რაღაც პროდუქტი უკვე არ უყვარს და ამას გამოხატავს, ძალიან რთულია ამაზე მუშაობა. შვენ შეგვიძლია ბავშვთან ერთად ავირჩიოთ პროდუქტები ვიზუალური კომპონენტის გათვალისწინებით. მაღაზიაში თვითონ მოჰკიდოს ხელი ბავშვმა, თვითონ აარჩიოს ფერი. დავიხმაროთ ბავშვი მის მომზადებასა და დამუშვებაში. ძალიან ეფექტიანია, როდესაც ბავშვი კერძის მომზადების პროცესში თვითონ არის ჩართული და მერე ვთხოვთ დაგემოვნებას, ან ვთხოვთ ჩვენთვის გააკეთოს ეს.“

მარი მალაზონიას თქმით, ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ, როდესაც საკვებს მეგობრებთან ერთად ამზადებენ და მიირთმევენ.

„ძალიან გვეხმარება მეგობრებთან ერთად კერძის მომზადება და დაგემოვნება. ბავშვებს ძალიან უყვართ, როდესაც მეგობრებთან საერთო ტრაპეზი აქვთ. არის კიდევ საშუალება, როგორ შეიძლება მშობლებმა პროდუქტი გამოიყენონ კომპოზიციის შესაქმნელად. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 90% ინფორმაციისა, რომელიც ჩვენში შემოდის, ვიზუალურია. ეს არ არის მარტივი სატყუარა, მაგრამ ძალიან გვეხმარება იმაში, რომ ბავშვთან ურთიერთობა ავაწყოთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად